ჯუმბერ კირვალიძე: "ეს არის ის ყველაზე კომპრომისული სტრატეგია"

ჯუმბერ კირვალიძე: "ეს არის ის ყველაზე  კომპრომისული სტრატეგია"

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს:
"2015-ის საახალწლო თეზისები", - საქართველოს გამთლიანების სტრატეგია"!
იმისათვის, რათა საქართველომ 2015 წელს თავიდან აიცილოს რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" მოსალოდნელი ანექსია (ამის მომასწავებელია მოსკოვის მიერ, ამა წლის ნოემბერში სოხუმის, ხოლო დეკემბერში ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმებთან დადებული "ხელშეკრულებები"), აუცილებლია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უახლოეს კვირებში საერთაშორისო თანამეგობრობას წარუდგინოს ისეთი კომპრომისული სტრატეგია, რომელშიც აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური სტატუსი განისაზღვრება ფედერალური ხელშეკრულებით, ანუ საქართველო უნდა გახდეს ფედერალური სახელმწიფო. საქართველოს სახელმწიფოს ახალი სახელწოდება იქნება - "საქართველოს ფედერაცია" ("რუსეთის ფედერაციის" მსგავსად, - "კონფედერაციის" სახელწოდების საპირწონედ!). ამ პროცესში რუსეთის თანამონაწილეობის გარეშე შეუძლებელია საქართველოს გამთლიანება! საქართველოს ფედერაციის შემადგენლობაში იქნება სამი რესპუბლიკა:

1) "რესპუბლიკა აფხაზეთი" (აფსნი, აბხაზია), რომელსაც ისეთივე სტატუსი და უფლებები ექნება, როგორიც რუსეთის ფედერაციაში შემავალ "რესპუბლიკა თათრეთს" ("ტატარსტან");

2) "რესპულიკა სამხრეთ ოსეთი - ქართლი", როგორც რუსეთის ფედერაციაში შემავალი "ჩრდილოეთ ოსეთი - ალანია" ("სევერნაია ოსეტია - ალანია"); მინიშნებაა იმაზე, რომ რუსეთში მდებარე "ისტორიული ოსეთი" სხვა არის, ხოლო საქართველოში, კერძოდ, ქართლში მცხოვრები ოსი ეროვნების უმცირესობა (სამხრეთ ოსები) კი სხვა. ანუ, ამ "ოსეთებს" განსხვავებული ისტორია და გეოგრაფიული ადგილმდებარეობა აქვთ, აგრეთვე, სხვადასხვა სახელმწიფოების სუბიექტები არიან! სახელწოდებაში სიტყვა "ქართლი"-ს დაფიქსირება მოხსნის სადავო საკითხებს და ამავდროულად, თანაბრად გათვალისწინებული იქნება საქართველოს ფედერაციაში შემავალი ამ რესპუბლიკაში მცხოვრები როგორც ოსების, ისე ქართველების ეროვნული და სამოქალაქო უფლებები და ინტერესები;

3) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.

ეს არის ის კომპრომისული სტრატეგია, რომელზეც "უნდა წამოვიდეს" რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება!.. საქართველოს ხელისუფლების ამდაგვარმა სტრატეგიამ, - ოკუპანტი რუსეთი პარტნიორად უნდა გადააქციოს!.. გავითვალისწინოთ ისიც, რომ მოსკოვს დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოუწევს აფხაზების და ოსების "დასათანხმებლად"!.. რა თქმა უნდა, აქ დგება "ტექნიკური", მაგრამ რთული საკითხი (რუსებს ეს ძალიან აღელვებთ), თუ როგორ "გაიწვიოს" რუსეთის ფედერაციამ საკუთარი, 2008 წლის 26 აგვისტოს "დამოუკიდებლობების აღიარებები" აფხაზეთის და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" მიმართ ისე, რომ "სახე შეინარჩუნოს" (დიახ, თუ გვინდა, მიზანს მივაღწიოთ და საქართველო გავამთლიანოთ, რუსეთის "მუნდირის ღირსებაზეც" უნდა ვიფიქროთ, ასეთია დიდი პოლიტიკის ანა-ბანა!)! ეს კი, ავტომატურად განხორციელდება მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე დაიდება ახალი ხელშეკრულება, რომელსაც ხელს მოაწერს რუსეთის ფედერაცია (ამის შედეგად, ძალადაკარგულად ჩაითვლება რუსეთის მიერ სოხუმის და ცხინვალის "დამოუკიდებლობის აღიარებები"!) და საერთაშორისო სამართლის სხვა სუბიექტები, - ევროკავშირი, ეუთო, გაერო, აშშ! დიახ, საქართველოს ფედერაცის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და სამხედრო ნეიტრალიტეტის გარანტები (გარანტორები) გახდებიან:ევროკავშირი, ეუთო, გაერო, რუსეთის ფედერაცია, ამერიკის შეერთებული შტატები! საქართველოს ფედერაცია ერთგული დარჩება ევროკავშირთან დადებული ასოცირებული ხელშეკრულების და მასში საბოლოო ინტეგრირების! საქართველოს ფედერაცია იქნება ერთიანი და არა "საერთო" სახელმწიფო!!!

P.შ. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ისევე უმოქმედოდ იქნება, როგორც დღეს არის, მაშინ, მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმზე კი არა, არამედ არსებულ ხელისუფლებაზეც გადავა!.." - ნათქვამია მიმართვის წერილში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: