ნანა დევდარიანი: "რუსთავი 2" პატარა სექტაა, რომელმაც კომუნისტების ცენტრალურ ორგანოს, "პრავდას", გადაუჯოკრა!

ნანა დევდარიანი: "რუსთავი 2" პატარა სექტაა, რომელმაც კომუნისტების ცენტრალურ ორგანოს,  "პრავდას", გადაუჯოკრა!

 "ივერიონი" ნანა დევდარიანს ესაუბრა.

-ქალბატონო ნანა, სწორია თუ არა არჩევანი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საყდრის-ყაჩაღიანის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად მიჩნეულ ოქროს მაღაროსა და მოსახლეობის დასაქმებას შორის გააკეთა? 

-სახელმწიფო საკუთარი მოსახლეობის მტერი კი არ უნდა იყოს, არამედ მის კეთილდღეობაზე უნდა ზრუნავდეს.

 საყდრის-ყაჩაღიანის ირგვლივ მეცნიერთა კამათი არ წყდება. ერთნი ამბობენ, რომ ის ფასდაუდებელი ისტორიული ძეგლია, მეორენი კი ამ აზრს არ იზიარებენ. 

შეცდომაა, როცა ქვეყნის სასარგებლო წიაღისეული გადაცემულია უცხო ფირმებს, ხოლო მისგან მიღებული შემოსავლიდან ამ სახელმწიფოს გროშები რჩება. 

როგორც ე.წ. მოსმენების გასაღების გადაცემა არ შეიძლება უცხო ქვეყნისთვის, ასევე არ შეიძლება სასარგებლო წიაღისეულის უცხო ფირმებისთვის ხელშიო ჩაგდება. 

რუსეთში, რაც ელცინის პრეზიდენტობის დროს გასხვისდა, პუტინმა სახელმწიფო აქტივების სახით დაიბრუნა. ასე უნდა ხდებოდეს ჩვენთანაც - სახელმწიფო ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არ უნდა გამოდიოდეს!

-მაშინ, როცა ამა თუ იმ მასშტაბური და ხმაურიანი გადაწყვეტილების უკან ხშირად მოიაზრებენ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, იკვეთება თუ არა მისივე ბიზნესინტერესი საყდრისის ოქროს საბადოს ხელყოფაში?

-საყდრისის ასეთი ფორმით ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირება მართებულად არ მიმაჩნია. მისთვის იოლი იყო საბადოს მთელი აქტივების  ყიდვა, ვიდრე საზოგადოების გულისწყრომის განზრახ გამოწვევა.

უცნაური ხალხი ქართველები - თან გვინდა ბიძინა ივანიშვილი, თან -არა, თუ პრემიერ-მინისტრი მასთან რჩევის საკითხავად მივა, ამაზეც უკმაყოფილო ვართ. აქედან გამომდინარე, გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, რადგან დღევანდელი საპარლამენტო სპექტრი ბიძინა ივანიშვილის გარეშე საზოგადოებისთვის მიუღებელია. 

-პრეზიდენტი მარგველაშვილი საყდრისში მიმდინარე სამთამადნო სამუშაოების გაგრძელების წინააღმდეგია.  ფიქრობთ თუ არა, რომ ის ერთადერთი პოლიტიკოსია უმრავლესობაში, რომელიც მორალურ-ზნეობრივ და სახელმწიფოებრივ-პოლიტიურად სწორ გადაწყვეტილებებს იღებს ხოლმე?

-იმდენად ცოტაა ასეთი გადაწყვეტილებების სპექტრი, იმდენად უმნიშვნელოა ისინი არაფრისმომტანი ვეტოებით, რომ.... 

როგორ შევაფასო ისეთი პრეზიდენტი, ევროპარლამენტში უპირატესობას ყოფილ პრეზიდენტს (სააკაშვილს გულიასხმობს) რომ დაუთმობს?!

როგორც ვხედავ, ახალ ხელისუფლებას საკმაოდ უჭირს უცხოურ სტრუქტურებთან ურთიერთობა. ეს იმის ბრალიცაა, რომ ძლიერი, 10-წლიანი გამოცდილების მქონე ოპოზიცია ჰყავთ "ნაციონალური მოძრაობის" სახით. 10 წელი თუ არ დაამუშავე მიწის ნაკვეთი, სარეველა მოედება, ჩვენი ახალი ხელისუფლება კი,  სარეველასთან ბრძოლის ნაცვლად,  ჯერ კიდევ ხიბლსა და ტკბობაშია. 

-რატომ არ დაესწრო ევროკავირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი?

-მე არ გამკვირვებია ღარიბაშვლის წაუსვლელობა. აჯობებდა, პრეზიდენტიც არ წასულიყო. განა უმნიშვნელო იყო ამ დოკუმენტის მნიშვნელობა, მაგრამ ესეც დემარშის საგანი გახდა სააკაშვილის მხრიდან! 

   გუშინ "რუსთავი 2-ზე",  გიორგი გაბუნიას გადაცემაში, საეთერო დროის უდიდესი ნაწილი მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას დაეთმო. კომუნისტების დროს არსებობდა კომპარტიის ცენტრალური ორგანო "პრავდა",   აი,  ასეთი ორგანოა "რუსთავი 2", რომელიც პატარა სექტად ჩამოყალიბდა. უმრავლესობის წევრები გადაცემაში არ მისულან. მგონი "ოცნებამ" დაიჯერა, რომ საქართველოს სააკაშვილის ხელისუფლებაზე  ძლიერი და ეფექტიანი ხელისუფლება არ ჰყოლია და დებატები როგორ უნდა მოუგო  მას, ვინც შენზე  ჭკვიანი გგონია?!

 

                                      ესაუბრა ია ჯღარკავა

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: