რატომ უჩივის გია თვალავაძეს "კელაპტრის" მედპერსონალი?

რატომ უჩივის გია თვალავაძეს "კელაპტრის" მედპერსონალი?

ლაგოდეხის რაიონული საავადმყოფო "კელაპტრის" თანამშრომლები შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგენკოს დახმარებას სთხოვენ.


"კელაპტრის" თანამშრომლები "ივერიონს" დაუკავშირდნენ, თუმცა ამ ეტაპზე, მათივე თხოვნით, მათ ვინაობას არ ვამხელთ. "კელაპტრის თანამშრომლები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსს გია თვალავაძეს კერძო კლინიკის უკანონო მფარველობასა და "კელაპტრის" ხელოვნურად "ჩაძირვაში" ადანაშაულებენ.
"კელაპტრის" მედპერსონალი აცხადებს, რომ 2012 წლის ზაფხულში ლაგოდეხში "არქიმედეს გლობალ-ჯორჯიას" კერძო კლინიკა გაიხსნა და "კელაპტარს" ამის შემდეგ შეექმნა პრობლემები.


"ჩვენს კლინიკას სახელგანთქმული ქირურგი გიორგი ლობჟანიძე ხელმძღვანელობს. მასთან პაციენტები კახეთის მთელი რეგიონიდან, ასევე მეზობელი აზერბაიჯანიდან მოჰყავთ. "არქიმედეს გლობალ-ჯორჯიას" კლინიკის გახსნის დღიდან შეექმნა პაციენტთა რაოდენობის პრობლემა. მათ არ ჰყავდათ ლობჟანიძის დონის ქირურგი და, საერთოდ, მაღალკვალიფიციური კადრების ნაკლებობა ჰქონდათ. ამიტომაც, მათ კლინიკაში ხალხი სამკურნალოდ არ მიდიოდა, ამან კი მათ ფინანური პრობლემები შეუქმნა. სამაგიეროდ, ძველებურ რეჟიმში მუშაობდა "კელაპტარი", ყოველგვარი პრობლემების გარეშე. თუმცა მალე გია თვალავაძეს დავალებით, "კელაპტარში" დაიწყო ფინანსური შემოწმება. სარევიზიო ჯგუფის წევრებს არ დაუმალავთ, რომ ეს შემოწმება ბიძინა ივანიშვილთანაც იყო დაკავშირებული, რადგან ჩვენს კლინიკას, სწორედ, ივანიშვილი აფინანსებდა. მათ მხოლოდ ლაგოდეხისა და საჩხერის საავადმყოფოები შეამოწმეს, ანუ მხოლოდ ივანიშვილის დაფინანსებული ორი საავადმყოფო. საჩხერისა და ლაგოდეხის საავადმყოფოებს სარევიზიო-ფინანსურმა ჯგუფმა სოლიდური ჯარიმა "აჰკიდა", რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა. იმედია, ახალი მინისტრი გაითვალისწინებს გია თვალავაძის თვითნებობასა და უკანონო მოქმედებას და სამართლიანობას აღადგენს", _ ამბობენ "კელაპტრის" თანამშრომლები.


"კელაპტრის" მედპერსონალი გია თვალავაძეს შსს-სთან თანამშრომლობაშიც ადანაშაულებს. "მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა შსს-სთან, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია მუდამ თვალს ხუჭავდა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში არსებულ მრავალ კანონდარღვევაზე, რადგანაც გენერალური ინსპექციის უფროსის მეუღლე თვალავაძემ თავის სამსახურში სამმართველოს უფროსად დანიშნა", _ აცხადებენ "კელაპტრის" თანამშრომლები.


ლევან ჯავახიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: