ირაკლი სესიაშვილი: მმართველი პოლიტიკური ძალა თავის სადავეებში აიყვანს ვითარებას აჭარაში

ირაკლი სესიაშვილი: მმართველი პოლიტიკური ძალა  თავის სადავეებში აიყვანს ვითარებას აჭარაში

კოალიციისთვის არ არის სასიხარულო, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ"  უმრავლესობა დაკარგა, განცხადება ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი სესიაშვილმა  დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

"ეს არის გარკვეულწილად ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომა, რასაც გამოსწორება სჭირდება, თუმცა ჩვენ ასეთი გამოხტომების არ უნდა შეგვეშინდეს, რამდენადაც ეს არის ბუნებრივი დემოკრატიული პროცესი. დემოკრატიულ, ნორმალურ ქვეყანაში ასეთი შემთხვევები ხდება. ეს არ არის რაიმე არაორდინარული და ეს ჩვეულებრივი ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის ნაწილია. ამაზე კოალიცია ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს, თუ საჭიროა, ჩავერევით აგრესიულად, თუ საჭიროა, ჩავერევით ლიბერალური მიდგომებით, მაგრამ სიტუაციას აუცილებლად მივხედავთ და რაც მთავარია, მმართველი პოლიტიკური ძალა, დარწმუნებული ვარ, თავის სადავეებში აიყვანს ვითარებას აჭარაში", -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი  თქმით, აჭარაში გარკვეულწილად პროცესის ინსპირირება მოხდა.

"სამწუხაროდ, ამ პროცესში ის პირები მონაწილეობდნენ, ვის მიმართაც "ქართულ ოცნებას" ნდობა ჰქონდა გამოცხადებული. თუმცა ბევრს აქვს თავისი სუბიექტური მიზნები და ამ შემთხვევაში ამ სუბიექტურ მიზნებს გადააყოლეს აჭარაში კოალიციის ინტერესები. ამაზე მათ პასუხის გაცემა მოუწევთ. თავისთავად ცხადია, ერთი, რომ მათ არ ექნებათ საშუალება, კოალიციის ფარგლებში რაიმე ტიპის გართულებები გამოიწვიონ და მეორე მხრივ, ცხადია, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ აჭარაში სიტუაცია სტაბილური იყოს და მმართველ პოლიტიკურ ძალას ყველა ბერკეტი ჰქონდეს, რომ პროცესები ისე წაიყვანოს, როგორც საჭიროა. ამას ჩვენ შევძლებთ", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: