ნინო ბურჯანაძე:"მე ეს არ ვთქვი და მაშინ ქულები არ ჩავიწერე"

ნინო ბურჯანაძე:"მე ეს არ ვთქვი და მაშინ ქულები არ ჩავიწერე"

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ხელმძღვანელმა ნინო ბურჯანაძემ დღეს  2014 წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა:

"არასოდეს ეს არ მითქვამს და შეიძლება, ახლა ვთქვა - ე.წ. ზაკვოს თბილისიდან გაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 2003 წელს ჩემი შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული. ოღონდ მე ეს არ ვთქვი და მაშინ ქულები არ ჩავიწერე. რა თქმა უნდა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამაზე ხმა არ ამოიღო. ჩემი შეხვედრის და შემდეგ სააკაშვილის შეხვედრის შედეგი იყო ის, რომ ჩვენსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობით მაშინ ძალიან ნორმალური ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რამაც გამოიწვია თუნდაც ის, რომ ბათუმის მოვლენების დროს სისხლის არც ერთი წვეთი არ დაღვრილა და ეს არ იყო შემთხვევითი მოვლენა.

ჩვენ რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირ კონტაქტზე ვიყავით, რადგან იქ რუსეთის სამხედრო ბაზა იდგა. საშიშროება, რომ სერიოზული დაპირისპირება მოხდებოდა და პრორუსული სეპარატისტული ლიდერის - აბაშიძის დასაცავად ბაზა ჩაერეოდა, ნამდვილად არსებობდა. გააკეთა რუსეთმა რაიმე ცუდი? შეგვპირდნენ, რომ არ გაინძრეოდნენ და ხელი არ გაუნძრევიათ. ასე რომ, რასაც გვპირდებოდნენ, იმას ასრულებდნენ კიდეც.

2004 წელს შანსი იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით გარღვევა მომხდარიყო, ეს სააკაშვილს წამოსცდა, როდესაც ასტანის სამიტზე ვლადიმირ პუტინს შეხვდა და მათ შორის მოლაპარაკება იყო, რომ იმ შემთხვევაში თუ საომარი მოქმედებები არ განახლდებოდა, სექტემბერში ე.წ. ოსეთთან ურთიერთობების მიმართებაში მოგვარების სერიოზული პროცესი დაიწყებოდა. დეტალებს ახლაც ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ამ შეხვედრის შემდეგ - ეს პირდაპირ მე და სააკაშვილმა მოვისმინეთ, ყველა სტრუქტურას პირდაპირი დავალებები მისცა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პოზიტიური პროცესი დაწყებულიყო, რა თქმა უნდა, სამხრეთ ოსეთის ჩართულობით, რათა ეს პრობლემა მოგვარებულიყო. ჩვენ რა გავაკეთეთ? გავაკეთეთ ის, რომ 2004 წელს საომარი მოქმედებები დავიწყეთ და ეს პროცესი შეჩერდა.

მოვიყვან ერთ მაგალითს, რომელიც არ მახსოვს, ასე ფართო საზოგადოებისთვის თუ მაქვს ნათქვამი. როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ ასლან აბაშიძე საგანგებო ბორტით მოსკოვში წაიყვანა, პუტინის მხრიდან ერთადერთი თხოვნა იყო. მან სააკაშვილს სატელეფონო საუბარში  პირდაპირ სთხოვა, მე ამ საუბარს ვესწრებოდი, მისი სიტყვები იყო: მე მზად ვარ, წავიყვანო ასლან აბაშიძე, ოღონდ ერთი პირობით - საქართველომ არ დაიწყოს განცხადებების კეთება, რომ მე სპეციალურად მიმყავს პრორუსი და სეპარატისტი ლიდერი, რომ საქართველოს პრობლემები შევუქმნა. რა თქმა უნდა, სააკაშვილმა უთხრა, რომ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ.

მეორე თხოვნა იყო, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა და ინტერპოლით დევნა არ მომხდარიყო. იქითა მხრიდან იყო პირობა, რომ ასლან აბაშიძე პოლიტიკურ პროცესებში არ ჩაერეოდა. რა გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ? ერთ თვეში აბაშიძის ინტერპოლით დევნა გამოაცხადა და დედის ორმოცზე საქართველოში ჩამოსული აბაშიძის შვილი დააპატიმრა. სასაფლაოს ნაცვლად ახალგაზრდა ქალმა მთელი დღე პოლიციაში გაატარა. შემდეგ კი იყო განცხადებები, რომ რუსეთმა ასლან აბაშიძე სპეციალურად წაიყვანა, რომ ჩვენს წინააღმდეგ გამოეყენებინა. ყველა პირობა ჩვენ დავარღვიეთ. კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია, უბრალოდ არ მინდა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები უფრო დაზიანდეს", - აღნიშნა ბურჯანაძემ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: