სოსო ცინცაძე: რუსეთთან ომს ვერც ამერიკა გარისკავს!

სოსო ცინცაძე:   რუსეთთან ომს ვერც  ამერიკა გარისკავს!

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე  "ივერიონს" იმის შესახებ  ესაუბრა, თუ  რა შანსი გაუშვა ხელიდან ჟურნალისტმა  გიორგი გაბუნიამ, რა წერია პუტინის სამედიცინო დასკვნაში და ე.წ. უმცირესობაში ვის საიდან ეზრდება ფეხები.

-ბატონო სოსო, როგორ შეაფასებთ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სატელევიზიო გამოსვლას "რუსთავი 2-ზე"? რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, როცა თქვა, ივანიშვილი არჩევნებით არ წავა, მაგრამ ჩვენ ხალხის ნებით დავბრუნდებითო? ეს მუქარა იყო თუ ყალბი რიტორიკა?
-სააკაშვილმა გუშინ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი რამ ილაპარკა, მაგრამ ის კი გარკვევით თქვა, რომ ტრადიცია უნდა გაგრძელდეს,  ხელისუფლება არჩევნებით უნდა შეიცვალოს და ამისთვის სრულიად საკმარისია ორი მაგალითიო. მართალია, ჟურნალისტ გაბუნიას ძალიან უნდოდა რამე პროვოკაციული წამოსცდენოდა მიშას, რაც დღის სენსაცია გახდებოდა, მაგრამ ის ამ ანკესზე არ წამოეგო.
გახდება თუ არა  უკრაინაში მიმდინარე მოვლენები  მესამე მსოფლიო ომის წინაპირობა  და არის თუ არა უკრაინა აშშ-სა და რუსეთის საჯილდაო ქვა?
-რა თქმა უნდა, უკრაინა უკვე არის საჯილდაო ქვა, მაგრამ მე-3 მსოფლიო ომი არ იქნება. თუ იქნა,  ის არაფრით დაემსგავსება I  და II მსოფლიო ომებს, არამედ ის იქნება ბირთვული და კატასტროფული. მას შემდეგ კი, რაც აშშ-ში ვრცელდება პუტინის ავადმყოფობასთან დაკავშირებული დასკვნა, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს, არც ერთი ქვეყანა, მათ შორის ამერიკაც არ გარისკავს რუსეთთან  ომს, მით უმეტეს, 11 ათასი ცალი ატომური ბომბის მქონე ქვეყანასთან.
-საქართველოს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტმა ყოფილი "რესპუბლიკელი" ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარუდგინა პარლამენტს. თქვენი აზრით, იყო თუ არა ის საუკეთესო 27 კანდიდატთაგან, მით უმეტეს, მას მხარს არ უჭერენ "ნაციონალები"?
-ნინო გვენეტაძე და მე ბრიტანულ-ქართულ უმაღლეს სასწავლებელში ერთად ვასწავლით, მისი კაბინეტი ჩემი კაბინეტის წინაა. მე მას თავიდანვე ვუჭერდი მხარს, როგორც მეცნიერს, პრინციპულსა და პროფესიონალ პიროვნებას. რა თქმა უნდა, "უმცირესობა" მას წითელ ხალიჩას არ დაუფენს და ყველანაირად ეცდება მისი ყოფილი "რესპუბლიკელობა" ივანიშვილის ყურამდე მიიტანოს. ყველაფერს გააკეთებენ ბიძინას გააგებინონ,  რომ "რესპუბლიკელების" კიდევ ერთი კადრი საკვანძო თანამდებობისკენ მიილტვის. ისე, მათ საკუთარ რიგებში შეიხედონ და გაარკვიონ, ვინ საიდან მოდის და  ვის საიდან ეზრდება ფეხები.

                                                   ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: