არასამთავრობო ორგანიზაციები ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურას მხარს უჭერენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურას მხარს უჭერენ

ოცი არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაცია უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარედ ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურას მხარს უჭერს.

"ქვეყანაში სრულფასოვანი, მიუკერძოებელი, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი აკმაყოფილებდეს არამარტო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ კრიტერიუმებს - მოქალაქეობის, ასაკის, განათლებისა და კვალიფიკაციის ცენზს, არამედ იყოს პრინციპული, თავისუფალი ნებისმიერი სახის ზეგავლენისაგან და შეეძლოს თავისი პოზიციების დაცვა იმ შემთხვევაშიც კი როდესაც უმცირესობაში იმყოფება.

მიგვაჩნია, რომ ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი არის ადამიანი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს. მისი პოზიცია ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის" მიღებისას, ბატონი იური და ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობების გამოძიების საქმეებზე და მრავალ სხვა საკითხთან დაკავშირებით, ისევე როგორც მისი საქმიანობა საზოგადოებრივ ასპარეზზე სამართლიანობისათვის ბრძოლაში, ვფიქრობთ ამის ნათელი დასტურია. მისი კომპეტენცია და გამოცდილება კი არავისთვის არ წარმოადგენს დავის საგანს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები მხარს ვუჭერთ ბატონი ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პოსტზე", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ კავშირი "21 საუკუნე", სამოქალაქო განათლების საერთაშორისო ფონდი, იურისტები დემოკრატიის განვითარების და სამართლებრივი დახმარებისთვის, ფონდი "სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი", ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისათვის, საქართველოს ქრისტიან ქალთა ცენტრი, მიგრანტთა უფლებებისა დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრი, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესი, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ანტინარკოტიკული ცენტრი, ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირი, ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისთვის, ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია, საქართველოს ებრაელ თემთა საგანმანათლებლო კავშირი, პროფესიული განათლების პროფკავშირი, წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტი, ახალგაზრდული ცენტრი საქართველო, სტუდენტური საერთაშორისო ინიციატივა, ეკო-ფანი, ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია "ახლებური ხედვა", სამოქალაქო ინიციატივების ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: