სოზარ სუბარმა ანგარიში წარადგინა

სოზარ სუბარმა ანგარიში წარადგინა

   დევნილთა და განსახლების სამინისტროს ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაცია

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  მინისტრმა სოზარ სუბარმა, პროექტის "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის"  ფარგლებში, საზოგადოებას სამინისტროს ორი წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

პრეზენტაციას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები,  საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის,  საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

2012 წლიდან რადიკალურად შეიცვალა მიდგომები და დევნილების პრობლემატიკა  ხელისუფლების ერთ-ერთ  პრიორიტეტად იქცა. პირველ რიგში, გაუმჯობესდა დევნილებისათვის სამინისტროს  სერვისებზე წვდომა. ამ მიზნით, შეიქმნა ახალი მისაღები ცენტრი, რომელიც  დევნილებს  ხარისხიანი მომსახურება "ერთი ფანჯრის პრინციპით"   სთავაზობს.

 

სახელმწიფომ საკანონმდებლო დონეზე აიღო ვალდებულება დევნილების არა დროებითი თავშესაფრით, არამედ  საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, რითაც შექმნა ხელსაყრელი გარემო დანარჩენ საზოგადოებასთან მათი სრული ინტეგრაციისათვის. 

 

სამინისტროში შემოშავდა საკანონმდებლო ბაზა, რითაც დევნილთა უფლებების დაცვა საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდა. სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება გახდა სამართლიანი და კანონის ჩარჩოში მოექცა. კერძოდ, შემუშავდა ნორმატიული აქტი "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი" (კრიტერიუმები), რომელიც ბინების განაწილების რიგითობის განსაზღვრავს

   

კრიტერიუმების გათვალისწინებით, 2 წლის განმავლობაში 5 600-მდე დევნილმა ოჯახმა  მიიღო ბინა  საკუთრებაში.  ეს პროცესი დღესაც აქტიურად მიმდინარეობს  ვაზიანში, კასპში, გორში, ხაშურში, ახალციხეში, ზუგდიდსა და ქუთაისში, სადაც მალე 1030 დევნილი ოჯახი საკუთრებაში მიიღებს ბინას.  აღსანიშნავია გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KFჭ) მიერ დაფინანსებული 10 ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობა ზუგდიდში, სადაც მალე 320 დევნილი ოჯახს გადაეცემა ბინას. 

 

გასული ორი წლის განმავლობაში  საცხოვრებელი ფართი 3757 დევნილ ოჯახს დაუკანონდა. პროცესის დაჩქარების მიზნით, მთავრობის განკარგულებით გააქტიურდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც საცხოვრებელი ფართი 10 000 - მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება. აღნიშნული პროექტი პირველი ნოემბრიდან დაიწყო და 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

გრძელვადიანი განსახლების პროექტის ფარგლებში, ჩინურ სააქციო საზოგადოება "ჰუალინგ ჯგუფთან" გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე,  სამინისტრომ 5 მრავალსართულიანი კორპუსი გამოისყიდა, სადაც ბინას 298 დევნილი ოჯახი მიიღებს. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებით 250 ბინის შესყიდვაზე.

2014 წელს დაიწყო ქართველი მენაშენეებისაგან ბინების გამოსყიდვის პროექტი. პროგრამა ორ ნაწილიანია, პირველი ეტაპი გულისხმობს მოქმედი მენაშენეებისგან ბინების გამოსყიდვას.  მეორე ეტაპზე კი - შეჩერებული მშენებლობებიდან იმ ობიექტების  ამორჩევას, რომელთა მშენებლობის გაგრძელებაც შესაძლებელია.  საუბარია დევნილთათვის მინიმუმ 550 ბინის შესყიდვაზე. 

სამინისტროში  ასევე ხორციელდება   პროექტი ,,სოფლად სახლი".   პროექტის ფარგლებში,  დევნილი ოჯახი თავადაა ჩართული სახლის მოძიების პროცესში, რომელსაც სამინისტრო  მათთვის,  კრიტერიუმების შესაბამისად,   შეიძენს.  რაც მთავარია,  კრიტერიუმები ჩამოყალიბდა  ახალი რედაქციით და თანხის  რაოდენობა  ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრა. ამ ეტაპზე,  სამინისტრომ  "სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში 364 სახლი შეისყიდა.

სამინისტროს  2015 წლის ბიუჯეტი თითქმის  გასამმაგდა და 25  მილიონიდან 70 მილიონი ლარი გახდა. გაიზარდა დევნილის შემწეობა 28 -დან 45 ლარამდე,  მიუხედავად ამ ყველაფრისა, დევნილები  საზოგადოების ყველაზე მოწყვლად  ფენად რჩებიან. ამიტომ სამინისტრო დიდ  ყურადღებას  უთმობს  სოციალური პაკეტების  განხორციელებას. ორი წლის განმავლობაში ერთჯერადი ფულადი დახმარების, ქირის, ელექტროენერგიისა და გაზის ვაუჩერის, გამოზამთრების პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის და სხვა საჭიროებებზე ჯამში 15 მილიონ ლარამდე  გაიხარჯა.

დევნილთა სამინისტრო  ცვლის მიდგომებს  დევნილთა  სოციალურ- ეკონომიკური  პრობლემებისადმი. დევნილთა გრძელვადიანი განსახლება  ისევ რჩება  მთავარ  პრიორიტეტედ, მაგრამ ნელ-ნელა, სულ უფრო  მეტი აქცენტი გაკეთდება  დევნილთა  შრომითი მოწყობის,  პროფესიული გადამზადებისა  თუ  ბიზნეს -პროექტების  რელიზებაზე.  ამ მიზნით,    სამინისტროში შეიქმნა  საჯარო სამართლის  იურიდიული პირი- დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის  სააგენტო.

რაც შეეხება სამინისტროს მუშაობის სამომავლო გეგმებს, იწყება მასშტაბური პროექტები: ქუთაისში 2 000 ოჯახზე აშენდება 25 თექვსმეტსართულიანი, ხოლო  ზუგდიდში 2460 ოჯახზე გათვლილი 34 თორმეტსართულიანი კორპუსი. წყალტუბოში და გორში, ამ ეტაპზე, საპროექტო სამუშაოები  მიმდინარეობს. 

 

სამინისტრომ ასევე შეცვალა მიდგომა სტიქიით დაზარალებული ოჯახების განსახლების მიმართულებით.  2010 წლის შემდეგ სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად სახელმწიფო ასიგნებების ფარგლებში არ ყოფილა გამოყოფილი არცერთი თეთრი, 2013-2014 წლებში აღნიშნული მიმართულებით გაიხარჯა 1 320 000 ლარი,  სულ ამ წლებში უსაფრთხო ადგილას ალტერნატიული საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილდა 66 ოჯახი.

სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს თავად მიეცათ უფლება 20 000 ლარის ფარგლებში, მოიძიონ საცხოვრებელი სახლი მათთვის ხელსაყრელ ადგილას, რომელსაც სამინისტრო გამოისყიდის და ეკომიგრანტ ოჯახს საკუთრებაში გადასცემს. 2015 წელს, სტიქიით დაზარალებული ოჯახების განსახლების მიზნით იგეგემება 1 800 000 ლარის გამოყოფა, რომლის ფარგლებშიც დამატებით 100-მდე ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი საცხოვრებელი სახლით. შDჩ-ის დაფინანსებით მოხდება დამატებით 30-მდე სახლის შესყიდვა.

 

 

სამინისტრო ერთადერთი სტრუქტურაა, რომელიც უცხოელებისთვის საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს. 2014 წელს თავშესაფრის თხოვნით ქართულ მხარეს 1617 პირმა მომართა. მათგან  თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი მიენიჭა 57 -ს, უარი ეთქვა 220 პირს. ამჟამად განხილვაშია 1246 პირის საქმე, რომელთაგან უმეტესობას შეადგენენ ერაყის რესპუბლიკის მოქალაქეები (779 პირი). ასევე აღსანიშნავია უკრაინიდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა, ბოლო დროს იქ განვითარებული მოვლენების გამო, რომელთა რიცხვი ამ ეტაპზე შეადგენს 295-ს.   

2010 წლიდან ფუნქციონირებს მარტყოფის თავშესაფრის მიღებისა და განთავსების ცენტრი , რომელიც გათვლილია 60 ადამიანზე.  მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროექტის ეგიდით, დაიწყო მეორე კორპუსის მშენებლობა, დამატებით თავშესაფრის 47  მაძიებელზე. 

2014 წელს სამინისტროში თავშესაფრის  ახალი მიმღები ცენტრი გაიხსნა, რომელიც აღჭურვილია საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად.  

2014 წელს საქართველოს მთავრობამ მუსლიმი მესხების რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია დაამტკიცა. აღნიშნული სტრატეგიის შექმნა ეს არის ქართული მხარის კეთილი ნება და არა 1999 წელს ევროსაბჭოში გაწევრიანებისას აღებული  ვალდებულება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის შემუშავება.

როგორც სტრატეგიაშია ნათქვამი, რეპატრიანტთა ღირსეული დაბრუნება გულისხმობს რეპატრიანტების მაქსიმალურ ინფორმირებულობას და მათ ახალ სამართლებრივ გარემოში ადაპტირებას. ამ მიზნით განსაზღვრულია რეპატრიანტთა საჭიროებების შესწავლა, რეგიონებში არსებული რესურსების იდენტიფიცირება, რეპატრიანტთა ინფორმირებულობა, აუცილებელი სამართლებრივი თუ საყოფაცხოვრებო საკითხების შესახებ, ინფორმაციის მათთვის გასაგებ ენაზე მიწოდება.  სრულფასოვანი სამოქალაქო ინტეგრაციისთვის აუცილებელია, რეპატრიანტთა მიერ სახელმწიფო ენის ცოდნა, შესაბამისად, მთავრობა გეგმავს მათთვის ქართული ენის შემსწავლელი პროგრამების ორგანიზებასა და სახელმწიფოში არსებული ყველა საგანმანათლებლო რესურსის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და  ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. 

საქართველომ, სახელმწიფო უწყებების და მათ შორის  სამინისტროს ეფექტური მუშაობის შედეგად,  წარმატებით დაასრულა ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა და დაიწყო მუშაობა მეორე ფაზით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად. 

ჩვენს ქვეყანას ნაკისრი აქვს კონკრეტული ვალდებულებები მიგრაციული პროცესების მართვის კუთხით, რომელთა შესრულებაც საკვანძო საკითხს წარმოადგენს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. 

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაცია მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.  ევროკავშირსა და  მიგრაციის  საერთაშორისო  ორგანიზაციისთან  თანამშრომლობით სამინისტროს  ამ  მიმართულებით უკვე აქვს  ხელშესახები  შედეგები.  სათანადო დახმარება სამშობლოში დაბრუნებულ ასობით ჩვენს თანამემამულეს  გაეწია, რისთვისაც გაიხსნა მობილურობის 4 ცენტრი თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა  და თელავში.   

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებთანაც სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს. 

წითელი ჯვრის ეგიდით, 2014 წელს მოხდა ბაბუშერას სამარხის გახსნა და 30 ნეშტის თბილისში ჩამოსვენება. 4 ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია, სამინისტრო 12 ნეშტის 

იდენტიფიცირების შესახებ ინფორმაციას უახლოეს დღეებში ელოდება.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: