პროკურატურამ სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტის შესწავლა დაიწყო

პროკურატურამ  სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტის შესწავლა დაიწყო

სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.


"ჩვენ სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებულ გარემოებებს ვსწავლობთ, უახლოეს მომავალში უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება და გამოძიება დადებს დასკვნას, თუ როგორ და რა ვითარებაში მოხდა ამ ადამიანის გარდაცვალება", - განაცხადა კბილაშვილმა.


რამდენიმე დღის წინ მთავარ პროკურატურაში ბაჩო ახალაიასა და სხვა პირების წინააღმდეგ დაღუპული ქართველი ოფიცრის, სერგო თეთრაძის მეუღლემ საჩივარი შეიტანა.


შეგახსენებთ, რომ სამხედრო ძალების ვეტერანი, სერგო თეთრაძე თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გასული წლის 17 სექტემბერს დააკავეს. ამ პერიოდში ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა, მეგის ქარდავა კი სამხედრო პოლიციას ხელმძღვანელობდა. სერგო თეთრაძის ოჯახს დაკავებიდან 6 დღეში, 2011 წლის 23 სექტემბერს, ღამით აცნობეს, რომ პატიმარი გლდანის საპყრობილეში გულის შეტევით გარდაიცვალა.


როგორც სერგო თეთრაძის ოჯახის წევრები იუწყებიან, დღემდე არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, რა ვითარებაში გარდაიცვალა პატიმარი.  ასევე, ბუნდოვანია მისი დაკავების მიზეზი. სამხედრო ძალების ვეტერანი სავარაუდოდ, ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა ამაზე ზუსტი ცნობები მაშინ არც ერთ პასუხისმგებელ უწყებას არ გაუვრცელებია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: