ელისო ჩაფიძე კულტურის სამინისტროსგან განმარტებას ელის

ელისო ჩაფიძე კულტურის სამინისტროსგან განმარტებას ელის

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ელისო ჩაფიძე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ "კვირას" პრესკლუბში საყდრისის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, კულტურის სამინისტრომ უნდა აუხსნას საზოგადოებას მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
ელისო ჩაფიძის თქმით, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი საყდრისის საკითხით დაინტერესდება და მომხდარის შესახებ ორივე მხარის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებს.
" მინდა აღშფოთება და მწუხარება გამოვთქვა იმის გამო, რაც მოხდა. ასე დაუყოვნებლივ კულტურის მინისტრის გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა, მაშინ, როდესაც ამ საკითხზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, მინიმუმ ეს გახლავთ კომპანიის მხრიდან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა. ვფიქრობ, რომ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი უნდა დაინტერესდეს აღნიშნული თემით და უახლოესი კომიტეტის სხდომაზე მოიწვიოს ორივე მხარე, რათა გავერკვეთ რეალურად რასთან გვაქვს საქმე. უკვე მომხდარის გამოსწორება ძალიან ძნელია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ შესაბამისმა პირებმა აიღონ პასუხისმგებლობა. კულტურის სამინისტრომ უფრო ნათლად უნდა განუმარტოს საზოგადოებას, რატომ იყო მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ შენარჩუნებულიყი ბორცვის კულტურულ- ისტორიული სტატუსი და მისი დაცვა ყოფილიყო შესაძლებელი. ეს არ გაკეთდა. ჩვენ არ გვაქვს კომპანიაზე ზემოქმედების საშუალება, მაგრამ გვაქვს მთავრობაზე ზემოქმედების მექანიზმი, რომ დავიბაროთ კულტურის მინისტრი და დავუსვათ მას კითხვები ამ საკითხზე",- განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: