მკვლელებზე და დამკვეთებზე „ნადირობის სეზონი“ დაიწყო!

მკვლელებზე და დამკვეთებზე „ნადირობის სეზონი“ დაიწყო!

პროკურატურამ ბოლოდროინდელი დაპირება შეასრულა - ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა. დამნაშავეებიც დაკავებულია.

ძნელი სათქმელია, რამდენად სრულია დამნაშავეთა სია (შეიძლება ზოგი გაქცეულია კიდეც), მაგრამ მთავარი ისაა, რომ საქმე გახსნილია!

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პროკურატურამ ბევრი გახმაურებული საქმე გახსნა და მომავალშიც გახნის, ანუ, ამით ალბათ იმის თქმა სურდა  პრემიერს, რომ მკვლელებზე და დამკვეთებზე „ნადირობის სეზონი“ დაიწყო, რომელიც ნათლად წარმოჩენს „ნაციონალური რეჟიმის“ პირსისხლიან სახეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, პროკურატურის გააქტიურებას (მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადამიანების დაკავება, რომელთა რიგებში შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნებიც ურევია) „ნაციონალების“ ოდიოზური ფიგურების მხრიდან „მწვავე“ რეაქცია მოჰყვა. ისინი საზოგადოებას არწმუნებენ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ დაჭერებით ერთგვარი შოუ დადგა, რომელიც ბუმერანგივით უკან დაუბრუნდება! არ გამოვრიცხავ იმასაც, ხელისუფლებას ოკეანისგაღმიდან თითიც დაუქნიონ...

საკამათო არ არის, მკვლელები და ამაზრზენი მკვლელობების დამკვეთები სათანადოდ უნდა დაისაჯონ, მაგრამ ერთი სითხვა მაინც მაწუხებს: სად იყო აქამდე პროკურატურა: ნუთუ იური ვაზაგაშვილის ხარაკირი იყო იმისთვის აუცილებელი, რომ საქმე მკვდარი წერტილიდან დაძრულიყო?

საზოგადოებას იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა, რომ ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრების (და არა აღდგენის, როგორც ამას ხშირად ამბობენ ხოლმე) პროცესი დაიწყო, თუმცა სამართლიანობის დამკვიდრება უფრო გლობალური პროცესია და იგი ზოგადად მთლიანად სისტემის რეფორმირებას გულისხმობს. არის თუ არა მზად ამისთვის დღევანდელი ხელისუფლება და გახდება თუ არა უსამართლობასთან ბრძოლა შეუქცევადი პროცესი, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს!

                                                     ლევან ლიქოკელი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: