დათო ოქიტაშვილი:-"ქართულ სინამდვილეში, სახეცვლილი ჭირის მიკრობივით სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა ყვარყვარიზმიც"

დათო ოქიტაშვილი:-"ქართულ სინამდვილეში, სახეცვლილი ჭირის მიკრობივით სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა ყვარყვარიზმიც"

   საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი მიმართვას ავრცელებს.

   "ივერიონი" მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

 

 - "დამდეგი 2015 წელიც იმ "საინტერესო დროთა" ჩამონათვალში ხვდება, რომელიც "გარდამავალ ფაზად" მოიაზრება. სსრკ-ის დანგრევისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, აგერ უკვე 25 წელი გავიდა და მაინც ვერა და ვერ გავცდით ამ პრობლემებით დახუნძლულ ე.წ. "ფაზებს". ცვლილებების ხანა ძალიან გაჭიანურდა. გაგვიჭირდა "ეგვიპტიდან გამოსულებს" "უდაბნოს" გავლა მთელ მსოფლიოში ნაწვიმარზე სოკოებივით მომრავლებული საფრთხეების ფონზე, ქვეყნის უსაფრთხოება ძნელი შესანარჩუნებელი ყოფილა. ბოლო პერიოდის მოვლენებმაც ცხადყო, რომ ქართულმა მენტალიტეტმა რეალობის მიერ მოწყობილ უშეღავათო შემოწმებას ვერ გაუძლო. იმატა სკანდალურ-კატასტროფულმა მოვლენებმა. ზოგი წკიპურტმა წააქცია, ზოგმა ზარბაზანსაც გაუძლო. ზოგადად, ადამიანობის კრიზისი პრობლემას უქმნის დემოკრატიას. წინა ხელისუფლების პირობებში თავწახრილმა მორჩილებამ, სულმოკლე კონფორმიზმმა არ ივარგა. როგორც იქნა მგელთა გათარეშების მდუმარე მოწმეებმაც კი ხმა აიმაღლეს.

 სამწუხაროდ, მხოლოდ მაშინ, როცა ძალადობა აღზევდა და თავის აპოგეას მიაღწია. შიშითა და ზაფრით "ჩაკლული სულის" მქონე ადამიანებს, მგონი, ისიც კი ეგონათ, რომ ღმერთიც კი არ ერეოდა პოლიტიკაში, აწ უკვე ავადმოსაგონარ მთავრობას კი სჯეროდა, რომ მზის ამოსვლასავით მუდმივი იქნებოდა მათი ბატონობა. აღმოჩნდა, რომ ბედისწერას მათგან განსხვავებული გეგმები ჰქონია. ასეა ხოლმე, როცა მთავრობა საკუთარ ამბიციებს შეწირული ხალხის ნდობასა და სიყვარულს კარგავს, როცა დგება ჟამი "საწყაულის მოწყვისა" მაშინ ფხიზლდება, მაშინ ხვდება თავის დანაშაულს, მაგრამ რაღა დროს. ზოგს გული ეტკინა, ზოგს ფული, ზოგსა - ამბიცია... ზოგსაც ყალბი ღიმილი შეალპა სახეზე, ზოგიც "ბოლშევიკობამდე ბოლშევიკივით" იხტიბარს არ იტეხს და სიონელი ბრძენკაცივით დღემდე გვმოძღვრავს. არიან ისეთებიც, "უარყოფილი ბავშვის" სისატიკით რომ ცდილობენ, ნებისმიერ ფასად გაიხანგრძლივონ ის, რაც, ჩემს თვალში, ძალიან ჰგავს გაჭიანურებულ აგონიას. სამწუხაროდ, ამას ხელს უწყობს ის გამყიდველი ურთიერთობებიც, რომლებიც დროდადრო მყარდება ე.წ. ძველებსა და ახლებს შორის, როცა მათი ფინანსური ინტერესები იკვეთება. ეს ე.წ. კოჰაბიტაციაც "ნორმალურ პათოლოგიად" იქცა. არადა, მათ ხომ უმრავლესი ჩვენგანის იღბალი მართებთ.

 

   ქართულ სინამდვილეში, სახეცვლილი ჭირის მიკრობივით სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა ყვარყვარიზმიც. სწორედ "საინტერესო დროში" ხდება ხოლმე მისი აყვავება და გაფურჩქვნა, ფართო ასპარეზი ეძლევა შეგონებას: "კაცს კბილი უნდა მოუსინჯო, თუ ერყევა, მოთხარე და თუ მაგრადაა, გაქცევა მოასწარი". მართლაც, ბევრმა მოასწრო გაქცევა ერთი იმედით: "კვლავ ავცოცდები!" ეს მუქარა დღესაც ავისმომასწავებლად ისმის და ასე მგონია, მისი აღსრულება ჩვენი და ჩვენი მთავრობის სინდისზეა დამოკიდებული. მძლავრი დიქტატორი, ტირანი მარტო თემურლენგი, კალიგულა, ჰიტლერი ან ლენინი და სხვა რომ ყოფილიყო, მათი მოსპობის შემდეგ ხომ ამოისუნთქავდა კაცობრიობა, მაგრამ, მგონი, მძლავრისა და მძლავრობის მოსპობა შეუძლებელია, ისევე, როგორც ადამიანთა მანკიერებისა. ეტყობა, მძლავრი ყველა ადამიანში ზის, მეტ-ნაკლები დოზით და თუ შეექმნა შესაფერისი პირობები, აღზევდება ისე, რომ დასჯამდე ვერც კი მიხვდება, თუ რა დააშავა. არ შეუძლიათ ადამიანებს, იყვნენ "წყნარნიც და ცნობილნიც". დროც ხანდახან გარეწრებზე მუშაობს. ჩნდებიან მედროვენი და თითოეული მათგანი პოტენციური მძლავრია - ტირანიისკენ მიდრეკილი. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ როცა კანონი ემორჩილება ნებას, როცა გათავხედებული უმეცრება დათარეშობს, როცა მავანი გამარჯვებულის პოზას იფერებს - დგება ჟამი საბედისწერო შეცდომებისა. სამიოდ წლის წინ, როგორც იქნა გავიტანეთ "დემოკრატიული ლელო", გადავაგდეთ ის, ვინც გადასაგდები იყო. საქართველოში შემოიჭრა "განახლების სიო"... გაჩნდა იმედი, მოლოდინი... ახლად გალეგიმიტირებულ ხელისუფალთაგან ზოგმა: "არ დაკარგა" ძველი, ნაცადი გზა და მგელივით კვლავ "შემოხაზა თავისი ტერიტორია", თუმცა ნაკლები გაბედულობით, ნაკლები თავხედობით.

 

   ამბობენ, "მადა ჭამაში მოდისო". ფრთხილად, ბატონებო! თუ გაგვისხლტა ხელიდან ის უმთავრესი ღირებულებები, რომლებმაც ხალხის ნდობა მოგვაპოვებინა, მაშინ ჩვენი ფრენაც დაემსგავსება "ფრენას გალიაში". არ ვათქმევინოთ ხალხს -"როგორიც ბიძებიო, ისეთი ბიჭებიო". ან იმ ერთ კაცს რაღას ვერჩით, რომლის სახელთანაც გაიგივდა დღევანდელი მონაპოვარი. იქნებ მას კეთილი სახელი ჩვენს თავს ურჩევნია? საქართველოს შემდგომი არსებობა ბევრად იქნება დამოკიდებული, თუ როდის და როგორ დავასრულებთ "საინტერესო დროის" ფაზებს - სადღეისოდ? სახვალიოდ? თუ სხვა, უცხო ვინმე დაგვასრულებინებს ისე, როგორც თავად სურს? ჩვენს კრიზისულ სინამდვილეშიც კი, როცა პრობლემები თავზესაყრელად გვაქვს, როცა "გისოსებს მიღმა" - აფხაზეთი და სამაჩაბლოა, ჩვენი უმთავრესი ტკივილი და საზრუნავი, მაინც უნდა ვეცადოთ, შევქმნათ შედარებით მშვიდი ვითარება, აღვადგინოთ ცხოვრების ნორმალური რიტმი - საქმიანი, სამართლიანი ურთიერთობებით. ქართული სინამდვილის "მოპირკეთება" ხარისხიანი უნდა იყოს. მართლაც, რამდენ ხანს შეიძლება ვიცხოვროთ არშემდგარი ცხოვრებით. ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა ხომ უმთავრესი კანონია. სამწუხაროდ, დღესაც მხვდებიან ადამიანები, მკერდში მჯიღს რომ იცემენ. კეთილგონიერება მოითხოვს, მათ მივხედოთ.მე შოუბიზნესის წარმომადგენელი ვარ და კარგად ვიცი, რომ სოციალური პრობლემებით დახუნძლულ ადამიანს - არც წიგნი, არც მუსიკა და არც მხატვართა გამოფენა არ აინტერესებს და შესაბამისად, არც ადარდებს. არადა, ხელოვნება ყოველთვის იყო და იქნება სახალხო მოთხოვნილება.

 

    სწორედ ხელოვნებამ უნდა გააკეთილშობილოს ადამიანი, შეავსოს ჰუმანიზმის დეფიციტი... მაგრამ რა ვქნათ, რომ ხელოვნებაც "პურს თხოულობს". ფაქტობრივად, ის შენელებული ექოა იმისა, თუ რა ხდება ქვეყანაში. საშინელებაა, როცა დგება ხელოვნების კრიზისი... მაშინ ათასნაირი უნიჭობა, უკუღმართობა იკავებს მის ადგილს. ეს კი საბედისწერო გავლენას ახდენს ერის ფსიქიკაზე. იმ ხელოვანთა ფსიქიკაზეც, მათ შემოქმედებით პოტენციალზეც, რომელთაც "პურის" გამო ხშირად უწევთ არასასურველ პუბლიკასთან (თუნდაც ოკუპანტების წინაშე) ე.წ "პაკლონზე გამოსვლა"... ამგვარად დამახინჯებულ ფსიქიკას (ერის იქნება ის თუ ცალკეული შემოქმედის) ბუმერანგის ძალა აქვს. "ფრინველი, რომელიც არ ფრენს, ქათამია" ფრთები კი ხელოვნებას მოაქვს.

 

  ღმერთმა იცოდეს, არ მინდოდა, წინა საახალწლოდ ამდენი პრობლემა დამეხვავებინა. მუხრანის არ იყოს - "რომელი მეფე ერეკლე მე ვარ, ან რომელი მსაჯული მისი", თუმცა მანვე ბრძანა - "ღალატიაო ასეთი ფიქრი"... კაცი ფიქრისთვისაა გაჩენილი და ჩვენც ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ, ვიმოქმედოთ, თორემ დრო-ჟამის დინებას ვეღარ გავუმკლავდებით. პესიმიზმი, ხელჩაქნეულობა ცუდი მასწავლებელია, ის სულის კრიზისზე მიუთითებს, ეს უკანასკნელი კი გადამდები ყოფილა. ჩემს ამგვარ "სოციალურ აქტივობას" კი თეოდორ რუზველტის სიტყვებით გავამართლებ: "აკეთე ის, რაც შეგიძლია, იმით, რაც გაქვს, იქ, სადაც ხარ..." - ნათქვამია მიმართვაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: