"ნაციონალური მოძრაობა" ვებერის წერილს ასაჯაროებს

"ნაციონალური მოძრაობა" ვებერის წერილს ასაჯაროებს

"გიგი უგულავასთვის  ახალი ბრალდებების წაყენება მხოლოდ იმ მიზნით, რომ იგი იმყოფებოდეს პატიმრობაში, აღქმულ იქნება, როგორც დასტური პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებისა და დააზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს",-ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის  "ევროპის სახალხო პარტიის" ფრაქციის თავმჯდომარის, მანფრედ ვებერის წერილში, რომელიც მან საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გაუგზავნა.

აღნიშნულ წერილს და მის თარგმანს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.

ვებერის წერილის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგი წერეთელმა ისაუბრა.

"ბატონო პრემიერმინისტრო,

მოგმართავთ ამ წერილით, ევროპარლამენტის ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის სახელით, რომლის თავმჯდომარეობის პატივიც მაქვს. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, თუმცა, როგორც მეგობრები ვალდებული ვართ, გაგიზიაროთ ჩვენი წუხილი იმ იმედით, რომ თქვენ და თქვენი მთავრობა გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც სასწრაფო გადაჭრას საჭიროებენ.

საქართველოში პირველად, არჩევნების გზით ხელისუფლების გადაცემის შედეგად ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან ორ წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  - ყოფილი მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიის  ბევრი ლიდერი და წევრი პატიმრობაში ან გამოძიების ქვეშ იმყოფება. ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური ლიდერებისა და ფიგურების მიმართ შერჩევითი სამართალი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები, შურისძიება და წინასწარი პატიმრობის ხშირი გამოყენება.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რომელიც მოიცავს იმ 14 ყოფილი თანამდებობის პირის 327 სასამართლო სხდომის მონიტორინგს, რომლებიც პასუხისგებაში იქნენ მიცემული 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მნიშვნელოვნად იქნა დარღვეული სამართლიანი სასამართლოს უფლება წინასწარი პატიმრობის ხშირი გამოყენების, საჯარო პირების მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის სისტემატიურად დარღვევისა და პროკურატურის საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევის შედეგად.

ამ თვალსაზრისით, გვსურს თქვენი ყურადღება მივაპყროთ "ენმ-ის" ერთერთი ლიდერის, თბილისის ყოფილი მერის, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "ენმ-ის" კამპანიის მენეჯერის, გიგი უგულავას საქმეზე, რომელიც დაკავებულ იქნა არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე და მოთავსებულ იქნა წინასწარ პატიმრობაში. ბ-ნი უგულავას წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა იწურება 3 აპრილს, რომლის გასვლის შემდეგაც იგი უნდა გათავისუფლდეს. თუმცა, არსებობს ნიშნები იმისა, რომ ბ-ნი უგულავას წინააღმდეგ მზადდება ახალი საქმე, რათა მისთვის შეფარდებულ იქნას მორიგი  წინასწარი პატიმრობის ვადა. მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის მიმართ ახალი ბრალდებების წაყენება მხოლოდ იმ მიზნით, რომ იგი იმყოფებოდეს პატიმრობაში, აღქმულ იქნება, როგორც დასტური პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებისა და დააზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს.

ევროპარლამენტის ევროპის სახალხო პარტიის ფრაქცია იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა ყურადღებით მოეკიდება ზემოაღნიშნულ წუხილებს, რათა შეასრულოს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, შესაბამისობაში მოვიდეს ევროპულ პრაქტიკასთან და წარმატებულად განაგრძოს ევროპული გზა. პატივისცემით,  მანფრედ ვებერი, ევროპარლამენტის  ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე",-წერია ვებერის წერილში, რომლის თარგმანსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: