ეკა გიგაური:-"სირცხვილია, ბატონებო, სირცხვილი. ერთხელ მაინც დადექით ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ზევით"

ეკა გიგაური:-"სირცხვილია, ბატონებო, სირცხვილი. ერთხელ მაინც დადექით ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ზევით"

   ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვას და თავდაცვის სამინისტროს განცხადებას სოციალურუ ქსელით ეკა გიგაური ეხმიანება და წერს:

   -"როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში ზოგიერთ მაღალჩინოსანს ავიწყდება ჩვენი ისტორია და თანამედროვე საქართველოს სტრატეგიული პრიორიტეტები, რომლებიც მათ საქართველოს მოსახლეობამ განუსაზღვრა. ეს რომ მათ ახსოვდეთ, სწორედ შეაფასებდნენ რუსეთის ინტერესებს საქართველოსთან მიმართებაში. ემახსოვრებოდათ, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული -- დიახ, ბატონებო, ოკუპირებული და ეს ოკუპაცია ამ წუთებშიც გრძელდება. ამის გათვალისწინებით, შეუძლებელია რუსეთთან გქონდეს პარტნიორული ურთიერთობა, რადგან მან საკუთარი ქმედებებით დაგვიმტკიცა, რომ ჩვენი პარტნიორი არ არის. ჩვენი პარტნიორები დღეს ის ქვეყნები არიან, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძვიან რუსეთის გავლენების წინააღმდეგ და თავს პროგრესული და დემოკრატიული დასავლეთის ნაწილად თვლიან. ამ სახელმწიფოებს შორის არის უკრაინა, ჩვენი ისტორიული პარტნიორი, რომლის მოსახლეობაც დღეს იგივეს განიცდის, რასაც ჩვენ აგვისტოს ომის დღეებში. მე მგონი მათ უნდა დავეხმაროთ, ასე არ არის ბატონებო? პოლიტიკური თანამდებობის პირებო? განსაკუთრებით თქვენ, რომელთაც ქვეყნის უსაფრთხოება და თავდაცვა გაქვთ ჩაბარებული? როგორც ჩანს, თქვენთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი.

   ალექსანდრე გრიგოლაშვილისთვის კი ეს მნიშვნელოვანი იყო. მას ახსოვდა, როგორ დაგვიდგა უკრაინა გვერდში ომის დღეებში და არა მარტო მაშინ. ამიტომ ის არ დაგელოდათ თქვენ და თვითონ გადაწყვიტა უკრაინაში ჩვენს მეგობრებს გვერდში დაუდგეს, რისთვისაც მე, როგორც რიგითი მოქალაქე, მას დიდ მადლობას ვუხდი და სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს. დღევანდელი თავდაცვის სამინისტროს განცხადება, ვწუხვარ, მაგრამ იყო სამარცხვინო და გარდაცვლილი გმირის შეურაცხყოფა. თუ ამ განცხადების დამწერს გონია, რომ ამ განცხადებით პატივს სცემს გარდაცვლილის ოჯახს, უკრაინელ ხალხს და სახელმწიფოს ან საქართველოს მოსახლეობას, ძალიან ცდება. ვიცი, რომ ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი და მეც, მათ შორის, შეურაცხყოფილნი დავრჩით.

   სირცხვილია, ბატონებო, სირცხვილი. ერთხელ მაინც დადექით ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ზევით…… აქ დემოკრატიულ და ტოტალიტარულ სამყაროებს შორის დაპირისპირებაზეა საუბარი, გაიგეთ ერთხელ და საბოლოოდ…. და რა არის ამ ყველაფერში თქვენი როლი? თქვენს ადგილზე, ალექსანდრე გრიგოლაშვილს მივბაძავდი, რაც გასაჭირში მყოფი უკრაინელი ხალხის და სახელმწიფოს გვერდით დგომაში გამოიხატება!!!!!!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: