ნუ ვაქცევთ იური ვაზაგაშვილის ტრაგედიას პოლიტიკური სპეკულაციის თემად!

ნუ ვაქცევთ იური ვაზაგაშვილის ტრაგედიას პოლიტიკური სპეკულაციის თემად!

ამ ბოლო დღეებში განხორციელებულმა ტერაქტმა - იური ვაზაგაშვილის ვერაგულმა მკვლელობამ არა მარტო შოკში ჩააგდო საზოგადოება, არამედ, დაუცველობის განცდა კიდევ უფრო გაუმძაფრა.

ხშირად მაფრთხილებენ, რომ ენას კბილი დავაჭირო და ამ თემაზე ნაკლებად ვილაპარაკო - განსაკუთრებულ თავშეკავებას მირჩევენ ტელეფონზე საუბრისას, რადგან „ისევ ყველაფერი ისმინება“!

დიახ, ყველას და ყველაფერს ეტყობა, რომ საზოგადოება მომხდარით დათრგუნულია - ქვეყანაში ტერაქტის აჩრდილი დადის, რომელიც „ნაციონალებისდროინდელ“ ჯოჯოხეთთან ასოცირდება! ბევრი შიშობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, რომელსაც შეიძლება ტრაგიკული გაგრძელებები მოჰყვეს. ჩვენ ისეთ ეპოქაში და ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც არაფერია გამორიცხული.

მართალია, შიშს ფართო თვალები აქვს და ჩვენი ნახევრად ათეისტური საზოგადოება ამისგან დაზღვეული არ არის, მაგრამ ისიც აქსიომაა, რომ თუ ასეთი ვერაგული ტერაქტი (რომელსაც შორსგამიზნული შედეგი შეიძლება მოჰყვეს) ადამიანებს არ გააერთიანებს და სამართლიანობის დამკვიდრებისთვის ბრძოლის ჟინს არ გაუღვივებს, შიშის კომპლექსისგან ვერ განვთავისუფლდებით და უკეთეს მომავალზე ფიქრიც კი უადგილო (უაზრო) იქნება!

ტერაქტის ვერსიებზე საზოგადოებაში სხვადასხვა აზრი არსებობს და ვიდრე ჭეშმარიტება არ გაირკვევა, იარსებებს კიდეც, მაგრამ მთავარია გაიცეს პასუხი კითხვაზე: რა მიზანს ემსახურება იგი და ვინ შეიძლება იხეიროს ამით?

მიზანი მარტივად ასახსნელია - შიშის სინდრომის გამძაფრება ქვეყანაში და დღევანდელი ხელისუფლების უსუსურობის კიდევ ერთხელ დამონსტრირებაა, რომელიც საზოგადოებას მის საწინააღმდეგოდ განაწყობს კიდეც!

ბუნებრივია, აღნიშნულ ტერაქტზე საზოგადოების რეაქცია შესაბამისი იყო. თუმცა, განსაკუთრებით აქტიურობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ცდილობენ ამ თემით სპეკულირებას და პოლიტიკური ქულების ჩაწერას.

რაც არ უნდა საჩოთიროდ გვეჩვენოს, ტერაქტის დროულად გამოძოებაზე და დამნაშავეთა დასჯაზე ის ადამიანები აქტიურობენ, ვისაც ამის მორალური უფლებაც არა აქვთ, რადგან, თავიანთი ქმედებით, თუ უმოქმედობით თავის დროზე, ხელს უწყობდნენ უსამართლობის დამკვიდრებას ქვეყანაში. არიან ისეთებიც (პოლიტიკურ დაჯგუფებას ვგულისხმობ), რომლებიც უკვე სპეკულირებენ აღნიშნული ტრაგედიით და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცევას ცდილობენ!

კიდევ ვიმეორებ: საზოგადოების რეაქცია სიტუაციის შესატყვისი უნდა იყოს, მაგრამ საპროტესტო ავანგარდში არა პოლიტიკური პარტიები, არამედ, საზოგადოების წიაღიდან გამოსული ავტორიტეტები უნდა იდგნენ, რომლებიც სათანადო შეფასებას მისცემენ ბოლოდროინდელ ტერაქტს და ხელისუფლებასაც შეაჯანჯღარებენ. თუმცა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, პოლიტიკურმა პარტიებმა გულზე ხელი დაიკრიფონ და საზოგადოებასთან ერთად თანაბრად არ იაქტიურონ!


ანდრია ლისაშვილი


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: