შოთა მურღულია: ანგარიში "ნიუ ენერჯის" შესახებ ფინანსთა სამინისტროს გადაეგზავნება

შოთა მურღულია: ანგარიში "ნიუ ენერჯის" შესახებ ფინანსთა სამინისტროს გადაეგზავნება

"ნიუ ენერჯისა" და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის ურთიერთობის მასალები ფინანსთა სამინისტროს გადაეგზავნება. ამასთან დაიწყება გამოძიება", - განაცხადა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ.


მისი განმარტებით, "ნიუ ენერჯის" მიერ სამინისტროს კოორდინირებით ჩატარებული და განსახორციელებელი სამუშაოების პროექტებში მრავალი დარღვევაა აღმოჩენილი. ერთ-ერთი ასეთი პროექტი კობი-გუდაურის მონაკვეთის მშენებლობაა. როგორც მასალებიდან ირკვევა, კომპანიას გადაუდებელი შესყიდვის ხელშეკრულება გაუფორმდა და ბიუჯეტიდან 3 მილიონი გამოეყო. აქედან 2 მილიონ 900 ათასი კომპანიას უკვე მიღებული აქვს, თუმცა, ივლისიდან მოყოლებული, ჯერ სამუშაოების მინიმუმიც არ შესრულებულა.


მინისტრის მოადგილის თქმით, ეს პროექტი სახელმწიფო მნიშვნელობისაა და მისი ჩავარდნა სახელმწიფო ბიუჯეტს საგრძნობლად აზარალებს, რის გამოც საქმე შესაბამის სტრუქტურებს გადაეცემათ გამოსაძიებლად.


გარდა ამისა, სამინისტრო კახეთში, კერძოდ, სოფელ ჯუღაანში გასხვისებული მიწის ნაკვეთით დაინტერესდა. საუბარია 17 ჰექტარზე, რომელის გასხვისებაც და მიმდინარე მშენებლობაც ფინანსურად არ არის გამჭირვალე და გარკვეული სამართალდარღვევების გამო პროკურატურას უნდა გადაეცეს.


შეგახსენებთ, რომ დღეს თორმეტ საათზე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც სამინისტროსა და კომპანიის საქმიანობის, მის მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის საკითხებზე ისაუბრეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: