სანიკიძის ახალი სტრატეგია - სქემა, ანუ როგორ ავიცილოთ მასწავლებლის პროტესტი

სანიკიძის ახალი სტრატეგია - სქემა, ანუ როგორ ავიცილოთ მასწავლებლის პროტესტი

ზარზეიმით წარმოადგინა სამინისტრომ მასწავლებელთა პროფესიაში შესვლის, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემა. დოკუმენტი, რომელიც არასოდეს განხორციელდება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სრულიად არაკომპეტენტურად და გაუაზრებლადაა ის მიზნები თუ ამოცანები, რომელიც ასეთი ტიპის აქტივობის დასაგეგმადაა საჭირო. აქვე, ეს ის სქემაა, რომლის კანონში მოხვედრაზეც პარლამენტის განათლების კომიტეტმა უარი თქვა ერთი არგუმენტით, წარმოდგენილი დოკუმენტით ვერ დაიჯერა და დაინახა ასეთი აქტივობის განხორციელების შესაძლებლობა.

უპირველესად, არსებული მოდელის ამოქმედება შექმნის სკოლაში ნეპოტიზმისა და კორუფციის საფრთხეს - შეფასების ჯგუფი, რომლის კომპეტენციის ამაღლებისთვისა თუ გასაწევი საქმიანობის შესაბამისობაში მოსაყვანად არავის უზრუნია, დირექტორის ხელდასმით (რა თქმა უნდა, კათედრები რომ წარადგენენ შემდეგ!) იქნება დირექციის დაკვეთის უშუალო შემსრულებელი იმ შეთავაზების სანაცვლოდ, რასაც სქემა თავად სთავაზობს დაკანონებულად - 3 წლის განმავლობაში ამ ჯგუფის წევრობა თავისთავად ახალი შრომის კოდექსით გულისხმობს უვადო ხელშეკრულების გაფორმებასაც…. ის, რომ მოუმზადებელი ჯგუფის მუშაობა არაკოლეგიალურ და დაძაბულ გარემოს შექმნის სკოლაში,ამაზე არაფერს ვიტყვი, ეს მხოლოდ მათ შეუძლიათ მიხვდნენ, ვისაც სკოლაში უმუშავია…

რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემაზე შევაჩერებ ყურადღებას.

მოწოდებული სქემით, სამინისტრომ კარგად იცის, რომ  დღეს 65000-მდე მასწავლებელი ჰყავს _ ,,დღეს მოქმედი 65000 მასწავლებლიდან სერტიფიცირებულია დაახლოებით მხოლოდ 17000 მასწავლებელი" (ამონარიდი დოკუმენტიდან გვ.38) თუმცა ბიუჯეტი დათვლილი აქვს 60100 პედაგოგზე…(ამონარიდი დოკუმენტიდან გვ. 37; ცხრილი )

 დასკვნა მარტივია, გეგმაშია 5000 მასწავლებლის გათავისუფლება. 

გარდა ამისა, მოტივაციისთვის, რომელსაც ეს კარიერული წინსვლა გთავაზობთ, თქვენი ხელფასი ასე გამოიყურება - პრაქტიკოსი მასწავლებელი 367-385 ლარი ( მერყეობს სტაჟის გათვალისწინებით), ასეთი არის 45 200 პედაგოგი; უფროსი მასწავლებელი: 496-512 ლარი ( მერყეობს სტაჟის გათვალისწინებით), ასეთი ჰყავს 14 800 მასწავლებელი; წამყვანი მასწავლებელი: 600-612 ლარი ( მერყეობს სტაჟის გათვალისწინებით) ასეთი ჰყავს 100 მასწავლებელი; რაც შეეხება მენტორს, სახელმწიფოსგან ეს აღიარება საქართველოში მყოფ არცერთ პედაგოგს არ ერგო წილად. 

სახელმწიფომ იცის, რომ დღეს 17000 მასწავლებელია სერტიფიცირებული, რომელთაგან მოქმედის სტატუსი მხოლოდ 14800 აქვს, მაშასადამე, 2200 პედაგოგი კარგავს სერტიფიკატს (მათ შორის 1000 ლარსაც), რადგან ეს სქემა მხოლოდ მოქმედ მასწავლებლებზე ვრცელდება, ამ ადამიანებისთვის კი არავინ იფიქრა, უბრალოდ სახელმწიფომ ისინი თვლიდან ამოიღო, როგორც არარსებული კადრი… 

და კიდევ ერთი, თქვენ თუ მაინც მოინდომებთ წინსვლას კარიერული თვალსაზრისით, უფროსი მასწავლებლის შემდგომ აუცილებლად გჭირდებათ დოქტორის ხარისხი, სხვანაირად თქვენი წინსვლა დასამარდა… აქედან გამომდინარე, თუ მაინც გადაწყვეტთ, უახლოესი ხელფასის მომატება (512 ლარიდან) შესაძლებელი ხდება არაუმცირეს 4 წლის შემდგომ ( დოქტურანტურის დამთავრების 3 წელს + გარე დაკვირვებისგან მოსაგროვებელი კრედიტების 1 წელი) ანუ 2020/21 სასწავლო წლამდე ეს სიამოვნება თქვენთვის მიუღწეველია… 

და ერთიც, მაინტერესებს, რა დააშავეს სპორტისა და მუსიკის მასწავლებლებმა, რომლებმაც სამინისტროს უნიათობის გამო, ვერადავერ მოახერხეს ჩაებარებინათ საგნობრივი გამოცდა, მათ შორის ისეთი მოტივირებულებიც არიან, რომლებმაც უნარების ნაწილი წარმატებით გადალახეს და აგერ 4 წელია ელოდებიან საგნის გამოცდას, ამ სქემის მიხედვით პრაქტიკოსების სტატუსი რომ მიენიჭათ და ხელფასიც დააკლდათ, ამაზე იფიქრა სამინისტრომ, ნეტავ?!

მოკლედ, ეს ყოველივე ზღვაში წვეთია, სქემაში ისეთები წერია… თუმცა დროდადრო, სხვადასხვა საშუალებით, მინისტრი ამტკიცებს, რომ ეს ყოველივე სიცრუეა, თუმცა უარგუმენტოდ - სიტყვაზე ნდობის პრინციპით….

ეს ის სქემაა, სამინისტრომ მთავრობასთან ერთად, პედაგოგებო თქვენს საკეთილდღეოდ რომ გამოამზეურა 19 თებერვალს… 

ერთი კი არის, სამინისტრომ მინიმუმ 4 წლით მოაგვარა პრობლემა - მასწავლებელი ხმას ვერ ამოიღებს ხელფასზე, მეტიც… თუ ,,ჭკვიანი" აღმოჩნდა, მადლობასაც გადაიხდის, რომ ამუშაონ!!! 

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საგანმანათლებლო ალიანსის" თანათავმჯდომარე მარიამ რამინაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: