ბიძინა ივანიშვილის დიდი „გამოღვიძება“-რაში ადანაშაულებს ექს-პრემიერი გიორგი ქადაგიძეს?

ბიძინა ივანიშვილის დიდი „გამოღვიძება“-რაში ადანაშაულებს ექს-პრემიერი გიორგი ქადაგიძეს?

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ქვეყანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის "უმოქმედობამ" მიიყვანა. 

როგორც ივანიშვილი ლარის კრიზისთან დაკავშირებით გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში განმარტავს, "ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აშკარად ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ქვეყანაში შექმნილ არასწორ მოლოდინებთან, სპეკულაციურ გარიგებებთან და აჟიოტაჟთან, რომლის შექმნასაც დიდი მონდომებით ცდილობენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი "ექსპერტები".

"სწორედ ეროვნული ბანკის კომპეტენცია და პირდაპირი მოვალეობა იყო სიტუაციის სწორად მართვა, რათა საქმე არ მისულიყო არაადეკვატურ განვითარებამდე. ჩვენ კი დავინახეთ საწინააღმდეგო, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე. ვალუტის კურსის ნახტომისებური ცვლილების თავიდან აცილების მიზნით რეგიონის სხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი გაიღეს (სომხეთი - 34%, მოლდოვა - 30%), რამაც დღეისთვის მათი ვალუტების სტაბილურობის ტენდენცია განაპირობა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კი ოფიციალური რეზერვების მხოლოდ 5%-მდე (120 მლნ. დოლარი) დახარჯა, რაც შედეგს ვერ გამოიღებდა და ვერც გამოიღო. ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ბერკეტი, რომ უზრუნველყოს მცურავი კურსის პირობებში ეროვნული ვალუტის დასტაბილურება. ყველა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინებით, დღეს ლარის გაცვლითი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2.0 ლარს და მოვუწოდებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა და გადადგას ადეკვატური ნაბიჯები", - აცხადებს ივანიშვილი.

ყოფილი პრემიერის შეფასებით, 2014 წლის შემოდგომიდან ლარის კურსთან დაკავშირებული მოვლენები სწორედ იმ საგარეო ფაქტორების ზეგავლენის ადეკვატურად განვითარდა, რაც რეგიონის სხვა ქვეყნების ეკონომიკებისთვისაც დამახასიათებელია. 

"სავალუტო კურსზე დიდი ზეგავლენა მოახდინა დოლარის გამყარებამ თითქმის ყველა ვალუტის, მათ შორის, ევროს მიმართ და რეგიონში შექმნილმა რთულმა ეკონომიკურ-პოლიტიკურმა ვითარებამ. 

მიმაჩნია და ეს მოსაზრება სრულად შეესაბამება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პოზიციას, რომ საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რაც ეკონომიკისათვის ყველაზე ოპტიმალური რეჟიმია. შესაბამისად, კურსის ცვლილება ხდებოდა ხან ერთი და ხან მეორე მიმართულებით, გაუფასურებას მოჰყვებოდა გამყარება და პირიქით. ლარის კურსის მერყეობა ჯდებოდა სტაბილური ვალუტებისათვის დამახასიათებელი მერყეობის პარამეტრებში და ეს იყო ჯანსაღი რეაქცია საგარეო ეკონომიკური გარემოებების ცვლილებაზე. 

საქართველოს მთავრობამ სწორედ იმ მიზნით, რომ შეემსუბუქებინა საგარეო ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენა, გატარებული ფისკალური პოლიტიკით, 2014 წელს შეამცირა ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილი 3.9%-იდან 2.9%-მდე (300 მლნ. ლარი). 

როგორც ვნახეთ, წინა წლის ბოლოს და 2015 წლის იანვარში მოხდა ლარის გაცვლითი კურსის დასტაბილურება და საგარეო ფაქტორებისგან გამოწვეულ გარემოებებთან მიმართებაში მეტ-ნაკლებად ადეკვატურ ნიშნულზე დაფიქსირება", - აღნიშნავს ყოფილი პრემიერი განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ ის ხედავს საბოტაჟის ნიშნებს ეროვნული ბანკის ნაბიჯებში, სრულად იზიარებენ მმართველ კოალიციაში. 

საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებში არის საბოტაჟის ნიშნები და ამის შესწავლა აუცილებელია. 

"შესასწავლია აუცილებლად, რაც მოხდა. ის, რომ სპეკულაციები იყო და აჟიოტაჟი შეიქმნა, ეს ცხადია. ჩემი მოსაზრებაა, რომ გარკვეულ საბოტაჟს აქვს ადგილი," - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე. 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს იზიარებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელიაც. დეპუტატი ფიქრობს, რომ მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ეროვნულმა ბანკმა ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

"ვეთანხმები ამ განცხადებას. აქცენტები და ანალიზი სწორია. ეროვნული ბანკის როლი და მის მიერ გატარებული ღონისძიებები გადამწყვეტია. ის ნაწილი, რაც ეროვნულ ბანკს აკისრია, უნდა იყოს შესრულებული, მთავრობის ეკონომიკური გუნდი კი თავის წილ საქმეს აკეთებს," - აცხადებს ეკა ბესელია.

ბიძინა ივანიშვილის განცხადების შინაარსი გაიზიარა მმართველი კოალიციის კიდევ ერთმა წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემაც.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: