იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩამდენი პირი დაკავებულია

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩამდენი პირი დაკავებულია

საქართველოს პროკურატურის მიერ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში აფეთქების შედეგად მოკლული იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩამდენი პირი დაკავებულია. 

კერძოდ ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად დაკავებულია პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2015 წლის 20 იანვარს, ახლობლის დაკრძალვაზე, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ჩასული იური ვაზაგაშვილი მივიდა საკუთარი შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე, სადაც იგი სასაფლაოზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.  

გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი ე.წ. "ფალიის სახელური", რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით აღმოჩენილი იქნა ადამიანის დნმ-ის კვალი. 

გამოძიებით გადამოწმდა მობილური სატელეფონო ოპერატორების მომსახურე ანძებზე დაფიქსირებული  აბონენტების ვინაობა, დაიკითხა ათეულობით მოწმე, განისაზღვრა დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირთა წრე, რომელთა მიმართ საქართველოს შსს-ს გენერალური ინსპექციისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი და დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი, რომელიც როგორც გამოძიებით დადგინდა, 2015 წლის 19-20 იანვარს იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას ტერიტორიაზე და რომლის დნმ-ი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დაემთხვა შემთხვევის ადგილიდან (ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავი) ამოღებულ ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიის სახელურზე აღმოჩენილ დნმ-ს. ამდენად, უტყუარად შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი მოკლული იქნა გია სოსანაშვილის მიერ საფლავზე დამონტაჟებული  ხელყუმბარის აფეთქების შედეგად.

საქმეზე გრძელდება გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზარხ მკვლელობის კვალიფიკაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 დან 14 წლამდე ვადით.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: