აბობოქრებული „ნაცმოძრაობა“, 21 მარტის აქცია რუსთაველზე და თბილისისკენ მომზირალი რუსული ტანკები!

აბობოქრებული „ნაცმოძრაობა“, 21 მარტის აქცია რუსთაველზე და თბილისისკენ მომზირალი რუსული ტანკები!

მოსკოვში პოლიტიკური ოპოზიციის ერთ-ერთი აქტიური ლიდერი ბორის ნემცოვი მოკლეს. მიუხედავად მკვლელობის სხვადასხვა ვერსიებისა, რომელსაც მეტ-ნაკლებად თვით ნემცოვის თანაპარტიელებიც იზიარებენ, მკვლელობის შემკვეთად მაინც ვლადიმერ პუტინი სახელდება - ასე აწყობს დასავლეთს, უფრო სწორად, ამერიკას, რომელიც ახალი „მაიდნის“ მოწყობას ცდილობს რუსეთში...

თბილისში ეროვნულ ვალუტას - ლარს - დამიზნებით ესროლეს. სროლა იმდენად მიზანმიმართული აღმოჩნდა, რომ  მისი „სიცოცხლისუნარიანობის“ შენარჩუნებას „მსუბუქი თერაპია“ ვერ უშველის!..

ლარის კატასტროფულად გაუფასურებამ მოსახლეობის ჯიბეს ძლიერად დაარტყა, იმდენად ძლიერად, რომ საზოგადოებაში არსებული პანიკა შესაძლოა უმართავ პროცესებში გადაიზარდოს, ან სრული იმედგაცრუება და თანამოქალაქეების სერიოზულად მნიშვნელოვანი ნაწილის გაღატაკება გამოიწვიოს!

„ივერიონში“ საკმაოდ განსხვავებული მისაზრებები გამოითქვა აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით და ალბათ, მომავალშიც გამოითქმება, მაგრამ ერთი რამ უდავოა - ლარის კურსის გაუფასურებას სხვა ობიექტურ (გარეშე) ფაქტორებთან ერთად მთავრობის უნიათო პოლიტიკამ, კონკრეტულად ეროვნული ბანკის, როგორც ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მარეგულირებელი ორგანოს არასახელმწიფოებრივმა მიდგომებმა შეუწყო ხელი - ეროვნულმა ბანკმა არ გააკეთა ის, რაც მას ევალებოდა.

თუმცა, ბიძინა ივანიშვილისა არ იყოს, ყველა ცოდვის სებ-ზე აკიდება და მხოლოდ გიორგი ქადაგიძის „განტევების ვაცად“ გამოცხადება, სწორი არ იქნება! იმის თქმა, რომ სებ-ის მხრიდან საბოტაჟს აქვს ადგილი და ლარის კურსი კატასტროფულად ამიტომ დაეცა, უადგილოა- მთავრობა იმის მთავრობაა, საბოტაჟი დროზე აღკვეთოს და მოსახლეობის ინტერესები დაიცვას!..

ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო, გამოთქმისა არ იყოს, ქართველ ხალხზე „მზრუნველი“ და „ქართული ოცნების“ მიერ ერთადერთ ოპოზიციად გამოცხადებული „ნაცმოძრაობა“ ამ შანსს ხელიდან არ უშვებს - ეკონომიკის ჩამოშლაში (როგორც სააკაშვილს უყვარს ხოლმე ამის თქმა) და მოსახლეობის გაღატაკებაში იგი ხელისუფლებას ადანაშაულებს და 21 მარტს რუსთაველზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს იწყებს!

„ნაციონალები“ არ მალავენ, რომ ისინი ამ მთავრობას არჩევნებამდე ვერ დაელოდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ღონეს იხმარენ მოსახლეობაში დეზორგანიზაციის შესატანად და საპროტესტო მუხტის ასაგორებლად. თუ მათ, რუსთაველზე პერმანენტული აქციების ორგანიზება შეძლეს, მტკიცება არ უნდა, რომ „ნაციონალები“ არც მათ მიერ მომზადებული და დაგეშილი ზონდერ-ბრიგადების „თამაშში“ ჩართვას მოერიდებიან (არ გამოვრიცხავ ტერორისტულ აქტებსაც). რაც, ერთის მხრივ, საზოგადოებაში დაუცველობის სინდრომის გაძლიერებას, ხოლო, მეორეს მხრივ, ხელისუფლების უუნარობის დემონსტრირებას შეუწყობს ხელს!

თუ სოციალურ ქსელებში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ გამოთქმული შეფასებებით ვიმსჯელებთ, „ნაცმოძრაობა“ 21 მარტს მოსახლეობის მხარდაჭერას ვერ მიიღებს - პირიქით, უკვე საუბარია იმაზე, რომ მას საპროტესტო აქციის ჩატარების უფლება არა აქვს და იგი, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, საბოლოოდ უნდა დასამარდეს!

უკვე გვიანია იმაზე საუბარი, თუ რა შეცდომა დაუშვა დღევანდელმა ხელისუფლებამ, „ნაციონალებთან“ მიმართებაში, მაგრამ ერთი რამ აშკარად ცხადია - მათ ხელისუფლებაში დაბრუნების დაუოკებელი სურვილი ამოძრავებთ და თუ ეს სურვილი რეალობად აქციეს, რა დღეში ჩავვარდებით, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.


არც ის არის ძნელი მისახვედრი, რომ თუ „ნაციონალებმა“ სახელისუფლებო გადატრიალება შეძლეს, ამას თავისი „პატრონები“, ანუ ე.წ. მსოფლიოს „დემოკრატიული საზოგადოება“ მშვენივრად „გაუპრავებენ“. კულუარებში საუბრობენ იმაზეც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის (კერძოდ, ამერიკელების) იმედი ვერ გაამართლა და მათ ჩანაცვლებაზე უკვე ფიქრობენ!

დაბეჯითებით იმის თქმა, რამდენად არის მზად დღევანდელი ხელისუფლება „ნაციონალების“ მიერ თავსმოხვეული ნებისმიერი პროვოკაციის აღსაკვეთად, ძნელია, მაგრამ საქართველო ხომ მარტო ხელისუფლება არ არის?!

საქართველო - ქართველებისა და აქ მცხოვრები სხვა ეროვნების ადამიანების ერთობაა, რომლებმაც „ნაციონალური“ კოშმარის განმეორება არ უნდა დაუშვან!

ნიშანდობლივია ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გააქტიურება საეჭვოდ ემთხვევა მოსკოვში მომხდარ მკვლელობას, რომლის გამოყენებასაც ბნელი ძალები ცდილობენ რუსეთში არეულობის შესატანად და არსებული რეჟიმის შესაცვლელად. „ნაციონალების“ წისქვილზე წყალს ასხამს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიც.

თუმცა, თუ საქართველოში სიტუაცია უმართავ პროცესებში გადაიზარდა,არ გამოვრიცხავ, რუსეთის ფაქტორმა გადამწყვეტი როლი ითამაშოს, მითუმეტეს, რუსული ტანკები თბილისიდან არც თუ ისე შორიდან იმზირებიან ჩვენსკენ!

ერთი სიტყვით, საქართველო საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე შეიძლება დადგეს. მერე ვის რა აწყობს, არავინ შეგვეკითხება!

ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: