ლევან პირველი: ზურაბ ჟვანია მოკლეს "რაზბორკებში"

ლევან პირველი: ზურაბ ჟვანია მოკლეს "რაზბორკებში"

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა  წევრმა ლევან პირველმა განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება ე.წ "წაზბორკების" დროს მოხდა.

პირველი იმ ადამიანების გვარებს ასახელებს, ვინც მისი თქმით იცის რა მოხდა 2005 წლის 3 თებერვალს, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ღამეს.

"ვურჩიე, ფრთხილად იყავი, რამე არ გაგიკეთონ მეთქი. ეს იყო ჩემი ბოლო საუბარი მასთან. სააკაშვილისთვის ზურაბის მოშორების მიზეზი და საფუძველი არსებობდა, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, როგორც ჩანს, ყველაფერი შემთხვევით მოხდა. ეს მკვლელობა განზრახ რომ ჩაედინათ, უფრო კარგად მოემზადებოდნენ, უფრო დამაჯერებელ ვერსიას შეიმუშვებდნენ", - განაცხადა ლევან პირველმა.

ყოფილი დეპუტატის ვარაუდით, გარდაცვალება მათთვის დამახასიათებელ "რაზბორკაში", "გაქაჩვა-გამოქაჩვაში, თავში რაღაცების ჩარტყმასა და საფერფლეების სროლაში მოხდა, რაც სხვა დროსაც არაერთხელ გაუკეთებიათ".

"ზურაბს წინ დაუდეს ფაქტები, რომ სააკაშვილის წინაამდეგ გამოსვლას ამზადებდა. აი, ამ გაწევ-გამოწევაში შემთხვევით მოხდა ყველაფერი. ზუსტად შემიძლია ჩამოგითვალოთ იმათი გვარები, ვინც იცის რა მოხდა. ესენია: მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია და გია ბარამიძე", - აღნიშნა პირველმა.

 მისივე მტკიცებით, კონსპირაციული ბინა, სადაც თითქოსდა ჟვანია გარდაიცვალა, ვასილ მაღლაფერიძის ნათესავს ეკუთვნის. შესაბამისად, პირველის თქმით, მაღლაფერიძეს ყველაფერი ეცოდინება, თუმცა მისივე განცხადებით, ეს ბინა მუდმივად ჰქონდათ დაქირავებული და რაღაც მომენტებისთვის იყო მოფიქრებული.

ლევან პირველის ინფორმაციით, ყველაფერი უცებ მოხდა, დროში შეზღუდულები იყვნენ - იკითხეს ვის და სად ჰქონდა ბინა, რომელიც მაღლაფერიძეს აღმოჩნდა.

"სასწრაფოდ უნდა გაეკეთებინათ ყველაფერი, ამიტომ არის ამდენი სისულელე დაშვებული. ამიტომ ვამბობ, ზურაბ ჟვანია განზრახ არ არის მოკლული. პირადად მაქვს წაკითხული ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ექსპერტიზის ინგლისური ვარიანტი, სადაც პირდაპირ წერია, რომ ჟვანიას ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის CO არ აღმოჩნდა. ქართულ თარგმანში კი, სიტყვა "არ" ამოღებული იყო", - აცხადებს ლევან პირველი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: