"გაბახებული" პარლამენტი, უხეიროდ გალახული კაკოია ბობოხიძე და სეირის მაყურებელი საქართველო!

"გაბახებული" პარლამენტი, უხეიროდ გალახული კაკოია ბობოხიძე და სეირის მაყურებელი საქართველო!

საქართველოს პარლამენტი არა მარტო ნაც-ქოცური უხამსი სიტყვიერი დაპირისპირებების, არამედ, "კოლექტიური" მუშტი-კრივის არენადაც გადაიქცა. 26 დეკემბერს "ნაციონალებმა" კიდევ ერთი ალიყური უთავაზეს "ქართულ ოცნებას" და ომახიანადაც დაემუქრნენ, რომ, როცა ხელისუფლებაში მობრუნდებიან, მათ დედებს უფრო "გემრიელად" მოიკითხავენ!

რაც არ უნდა იძახონ, რომ მსგავსი რამ დემოკრატიული ქვეყნების, ასევე დემოკრატიულ პარლამენტებში ჩვეულებრივი მოვლენაა, იმ მარაზმს, რაც ქართულმა საზოგადოებამ ტელევიზიით იხილა, არანაირი გამართლება არა აქვს. მეტიც, ბობოხიძის ავადმყოფურმა ბაგეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ნაცებმა" სული უკვე მოითქვეს და აშკარა რევანშისთვის ემზადებიან!

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ქართველები ისე გამოვშტერდეთ, 9 წლიანი "ნაციონალური ჯოჯოხეთი" დავივიწყოთ და დღევანდელ ხელისუფლებაზე განაწყენებულებმა მწვანე შუქი ისევ დანაშაულებრივ რეჟიმს ("ნაცმოძრაობას") ავუნთოთ, მაგრამ, გარდა ე.წ. დემოკრატიული არჩევნებისა, სადაც ბიულეტენი არა შინაგანი რწმენით, არამედ, რაღაცისა და ვიღაცის გავლენით იყრება, არსებობს მეორე გზაც - სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც შემდგომ  რევოლუციაში შეიძლება გადაიზარდოს.

ღორის ტილს ფეხზე რომ დაისვამ, თავზე აგიცოცდებაო!

მიუხედავად იმისა, რომ კოჰაბიტაციის მავნებლობაზე საკმაოდ ბევრი ითქვა და დაიწერა, "ოცნებამ" საზოგადოებას ყური არ ათხოვა და თავისი ლოიალობით 2012 წლის ოქტომბერში კუთხეში მიმწყვდეული და პირში წყალჩაგუგებული" ნაციონალები" ისევ "ფორმაში" მოიყვანა.

ნაცვლად იმისა, 9 წლის მანძილზე ჩადენილი არაადამიანური ქმედებების გამო ბოდიშს იხდიდნენ და შენდობას ითხოვდნენ, პირიქით, ისევ ხელისუფლებაში დაბრუნებით იმუქრებიან. ამის დასტურია თუნდაც კაკო ბობოხიძის "ქართული ოცნებისადმი" გაგზავნილი მუქარა: "ნაციონალები ხელისუფლებაში რომ დავბრუნდებით, რუსეთს დედა არ ეყოლება და თქვენ სად გაიქცევითო"!

ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ მისი ნათქვამი რომ ახდეს (ისე, ეშმაკს ნამდვილად არ სძინავს!) გასაქცევი არა მარტო დღევანდელ ხელისუფლებას, არამედ, მთლიანად "ნაციონალებისადმი კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში გივი თარგამაძის მუქარა - "სულს ამოგხდით თქვე ნაძირლებო" რეალობად შეიძლება იქცეს!

"ქართულმა ოცნებამ" თავისი დამთმობი და უნიათო პოლიტიკით რომ "ჩაისვარა" და დანაშაულებრივი რეჟიმი რომ "გააბლატავა", ცხადია, მაგრამ რას ვაკეთებთ ჩვენ,საზოგადოება, რომ მათი მუქარა განწირულის მუქარად რომ დარჩეს?! ჯერჯერობით არც არაფერს...

სამწუხაროდ, ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ ილუზიების ტყვეობიდან გამოვხულიყავით (თუმცა, ბევრი დღესაც ვარდისფერი სათვალეებიდან იყურება და "ქართულად ოცნებობს!") და ის შეცდომები დაგვენახა, რაც ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლისას დავუშვით - ჩვენ უპირობოდ დავთანხმდით ყველაფერზე, "ოღონდ სააკაშვილის ბანდა წაშავდეს" მოტივით და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ!

რაც არ უნდა ამტკიცონ, რომ ივანიშვილმა ლიბერალურ პარტიებზე (რომელთა იდეოლოგია იდენტურია "ნაციონალური" იდეოლოგიის) ორიენტაცია იმიტომ აიღო, რომ ამით დასავლეთისთვის (უფრო ამერიკისთვის) "კოჭი გაეგორებინა", განვლილმა ორმა წელიწადმა ცხადყო, რომ ეს გამოუსწორებელი შეცდომა იყო - თუ "თავისუფალმა დემოკრატებმა" ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟის გამო უკვე ისკუპეს, "რესპუბლიკელები" ახალ-ახალი სეირების მოლოდინში არიან და იძულებით ელოდებიან, როდის მოხდება "ქართული ოცნების" საბოლოო დისკრედიტაცია, რომ საკუთარი ჭეშმარიტი მისია ბოლომდე გააშიშვლონ!..

არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ ისინი თავიანთი ცინიკური კომენტარებითა თუ გამოხტომებით დღევანდელი ხელისუფლების დისკრედიტაციას უკვე ახდენენ!

დიახ, სადავო არ არის, რომ დღეს ნეოლიბერალური ძალები მასირებულ შეტევას ახორციელებენ საქართველოზე. არც ის არის გამორიცხული, რომ სადღაც ახალი უბედურება მზადდებოდეს, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით შეიძლება ვერც გაუმკლავდეს!

წარმოიდგინეთ, რა მოხდება მაშინ, დესტრუქციულმა ძალებმა მართლაც მოახერხონ სიტუაციის არევა ქვეყანაში? 9 წლიანი ჯოჯოხეთი ნამდვილად მოსანატრი გაგვიხდება. თეორიულად ყველაფერი დასაშვებია, შეიძლება ითქვას, პრაქტიკულადაც, თუ ყველაფერს ხელისუფლებას მივანდობთ და ჩვენ თითს თითზე  არ დავაკარებთ, ან მხოლოდ ორთქლის გამოშვებით და გულზე მჯიღის ცემით შემოვიფარგლებით!

"ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები"
უნებლიედ 9 აპრილის ტრაგედიის ფონზე შექმნილი სიმღერის ერთი სტრიქონი გამახსენდა. დროა სოციალური ქსელებიდან და სოროებიდან გამოვძვრეთ და ერთმანეთს ხელები ჩავჭიდოთ - საქართველოს ახალი დიდგორი ელოდება! სამწუხაროდ, "ოცნებით" გაბრუებულებმა რეალობას თვალი ვერ გავუსწორეთ და არსებული სტატუს-კვო ობიექტურ რეალობად წარმოვიდგინეთ. რაც შეეხება ერთმანეთისთვის ხელის ჩაჭიდებას, თუნდაც იმიტომ არის საჭირო, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ, რამდენი გულშემატკივარი ჰყავს ქვეყანას და გვინდა თუ არა მისი გადარჩენა!

არ შეიძლება გარედან მოსულ და ჩვენივე ჯიშ-ჯილაგის მონური მორჩილებით თავსმოხვეულ პროცესებს გულგრილად ვუყუროთ და საკუთარი უილაჯობითა და უმოქმედობით ქვეყანა უფსკრულის პირზე მივიყვანოთ!..

გამოსავალი ახალ, ეროვნულ პოლიტიკურ ძალაში და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებშია!
მითი - "ქართული ოცნება" იმიტომ არ უნდა ვაკრიტიკოთ, რომ ამით "ნაციონალურმა მოძრაობამ" არ ისარგებლოს, უნდა დაიმსხვრეს!

კრიტიკა შოკოლადი არ არის, ვინმეს (ამ შემთხვევაში "ქართულ ოცნებას") უყვარდეს. თუმცა, თუ კრიტიკის მახვილი სწორადაა მიმართული და მითუმეტეს, კონსტრუქციულია, იგი ყოველთვის საქმის არსებითად გამოსწორებას ემსახურება. რას ნიშნავს ხელისუფლება "ნაციონალების" გაძიერების შიშით არ ვაკრიტიკოთ?!

ნორმალურ, სახელმწიფოს ინტერესებზე ორიენტირებულ ხელისუფლებას ჯანსაღი ოპონირება პირიქით უნდა აწყობდეს. (სხვათაშორის, არც ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს). აქედან გამომდინარე, ვინც ხელისუფლების ობიექტურ კრიტიკას არანორმალურ მოვლენად მიიჩნევს, საქართველოს ნომერ პირველი მტერია (არადა, როგორ არ მიყვარს ამ იარლიყის ვინმესთვის მიწებება).

არც ის არის ნორმალური, რადგან "ნაციონალური რეჟიმის" ფორმალური გადაგდება ივანიშვილის სახელს უკავშირდება, ივანიშვილი არ უნდა ვაკრიტიკოთ!

რაც არ უნდა მის დამსახურებაზე ვისაუბროთ, მთელი პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, თუ მოსალოდნელ კატაკლიზმებზე, სწორედ მას ეკისრება თუ ივანიშვილს  სურს ჩიხიდან გამოიყვანოს სიტუაცია, საზოგადოების წინაშე უნდა აღიაროს, რომ დაუშვა თითქმის უპატიებელი შეცდომა საკუთარი გუნდის ფორმირებაში და უფრო დიდი შეცდომა დამარცხებულ "ნაციონალურ" რეჟიმთან მიმართებაში. რაც არ უნდა ამტკიცონ, რომ მან დასავლეთის (ამერიკის) ზეწოლას ვერ გაუძლო (შეიძლება ეს ეჭვი რეალობასთან ახლოს იყოს!), ის უნდა დამორჩილებოდა ხალხის ნებას, რომელმაც უარი უთხრა 9 წლიან ჯოჯოხეთურ ეპოპეას და უნდა დაემყარებინა კანონის დიქტატურა, რომელიც თავისი არსით მოიცავდა დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლებასაც!

მან თავისი ლიბერალობით ერთი პირობა ნამდვილად შეასრულა - მსოფლიო გავაკვირვეთ "ქართული დემოკრატიით" და ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკურ მოუსავლეთში გაგვესტუმრებინა "ნაცმოძრაობა", დღეს ჩვენი უნიათობით (ხელისუფლება რა გზასაც დაადგა, სახეზეა) გამომწვევად იბრიქებიან და ერისთვის არც დედის მოკითხვა ავიწყდებათ!

სად არის გამოსავალი?
გამოსავალი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებშია, რომელსაც მომზადებული უნდა დავხვდეთ. თუ ივანიშვილს აქვს საკუთარი შეცდომების გამოსწორების და ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოყვანის ნება, თითქმის მთლიანად უნდა გაემიჯნოს საკუთარ გუნდს და ხელი შეუწყოს ახალი, პოლიტიკურად არადისკრედიტირებული ძალების ფორმირებას. ვფიქრობ, მისი პოლიტიკაში დაბრუნება პანაცეა არ იქნება საქართველოსთვის, პირიქით შეიძლება საზიანოც კი აღმოჩნდეს!

ყოველ შემთხვევაში, ივანიშვილის ნებისმიერი ნაბიჯი უპირობოდ არ უნდა მიიღოს საზოგადოებამ. უფრო ნაკლები თავის ტკივილი იქნება მისთვისაც და საქართველოსთვისაც, თუ იგი მხოლოდ "ფინანსური მენეჯერის" როლით შემოიფარგლება და ახალი, ეროვნული ძალების პოლიტიკაში შემოსვლას შეუწყობს ხელს. თუ ასე მოიქცა, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური მზე ნამდვილად ჩაესვენება.

თუმცა, ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება რომ მიიღოს, ამის იმპულსი ჩვენგან, საზოგადოებისგან უნდა წამოვიდეს - უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ ერთად ყოფნაც შეგვიძლია და საკუთარ ამბიციებზე მაღლა სახელმწიფოს ინტერესებსაც ვაყენებთ. უნდა დავანახოთ ისიც, რომ სტარტზე არიან ის ადამიანები, ვინც აქამდე არ ყოფილა გარეული ბინძურ პოლიტიკაში, მაგრამ, აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია და მზაობაც აიღონ პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მართვაზე!

 

 

 

                           ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: