ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობა იზრდება!

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობა იზრდება!

საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ  ქვეყანა პრობლემებს გაუმკლავდეს, რათა რეგიონში მიმდინარე პრობლემებმა რაც შეიძლება უმტკივნეულოდ ჩაიაროს,ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
 

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში 2014 წელს 2013 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური  ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა.

"ეს იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ რეგიონში არსებულ ურთულეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას, რაც პრაქტიკულად შეეხო ყველას, მათ შორის საქართველოს. სწორედ ამ ფონზე არის განსაკუთრებით აღსანიშნავი ინვესტიციების შემოსვლის ზრდის ტენდენცია. ეს იმას ნიშნავს, რომ იზრდება ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი მთავრობის მიმართ", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განმარტებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წელს  1 მილიარდ 272 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

"გამოიკვეთა სამი უმსხვილესი სექტორი, რომლის წილმა 2014 წელს 64 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 343 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 27 პროცენტია. მეორე ადგილზეა მშენებლობა 295 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - გადამმუშავებელი მრეწველობა 174 მლნ აშშ დოლარით. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წლის IV კვარტალში 349 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2013 წლის IV კვარტალის წინასწარ მონაცემებს აღემატება 61 პროცენტით",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: