პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთმა შეიტყუა აფახაზეთი და ოსეთი რაღაც ვითომ ლეგიტიმურ პროცესში!

პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთმა შეიტყუა აფახაზეთი და ოსეთი რაღაც ვითომ ლეგიტიმურ პროცესში!

როგორც  პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა,   რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიას შორის "განსხვავება არ არის, იმიტომ რომ ოკუპაცია ანექსიის ნაწილია".

"თიბილოვს, მე მგონი, მოსწონს, ქართული პრესის ასეთი ყურადღება მის მიმართ და იცის, რომ ყოველ დილით, მაგალითად, მერცხლებზე თუ ილაპარაკებს, ამაზე გავაკეთებთ კომენტარს. არასერიოზულია, როდესაც საქართველოში ოფიციალური პირები რეაგირებას ახდენენ არაოფიციალურ პირებზე, ეს, მე მგონი, არასწორია, მაგრამ თუ თქვენ თვლით, რომ სწორია, გავაკეთებ კომენტარს. რუსეთთან მიერთების საფრთხე სამხრეთ ოსეთის მიმართ არსებობს უკვე 2008 წლის აგვისტოდან, ანუ იმაზე მეტი მიერთება, რაც რუსეთმა უკვე განახორციელა 2008 წლის აგვისტოში, ვეღარ მოხდება. რამდენი წყალი შეიძლება ჩაასხა 3-ლიტრიან ქილაში? - მხოლოდ სამი ლიტრი, დანარჩენი გადმოიღვრება. ანუ რუსეთმა დიდი ხანია აითვისა, მიითვისა სამხრეთ ოსეთი, თვითონ მართავს სიტუაციას, რუსული რუბლი ტრიალებს იქ, რუსეთის საოკუპაციო ჯარები დგანან. არა არსებობს არანაირი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ-სამართლებრივი ქცევები, რომლებიც შეიძლება არ უკავშირდებოდეს საოკუპაციო ჯარებს, ანუ შეუძლებელია, ამაზე მეტად იყოს ათვისებული სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ. რასაც თქვენ გულისხმობთ, ეს არის უკვე ე.წ. ხელშეკრულება, მაგრამ როგორც კი ვიწყებთ მოსკოვსა და ცხინვალს შორის გარკვეულ შეთანხმებებზე საუბარს, ამით ამ დოკუმენტებისას ლეგიტიმაციას ვახდენთ. მაშინ კეთილი ვინებოთ და ვისაუბროთ ყველა იმ დოკუმენტზე, რომლებზეც სწორად არ ვსაუბრობდით იგივე სააკაშვილის დროს. 80-ზე მეტ დოკუმენტს აქვს ხელი მოწერილი, მათ შორის ცენტრალურია 2008 წლის სექტემბრის ხელშეკრულებები, საიდანაც გამოდის ყველა სხვა ხელშეკრულება. შესაბამისად, მე არ მაქვს უფლება და არ ვაპირებ, ჩავყვე ვინმეს დოკუმენტზე მსჯელობაში, ეს ნიშნავს, რომ ამ დოკუმენტის ლეგიტიმაციას ვახდენთ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ჩვენ უნდა ამოვიდეთ იქიდან, რომ რუსეთი ახდენს თავისი პოლიტიკის რეალიზებას საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევით და ყოველდღიურად ცდილობს, მეტად მიითვისოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები.

მისივე თქმით, აფხაზების და ოსების გადარჩენა არის საქართველოს მიერ მათი დოკუმენტების, ქმედებების არაღიარებაში.

"რუსეთმა შეიტყუა აფახაზეთი და ოსეთი რაღაც ვითომ ლეგიტიმურ პროცესში. მათი გაგებით, ლეგიტიმური თამაშის სტილში მოაწერინა ხელი დოკუმენტებზე და შემდეგ დღეს აწერინებს ხელს იმ დოკუმენტებზე, რომლებიც მათ სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, შულერი რომ თამაშობს ქუჩაში კარტს, შეიტყუებს ვიღაც არიფს, ერთ-ორს მოაგებინებს, მიაღებინებს თამაშის წესებს და შემდეგ წააგებინებს, ანუ ის ხმას ვერ ამოიღებს, რატომ წააგო ფული. რუსეთიც ასე ვითომ ლეგიტიმური თამაშებით აცლის მათ ლეგიტიმაციას. ჩვენი ამოცანაა, არ ჩავყვეთ რუსეთს ამ თამაშებში და თქვენც, პრესასაც მოგიწოდებთ, ასე მოიქცეთ", - განუცხადა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: