რამ გააკვირვა ირმა ინაშვილი და რა დაპირება მისცა მთავარმა პროკურორმა

რამ გააკვირვა ირმა ინაშვილი და რა დაპირება მისცა მთავარმა პროკურორმა

   დღეს პროკურატურასთან "პატრიოტთა ალიანსმა" გამაფრთხილებელი აქცია გამართა. 

 

   -"ეროვნული საგანძური საფრთხეშია. ვიცი, როცა ამ ფრაზას ვწერ, უამრავ ადამიანს ებადება კითხვა: რა ხდება?! განა, მუზეუმებში არაა დაცული ჩვენი ეროვნული საგანძური?! განა, სათანადო საცავებში არა განთავსებული ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა?! განა, სახელმწიფო არ ზრუნავს ეროვნული საგანძურის დაცვაზე? და ნაჩქარევი დასკვა: ალბათ, აზვიადებენ. არადა, როგორ მინდა, რომ მეჩვენებოდეს, არ მქონდეს ინფორმაცია და ვაზვიადებდე. მინდა, მაგრამ ასე არაა... უამრავი ჟურნალისტური, საგამოძიებო მასალა არსებობს იმის თაობაზე, თუ რა ხდებოდა და რა ხდება საქართველოს მუზეუმებსა და საცავებში ბოლო წლების მანძილზე. ჩვენი ინფორმაციის თანახმად, მუზეუმების დიდი ნაწილი გაძარცვულია. მთელი რიგი ნივთებია გამქრალი ეროვნული საგანძურიდან, მისი ოქროს ფონდიდან. საცავების ინვენტარიზაცია წლების მანძილზე არ ჩატარებულა. ეროვნული საგანძურის მცველი ხელოვნებათმცოდნეების ნაწილს დაკავებული თანამდებობა დაატოვებინეს, ნაწილი... უფრო მებრძოლი და აქტიური, რომელიც არსებული ვითარებას არ ეგუება, უახლოეს მომავალში მოჰყვება "რეპრესიაში", მაგრამ , ცხადია, ეს ე.წ. "რეორგანიზაციის" სახელით მოხდება. საგანძურის ის მცველები არავის სჭირდება, რომლებმაც ყველა ნივთის ისტორია და აღწერილობა ზეპირად იციან და რომლებიც ამ ნივთებს ისე უფრთხილდებოდნენ, როგორც ექვთიმე თაყაიშვილის ხსოვნას ეკადრება. ხელოვნების, თუ სხვა მუზეუმები ამ ტიპის თანამშრომლებისაგან უნდა გაიწმინდოს. და ეს პროცესი ისე ჩუმად მიმდინარეობს, რომ ვერც საზოგადოებას ესმის, რა ტრაგედიას აქვს ადგილი და დიდი ნაწილიც ვერ იჯერებს, რომ ეროვნულ საგანძურს რაიმე ტიპის საფრთხე ემუქრება. ასე იყო მაშინაც, როცა სვანეთის საგანძური ე.წ. კონტეინერებში ჩაყარეს. რამდენიმე ათეული ადამიანი იღებდა ხმას. დანარჩენი საზოგადოება გვაკრიტიკებდა, რატომ აზვიადებთ, სვანეთის საგანძური ახალ მუზეუმში გადააქვთო... არადა, უნიკალური ნივთები ყინვასა და თოვლში ზიანდებოდა და ვითომ არაფერი..."-განაცხადა ირმა ინაშვილმა

   აქციის მსვლელობისას ცნობილი გახდა, რომ მთავარი პროკურორი თანახმა იყო შეხვედროდა ირმა ინაშვილს და ერეკლე საღლიანს. ისინი პროკურორთან შესახვედრად წავიდნენ, აქცია კი ადა მარშანიამ გააგრძელა.

   პროკურორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ირმა ინაშვილმა განაცხადა:

   -"ეს წუთია დასრულდა ჩემი და ერეკლე საღლიანის შეხვედრა საქართველოს მთავარ პროკურორთან, ბატონ გიორგი ბადაშვილთან. გამაფრთხილებელი აქციის მსვლელობის დროს, ჩვენ გამოგვეხმაურნენ პროკურატურის წარმომადგენლები (სხვა ასეთ ფაქტს ვერ ვიხსენებ, სიმართლე გითხრათ) და სრულიად სპონტანურად მოხდა ჩვენი შეხვედრა. თემა- საქართველოს მუზეუმებში შექმნილი ვითარება. მთავარ პროკურორს ჩვენს ხელთარსებული ინფორმაცია მივაწოდოთ. პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება, ვიდეო მასალა და აღვნიშნეთ, რომ მზად ვართ ჩვენებების მისაცემად. საქართველოს მთავარი პროკურორი დაგვპირდა, რომ დაიწყება საკითხის შესწავლა, ანუ რა ხდება საქართველოს მუზეუმებსა და საცავებში. ბატონმა გიორგი ბადაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული საგანძურის დაცვა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. გაკვირვებულიც ვარ და გახარებულიც. დიდი იმედი მაქვს, რომ გაერთიანებული ძალებით ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას უკეთესად დავიცავთ".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: