Iverioni
«    მაი 2019    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მაისი 2019 (11)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
26-01-2015, 11:25
ნანახია: 1455

დაბრუნდებიან თუ არა რეაქციული ძალები ხელისუფლებაში და რა საშიშროება ემუქრება ივანიშვილს?!

ქართული მედიასაშუალებები „სარწმუნო“ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ იური ვაზაგაშვილის წინააღმდეგ მოწყობილი ტერაქტი საერთო გეგმის მხოლოდ დასაწყისია და აფეთქებების სერია მომავალშიც გაგრძელდება.

გაზეთი „ალია“ ამ რამდენიმე დღის წინ ღიად წერდა, რომ ტერორისტული დაჯგუფებების მხრიდან მზადდება ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციის გეგმა, რომელიც საბოლოოდ დღევანდელი ხელოსუფლების დამხობით დასრულდება!

სხვათაშორის, დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით მოსალოდნელ ტერაქტებს არც სამხედრო ექსპერტები გამორიცხავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ, ვინაიდან „ნაცმოძრაობას“ არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნების ელემენტარული შანსი არა აქვს, სააკაშვილი ყველანაირად ეცდება მის ხელთ არსებული რესურსები გამოიყენოს და ხელისუფლებაში გადატრიალების გზით მოვიდეს!

საკმაოდ ცინიკურად ჟღერს სააკაშვილის რუხი კარდინალის ზურაბ ადეიშვილის მუქარა-განცხადებაც: „დედას გიტირებთ, მთელ საქართველოს ციხეში ამოგალპობთ“!

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: დედის „შეწუხებით“ და ციხეში ამოლპობით იმუქრება ადამიანი, რომელიც ინტერპოლითაა ძებნილი და წესით და კანონით, ციხეში უნდა იჯდეს! ანალოგიურ განცხადებებს აკეთებენ დანაშაულებრივი რეჟიმის სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები თუ პროფესიონალი ზონდერები!

ნიშანდობლივია ისიც, რომ საზოგადოებაში შიშის ფაქტორის გამძაფრებას და ყოფილი რეჟიმის ხელისუფლებაში ტრიუმფით დაბრუნების ილუზიას ხელს უწყობენ ე.წ. ნაციონალური მედია-საშუალებები. საკმაოდ მობილიზებულია სოციალური ქსელიც, სადაც საზოგადოებას აჩვევენ, რომ დღევანდელი ხელისუფლება იმდენად უნიათო და უსუსურია, „ნაციონალების დაბრუნება გარდაუვალია და ვინც ახლა „ჭკუით“ არ იქნება, მომავალში მოეკითხება!

რაც არ უნდა მოგვწონდეს, ფაქტი ჯიუტია: „ნაციონალური“ პროპაგანდისტული მანქანა ბრწყინვალედ მუშაობს და მავრი თავის საქმეს აკეთებს!..

გაუგებარია, რას აკეთებს ხელისუფლება, რომელმაც ყველა სადავე მიუშვა, „ნაციონალური“ ხვრელები ამოუვსები დატოვა და ფაქტიურად ბეწვის ხიდზე უხდება სიარული? თითქმის არაფერს - შეცდომებს შეცდომებზე უშვებს და მის გამოსწორებაზე არც ფიქრობს!..

მიუხედავად საზოგადოების  მრავალგზის გაფრთხილებისა, გაეწმინდა ნაცზონდერებისგან და მათი მფარველებისგან სამართალდამცავი სტრუქტურები, ყველაფერი პირიქით ხდებოდა - ისინი უფრო უფრო მაღალ საფეხურებზე ადიოდნენ. სამართლიანობის გამკვიდრების პროცესიც მხოლოდ წინასაარჩევნო რიტორიკა აღმოჩნდა, ნეპოტიზმმა და ჩინოვნიკთა სიხარბემ არსებულ ზღვარს გადააჭარბა!..

ერთი სიტყვით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამომრჩევლის ნდობა უმოკლეს დროში დაეკარგა და ნიჰილიზმის ბაცილა ისევ გაეღვიძებინა.

თუ საზოგადოებაში არსებული განწყობით ვიმსჯელებთ, მთავრობის დღევანდელი პოლიტიკა სიტუაციის არსებითად შეცვლის წინაპირობას არ იძლევა. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, თანდათან ღრმავდება შიშისა და დაუცველობის სინდრომიც, რომელიც ნოყიერ ნიადაგს ქმნის მართული ქაოსის შესაქმნელად და ხელისუფლებაში რეაქციული ძალების დასაბრუნებლად.

გამოსავალი ერთია: ან რადიკალური ცვლილებები, ან საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის გაერთიანება ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც არც ძველის და არც მოქმედის ადგილი არ უნდა იყოს!

P.S. ნათქვამია, ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო. თუ სისტემა მთლიანად არ გაიწმინდა „ნაცზონდერებისგან“ ჭიკაიძის გადადგომით არაფერი შეიცვლება. ასევე უნდა გაიწმინდოს პროკურატურა არაპროფესიონალებისგან და იმ მორჩილი პროკურორებისგან, ვინც აუკანკალებლად აწერდა ხელს უდანაშაულო ადამიანების ციხეში გაშვებას და ხელს უწყობდა დამნაშავე რეჟიმის გაძლიერებას.

და ბოლოს: დღევანდელი ხელისუფლების საბოლოო ტესტი იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა, რომელსაც დღე-დღეზე წარადგენენ. თუმცა, არა მგონია, კოალიციამ ამ შემთხვევაში თავისი ობიექტური გადაწყვეტილებით გაგვაკვირვოს.

                                        ზაურ ნაჭყებია