მაია ფანჯიკიძე: მოვუწოდებ ხელისუფლებას, საყდრისთან დაკავშირებით საზოგადოების შეკითხვებს გასცეს პასუხი!

მაია ფანჯიკიძე: მოვუწოდებ ხელისუფლებას, საყდრისთან  დაკავშირებით საზოგადოების შეკითხვებს გასცეს პასუხი!

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით ხელისუფლებას, საზოგადოების შეკითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს.


ფანჯიკიძის თქმით, საყდრისზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდნარეობდა მსჯელობა.


"მაშინ კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი იყო, რომელთანაც მე ამ თემებზე და სხვა თემებთან დაკავშირებითაც მქონდა ძალიან ინტენსიური და ახლო ურთიერთობა. ჩემთვის ასევე ცნობილი იყო გერმანული მხარის პოზიცია, რომელმაც ძალიან სერიოზული თანხები დახარჯა იმისთვის, რომ იქ ექსპედიცია ყოფილიყო, იქ კვლევა ჩატარებულიყო. გერმანელი მეცნიერები ქართველ მეცნიერებთან ერთად მიიჩნევდნენ, რომ ეს არის უძველესი კულტურის ძეგლი და იგი არ არის მხოლოდ საქართველოს საკუთრება, არამედ არის მსოფლიო ცივლიზაციის საკუთრება. მე მაშინ ვცდილობდი გამემაგრებინა კულტურის სამინისტროს პოზიცია და რამდენჯერმე მოვახერხე, რომ მარინა მიზანდარს ჰქონოდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. სამწუხაროდ, ამ მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო. ვფიქრობ, მაშინდელი მინისტრის გურამ ოდიშარიას გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ჩამოშორებოდა ამ საქმეს, იმით იყო გამოწვეული, რომ არ უნდოდა იმ ბარბაროსული აქტის მონაწილე ყოფილიყო, რომლის მომსწრეც დღეს გავხდით", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, საყდრისთან დაკავშირებით ხელისუფლებამ უპასუხსიმგებლო გადაწყვეტილება მიიღო.
"ახლა, ალბათ გვიან არის საყდრისის გადარჩენაზე საუბარი. ჩვენ ამ ფაქტს ვუწოდეთ ბარბაროსული ფაქტი. ეს არ არის კულტურის ამ ერთი ძეგლისკენ მიმართული, ეს არის საზოგადოების უპატივცემლობა, საზოგადოებრივი აზრის უგულებელყოფა. ეს არის ისეთი რამ, რაც არ უნდა ეპატიოს ხელისუფლებას. კიდევ ერთი, რაც ჩემს აღშფოთებას იწვევს არის ის, რომ ამასთან დაკავშირებით ოფიციალური პოზიცია არ მომისმენია. ჩვენ, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ასეთი ფაქტების მომსწრე ვართ, როდესაც რაღაც ისეთი ხდება, რაც საზოგადოებას აღელვებს, ამ დარგის პასუხისმგებელი პირი ემალება მედიას და არ პასუხობს შეკითხვებს. ამიტომაც მოუწოდებ ხელისუფლებას, გასცეს პასუხი საზოგადოების შეკითხვებს", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე შეფასებით, პატრიარქის გუშინდელი განცხადება საყდრისთან დაკავშირებით, იყო ძალიან მწვავე.
"ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და პასუხი უნდა გასცეს საზოგადოების შეკითხვებს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: