რუსთავის მერიის წარმომადგენლებს უთქვამთ-ჩვენ სახსრები არ გვაქვს და იქნებ "ნანუკას შოუს" ან "პროფილს" მიმართოთო

რუსთავის მერიის წარმომადგენლებს უთქვამთ-ჩვენ სახსრები არ გვაქვს და იქნებ "ნანუკას შოუს" ან "პროფილს" მიმართოთო

   "ივერიონზე" გამოქვეყნებულ სტატიას "ამაღამ კიდევ ერთი ოჯახის ცხოვრება დაიმსხვრა" საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენ ვწერდით, რომ აუცილებლად ჩავიდოდით რუსთავში და ადგილზე გავეცნობოდით მდგომარეობას.

   ამ საღამოს ლალის და ელიზბარის ოჯახში მისულებს იმაზე მძიმე მდგომარეობა დაგვხვდა, ვიდრე წარმოგვედგინა. ლალი ბარათაშვილს თანდაყოლილი ცერემბრალური დამბლა აქვს, დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს, მხოლოდ კედელ-კედელ დადის და ისე უვლის ბავშვს. პატარა გაბრიელსაც თანდაყოლილი გულის მანკი ჰქონია, საზოგადოების დახმარებით პატარას 4 ოპერაცია გაუკეთდა, მაგრამ არასათანადო კვებისა და პირობების გამო ახლა წონაში ვერ იმატებს. ბებიამ ტირილით გვითხრა-"ხალხმა სიცოცხლე აჩუქა და ვერ ვუნარჩუნებთო". ძეგვის ბავშვთა სახლში გაზრდილ ელიზბარსაც ჯანმრთელობა შერყეული აქვს. არც პოლისი აქვთ, არც სოციალური დახმარება და მხოლოდ ელიზბარის მიზერული ხელფასის იმედზე არიან.

   ოჯახმა ბინა დაცალა, ერთი ღამე ლალის დეიდასთან გაათიეს, ხვალ დილით კი ბებიასთან მიდის ლალი ხაშურში და ბავშვიც მიჰყავს, წუხს-მეუღლე აქ რჩება, სოფელში რომ წამოვიდეს წამლის ფულიც აღარ გვექნებაო, განიცდის მეუღლის დატოვებას. ფიქრობს იმაზეც, თუ როგორ იცხოვრებს სოფელში, სადაც ბაბუაც ლოგინსაა მიჯაჭვული და მოხუცი ბებია უვლის, ბებო ვერ შეძლებს ბაბუასაც მიხედოს, ჩემს გაბრიელსაც და მეცო. 

   ლალიმ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, ოჯახიც შექმნა, შვილიც გააჩინა და ყველაფერს აკეთებს ბავშვის კარგად ყოფნისთვის, ელიზბარმაც ყველას დაანახა, რომ ბავშვთა სახლის კედლების დატოვების შემდეგ ცხოვრების გაგრძელება შესაძლებელია, მხოლოდ მონდომება, დაუღალავი შრომა და ოჯახის სიყვარულია საჭირო. ამაღამ კი მათ ხმაში ბზარი შეიპარა, თვალებში ცრემლი, სახეზე კი სევდა გაჩნდა...

   ლალის იმედი გადაეწურა, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც სჯერა, რომ სასწაული მოხდება და როგორც ადრე, ისე დაეხმარებიან კეთილი ადამიანები. ხო, ხალხის იმედი აქვს, რადგან რუსთავის მერიის წარმომადგენლებს უთქვამთ-ჩვენ სახსრები არ გვაქვს და იქნებ "ნანუკას შოუს" ან "პროფილს" მიმართოთო.

დღეს ყველას გვიჭირს, მაგრამ სწორედ გაჭირვებაში უნდა დავდგეთ ერთად, სწორედ ერთად დგომით და მოყვასის სიყვარულით შევძლებთ დავამარცხოთ ბნელი და გავიდეთ ნათელში. მეც მჯერა, რომ კეთილი ადამიანების დახმარებით ერთად შევძლებთ ამ ოჯახს სიხარული ვაჩუქოთ, გაბრიელს კი მშვიდი ცხოვრება და მომავალი.

 

   ჩვენ მივმართავთ რუსთავის მერიას, გამგეობას, საკრებულოს და მაჟორიტარ დეპუტატს და ლალის თხოვნას გადავცემთ-თუ ვერაფრით დაეხმარებიან, იქნებ გამოინახოს საშუალება და ეს ოჯახი ქირით გაიყვანონ, ან სადმე ერთი ოთახი მისცენ, რომ პატარა გაბრიელს დედაც გვერდით ჰყავდეს და მამაც, რომ მეუღლისგან შორს ლალი არ დაითრგუნოს და კიდევ უფრო არ დაუმძიმდეს ცხოვრება, ის ხომ ქუჩაში სწორედ მეუღლის დახმარებით გადაადგილდება და ბავშვის მოვლაშიც მეუღლე ეხმარება.

   ივერიონი მიმართავს დახმარების მსურველ ყველა ადამიანს-გავერთიანდეთ! მე ჯერ კიდევ მჯერა, რომ ოცნებები ხდება! აი, ამ იმედით დავემშვიდობეთ მათ და შევეცადეთ პატარა იმედი მიგვეცა-ყველაფერი კარგად იქნება!

ქეთი მიქაძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: