უცხოური კომპანიები ქართულ ბაზარს ტოვებენ

უცხოური კომპანიები ქართულ ბაზარს ტოვებენ

იქ, სადაც ამჟამად "აუთლეტის" მაღაზიაა გახსნილი, ჯერ კიდევ ორი კვირის წინ იტალიური ბრენდის "ალკოტის" ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იყიდებოდა. უცხოურმა კომპანიამ საქართველოს ბაზარი დატოვა.

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მუშაობის შეწყვეტას საშუალო ფენაზე გათვლილი სხვა მაღაზიებიც გეგმავენ.

 

ამ ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთი სპორტული ფეხსაცმელების მაღაზია "სკეჩერსია," რომელიც ქვეყნიდან, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გავა.

 

ამ თემაზე საუბარი არ სურთ, მაგრამ, სავარაუდოდ, ასევე საქართველოს ბაზრის დატოვებას გეგმავენ "პიაცა იტალია" და "პარფოისი."

 

ის ბრენდები, რომელთა შესახებაც ინფორმაცია გავრცელდა, საქართველოს ბაზარზე საერთაშორისო კორპორაცია IGR მეშვეობით შემოვიდნენ. კომპანიაში დღეს დეტალებზე არაფერს ამბობენ.

 

ცნობილი ბრენდების მიერ ქვეყნის დატოვების თუ პირობების გადახედვის მთავარ მიზეზად ოპოზიცია ქვეყანაში შექმნილ სავალუტო კრიზისს ასახელებს.

 

ნაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ ეს ცუდი მაგალითი იქნება სხვა უცხოელი ინვესტორებისთვისაც.

 

მმართველ გუნდში კი იმედი აქვთ, რომ სერიოზული ბრენდები ამ ეკონომიკურ მდგომარეობას გაუძლებენ.

 

ცნობილმა ბრენდებმა საქართველოდან გასვლა რამდენიმე თვის წინ დაიწყეს. ბაზარი უკვე დატოვა "მანგომ," "ტომ ტეილორმა," "რივერ აილენდმა," "დებენჰემსმა" და "123-მა." ჯერჯერობით უცნობია, დაიკავებს თუ არა მათ ადგილს სხვა რომელიმე ცნობილი ბრენდი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: