ფრთხილად, ქვეყანაში ტერორის სუნი ტრიალებს!

ფრთხილად, ქვეყანაში ტერორის სუნი ტრიალებს!

საზოგადოება შოკშია და უიმედობის (უილაჯობის) ბაცილით შეპყრობილი ხელს ხელისუფლებისკენ იშვერს - არა აქვს მნიშვნელობა, ურევია თუ არა მისი ხელი ვაზაგაშვილის მხეცურად განეიტრალებაში. მას აქამდე საქმე არ უნდა მიეყვანა!


არც იმას უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, ვინ დაგეგმა და ვინ აღასრულა ეს ვანდალური აქტი. მიზანი სავსებით ნათელია - დღევანდელი ხელისუფლების საბოლოო დისკრედიტაცია და ქვეყანაში საპროტესტო მუხტის აგორება, რომელიც მასობრივ არეულობაში შეიძლება გადაიზარდოს და ამით კარგად ისარგებლონ საქართველოს გარეშე თუ შინაურმა მტრებმა!

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის დღევანდელი ხელისუფლების ხელწერა. პირიქით, ვინც ეს დაგეგმა და აღასრულა მისი დაუძინებელი მტერია. თუმცა, მთავარი დამნაშავე მაინც ხელისუფლებაა, რადგან, მან მინიმალურადაც ვერ შეასრულა წინასაარჩევნო დაპირება - ვერ გაწმინდა ძალოვანი სტრუქტურები „ნაციონალი“ ზონდერებისგან, რომელთაც უდანაშაულო ადამიანების სისხლში აქვთ ხელები გასვრილი და დღესაც არსებული დამნაშავე რეჟიმის („ნაციონალების“) სამსახურში არიან!..

აცხონოს სამართლიანობის დამკვიდრებისთვის მებრძოლ იური ვაზაგაშვილის სული უფალმა, მაგრამ, ამ ვანდალურმა აქტმა დაგვანახა, რომ ქვეყანაში ტერორის სუნი ტრიალებს და ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე არ არის დაცული!..

მტკიცება არ უნდა, რომ ვაზაგაშვილის ტრაგიკული დასასრული მის ბოლოდროინდელ გააქტიურებას, განსაკუთრებით, ირაკლი ღარიბაშვილისადმი გაგზავნილ მიმართვას უკავშირდება, სადაც იგი დღევანდელ შინაგან საქმეთა მინისტრს ნაცზონდერების (მისი შვილის მკვლელების) მფარველობაში ადანაშაულებდა, სადაც იგი ღიად აცხადებდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა სამართლიანობის აღსადგენად.
სამწუხაროდ, ამაში ძალიან ცდებოდა ბატონი იური - სამართლიანობა არ აღდგება იმ ქვეყანაში, სადაც იგი არც ყოფილა!

სხვა საკითხია, სამართლიანობის დამკვიდრება, რომელსაც ხელისუფლების პოლიტიკური ნება და საზოგადოების შინაგანი მზაობა სჭირდება (ამას სხვანაირად სახელმწიფობრივი აზროვნება და თანმიმდევრულობა ჰქვია)! თუ ობიექტურად შევაფასებთ, ჩვენს რეალობაში არც ერთი გვაქვს და არც მეორე - ათეული წლებია მხოლოდ დაპირებებითა და ცრუ ილუზიებით ვიკვებებით - საშველი კი არა და არ ჩანს!

არც იქნება! ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ, თუ ეს ტერაქტი სასწრაფოდ არ გაიხსნა, ეს არა მარტო დღევანდელი ხელისუფლების იმიჯს საბოლოოდ გააცამტვერებს, არამედ, საზოგადოებაში გაჩენილი უიმედობისა და დაუცველობის განცდა კიდევ უფრო გამძაფრდება!

შეიძლება პირიქითაც მოხდეს: საზოგადოება ერთ მუშტად შეიკრას, ხელისუფლებას საკუთარი უსუსურობა ძმრად ამოადინოს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოსთხოვოს!

თუმცა, ერთი საშიშროების წინაშე რეალურად დგას ქვეყანა - შეიძლება საპროტესტო მუხტის აგორებით „ნაცბანდამ“ და მათმა იდეურმა მხარდამჭერებმა ისარგებლონ და მღვრიე წყალში თევზის დაჭერა მოინდომონ. ერთი სიტყვით, სხვადასხვა ვერსიებზე შეიძლება მსჯელობა, მაგრამ, ასე გაგრძელებაც რომ არ შეიძლება, ცხადია!

P.S. საზოგადოება შოკიდან მალე უნდა გამოვიდეს - ემოციური განცხადებები პრაგმატულმა გადაწყვეტილებებმა უნდა შეცვალოს!..

გუშინ იური ვაზაგაშვილი ააფეთქეს, ხვალ შეიძლება სხვების ჯერიც დადგეს და ასე დაუსრულებლივ...

როცა ხელისუფლება ქვეყანაში წესრიგს ვერ ამყარებს და შიშის სინდრომი ისადგურებს (ცხადია, ეს უკვე სახეზეა), ან თავისი მისია უნდა შეასრულოს (წესრიგი დაამყაროს), ან უნდა წავიდეს. სხვა არჩევანი უბრალოდ არ არსებობს, სხვა გზა საზოგადოებამ არც უნდა დაუტოვოს!

                                         ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: