"ჰოპლა, მეც ვცოცხლობ!" ანუ, გიორგი მარგველაშვილის უკან მიდევნებული ლამპარი!

"ჰოპლა,  მეც ვცოცხლობ!" ანუ, გიორგი მარგველაშვილის უკან მიდევნებული ლამპარი!

   საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება "лебедъ рак да щука"- სავით, რომ იქცევა, ეს საყდრისის ოქროს მაღაროს გარშემო არსებულმა ვნებათაღელვამაც დაადასტურა.

  თუ თავის დროზე სააკაშვილმა საყდრისს კულტურული  ძეგლის სტატუსი მოუხსნა, ხოლო, ივანიშვილმა  ინვესტორს "მწვანე შუქი" აუნთო, დღევანდელმა კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ, ისე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არც დაელოდა, საკუთარი ბრძანებით "არემჯი" -ის ხელ-ფეხი გაუხსნა, რომელმაც თავის მხრივ არ დააყოვნა და ... მოხდა ის, რაც არა მარტო, "ქართული ოცნების" "შავ ლაქად" დარჩება , არამედ,  შავი ასოებით ჩაეწერება საქართველოს ისტორიაში.
  რაც არ უნდა განსხვავებული აზრები არსებობდეს ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის საყდრისის თაობაზე , დღევანდელმა ხელისუფლებამ თავისი გულგრილობითა და ცინიკური განმარტებებით საზოგადოებას სულში კიდევ ერთხელ ჩააფურთხა- ღიად დააფიქსირა, რომ პატივს არ სცემს საქართველოს კულტურულ  მემკვიდრეობას და მზად არის ქვენა გრძნობების სანაცვლოდ მრავალათასწლოვან  ისტორიულ  მეხსიერებას გადაუაროს.
  ასე მხოლოდ კანიბალები იქცევიან!
 რაც შეეხება პრეზიდენტ მარგველაშვილის  პოპულისტურ განცხადებას, რომ  სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საყდრისზე სამუშაოები უნდა შეჩერდეს, ეს მხოლოდ უკან მიდევნებული ლამპარის შთაბეჭდილებას ტოვებს!
  ჯერ ერთი, გზა მანამდე უნდა მოეძებნა ღრმადპატივცემულ პრეზიდენტს, სანამ ურემი გადაბრუნდებოდა, მეორეც,  თუ მას მართლაც ჯერ კიდევ დარჩენილის გადარჩენა უნდა, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, რომლის კონსტიტუციური პრეროგატივაა      კულტურული ნაშთებისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება, დაუბრუნოს ეს სტატუსი საყდრისის ოქროს მაღაროს.
  თუ მარგველაშვილმა ეს გააკეთა, საზოგადოება მას "პლასტელინის" იარლიყსაც მოუხსნის და დარწმუნდება, რომ  დღევანდელი პრეზიდენტი "ცარიელი ადგილი", ანუ მარტო "ვეტოვშინა" არ არის!
 სხვანაირად, უკან მიდევნებული ლამპარი უცაბედად ქრება!!!                                                     

 

 

                       საბა საბახტარაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: