დიმიტრი ლორთქიფანიძე: დავით უსუფაშვილისგან მოვითხოვთ, გაგვცეს პასუხი, რატომ ფერხდება საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა!

დიმიტრი ლორთქიფანიძე: დავით უსუფაშვილისგან მოვითხოვთ, გაგვცეს პასუხი, რატომ ფერხდება  საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა!

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერებმა გიორგი კობახიძემ და დიმიტრი ლორთქიფანიძემ პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარი უფლება-მოვალეობებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს
 
როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძემ ბრიფინგზე განაცხადა, 2 თვის წინ ნინო ბურჯანაძის ხელმოწერით გაიგზავნა ოფიციალური წერილი ბატონი უსუფაშვილის სახელზე, რომლითაც მის მიერვე ხელმოწერილი დადგენილების შესაბამისად, "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" როგორც კვალიფიციური სუბიექტი მოითხოვდა საუთარი წარმომადგენლის დანიშვნას სახელმწიფო საკონსტიტურიო კომისიაში დიმიტრი ლორთქიფანიძის სახით.

"ჩვენ ხელთ გვაქვს 8 ოქტომბრით დათარიღებული წერილი, რომელიც "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან" გაიგზავნა საქართველოს პარლამენტში დავით უსუფაშვილის სახელზე და მიუხედავად იმისა, რომ 2 თვეა გასული, იმდენად არაორგანიზებული და უნიათოა დღევანდელი ხელისუფლება, რომ ყველა ადმინისტრაციული ვადა დარღვეულია, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია.
დაბეჯითებით მოვითხოვთ ბატონი უსუფაშვილისგან, გაგვცეს პასუხი თუ რატომ ფერხდება პირველ რიგში ამ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა და ამავე დროს რატომ ჭიანურდება კვალიფიციური სუბიექტების წარდგენის პროცედურა, კერძოდ ჩემი, დიმიტრი ლორთქიფანიძის გაწევრიანება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენლად" - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

გიორგი კობახიძის განცხადებით, დღეს მოქმედი ხელისუფლება თავად აღიარებს, რომ კონსტიტუცია, რომელიც 2010 წელს იქნა მიღებული, მოითხოვს ძირეულ გადასინჯვას. როგორც იქნა, ეს კომისია შედგა, მაგრამ სრულიად უშედეგოდ, რადგან პრაქტიკულად კომისია არ მუშაობს.

"ამის მიზეზი უპირველეს ყოვლისა არის "ქართული ოცნების" შემადგენლობის დაბალი პროფესიონალიზმი, რომელიც მოუმზადებელი შეხვდა ხელისუფლებაში მოსვლას, მეორე -პასუხისმგებლობის დეფიციტი და მესამე - პოლიტიკური ნების არქონა, რადგან აშკარაა, რომ "ქართულ ოცნებას" სურს სააკაშვილის კონსტიტუციის თავის თავზე მორგება. ყველაფერს ამას აგვირგვინებს ის, რომ მას შემდეგ რაც ამოქმედდა "სამი მეოთხედის" ქვორუმი, ესეც კომფორტულად მოირგეს რადგან წინასწარ იციან, რომ კონსტიტუციაში ვერ გავა ის დებულებები, რომელიც არ აწყობს ერთის მხრივ "ქართულ ოცნებას" და მეორეს მხრივ "ნაციონალურ მოძრაობას". ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ენიჭება საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს."- განაცხადა გიორგი კობახიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: