რა შუაშია ხელისუფლება?! ანუ, რატომ დავტოვე „ლიბერალის“ ჟურნალისტები გაკვირვებული

რა შუაშია ხელისუფლება?! ანუ, რატომ დავტოვე „ლიბერალის“ ჟურნალისტები გაკვირვებული

გუშინ „ლიბერალის“ ახალგაზრდა რეპორტიორები დამხვდნენ ქუჩაში, მიკროფონი მომიშვირეს და ასეთი კითხვა დამისვეს:

რა არის დღევანდელი ხელისუფლების ყველაზე დიდი მიღწევა 2014 წელს?

ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია და ვერც მოვახერხე გამეხსენებინა, თუ რა იყო 2014 წელს „ქართული ოცნების“ „ყველაზე დიდი მიღწევა!“

სააკაშვილი 2013 წელს „გადავაგორეთ“, თუმცა, „მაოხრებელი გზირივით“ არც შორიდან გვასვენებს - ისევ ხელისუფლებაში დაბრუნებით და დღევანდელი მთავრობის ჩამოშლით იმუქრება, „ნაციონალური რეჟიმის“ კრიმინალები უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ, სახელმწიფო სტრუქტურები ისევ გავსებულია სააკაშვილისდროინდელი ზონდერებით, რომლებიც სულ იმის ცდაში არიან, როგორ გამოსდონ კვანტი დღევანდელ ხელისუფლებას... ჩინოვნიკების მადა სულ უფრო და უფრო იზრდება და საკუთარ მოთხოვნილებებს პრემიებითა და დანამატებით იკმაყოფილებენ...

რაც შეეხება „ლიბერალის“ ჟურნალისტების კითხვას, უცებ საყდრისის ოქროს მაღაროს ვანდალური აფეთქება (რომელსაც სავსებით კანონზომიერად „ქართული ოცნების“ „შავი ლაქა“ ეწოდა), ლარის კურსის კატასტროფულად დაცემა, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება და „კაზანტიპის“ ნახევრად ჩაშლილი ფესტივალი გამახსენდა და ამ ფონზე 2014 წლის სხვა უფრო „დიდი მიღწევა“ გონებაში ვერ ამოტივტივდა (არადა, ჩემმა პასუხმა ახალგაზრდა ჟურნალისტები გაკვირვებული დატოვა)!

ვერ ვიტყვი, საერთოდ არაფერი კეთდება, მაგრამ იმდენი ნეგატივი დაგროვდა, ამ უარყოფით მუხტს ნამდვილად ვერ გადაფარავს... მითუმეტეს, საქმე არა ლოკალურ ან ყოფით პრობლემებს, არამედ ერის სასიცოხლო ინტერესებს - მის ისტორიულ მეხსიერებას და იდენტობას ეხება!!!

თუმცა, რა შუაშია ხელისუფლება?! ისინი მიდიან და მოდიან, საქართველო კი რჩება!..

შუაშიც და თავშიც ჩვენ ვართ - ამდენის უფლებას რომ ვაძლევთ და მერე ისევ „თვალებში შევციცინებთ“, იქნებ რამე წყალობა გაიმეტოს!

                                  საბა საბახტარაშვილი

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: