დავით უსუფაშვილი:საკითხი არ უნდა დაესვათ ისე, რომ "თავისუფალი დემოკრატები" თანამდებობიდან წასულიყნენ

დავით უსუფაშვილი:საკითხი არ უნდა დაესვათ ისე, რომ "თავისუფალი დემოკრატები" თანამდებობიდან წასულიყნენ

ხორვატიის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" მიერ საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობების დატოვებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"ჩემი სამივე კოლეგა მუშაობდა თავის თანამდებობაზე. ბატონი ვიქტორი ახლა აქ უნდა იდგეს, რადგან დელეგაციის შემადგენლობაში იყო და მან სამწუხაროდ, უარი თქვა წამოსვლაზე. სამივე მათგანი იყო კომიტეტის ძალიან კარგი თავმჯდომარე. ისინი კარგად უძღვებოდნენ თავიანთ საქმეს. ვისურვებდი, რომ ისინი დარჩენილიყვნენ თავიანთ თანამდებობებზე. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ პარლამენტი არ არის მთავრობა, იმ აზრით, რომ პარლამენტი არ არის ყოველთვის ერთი პოლიტიკური ძალის ან ერთი კოალიციის წარმომადგენლების ასპარეზი. მთავრობაში ერთი პოლიტიკური ძალის, ერთი კოალიციის წევრები არიან თანამდებობებზე, მაშინ, როდესაც პარლამენტში ყველა თანამდებობა არ არის დაკავშირებული ადამიანების პოლიტიკურ შეხედულებებთან", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, უმრავლესობის შიგნით თვლიდნენ, რომ მათ საკითხი არ უნდა დაესვათ ისე, რომ "თავისუფალი დემოკრატები" თანამდებობიდან წასულიყნენ.

"რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეებს, მათი გადაყენების თაობაზე იყო გარკვეული კითხვები, მოსაზრებები, მაგრამ არანაირი სერიოზული მსჯელობა არ გამართულა არც პოლიტსაბჭოზე, არც უმრავლესობის შიგნით. "მოთელვით" მსჯელობებში, მეც და უმრავლესობის ძალიან ბევრი წარმომადგენელი ვთვლიდით, რომ ჩვენ საკითხი არ უნდა დაგვესვა ისე, რომ ისინი წასულიყვნენ თანამდებობიდან. კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობა იზომება მისი ქმედების და საქმის ავ-კარგიანობით და არა პოლიტიკური კუთვნილებით.

როგორც ჩანს, კოლეგებმა მიიღეს სხვა გადაწყვეტილება. შესაძლოა, ასეთ შემთხვევაში მათი პოლიტიკური საქმიანობა უფრო თავისუფალი და ეფექტური იყოს. მე მათ წარმატებებს ვუსურვებ იმ ასპარეზზე, სადაც მეტ ენერგიას დახარჯავენ. ისინი რჩებიან პარლამენტში და მე პირადად ვაგრძელებ მათთან ისეთივე ურთიერთობას, რაც მქონდა წლების განმავლობაში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: