მარიამ რამინაშვილი: დღევანდელი ხელისუფლების იდეოლოგები თავიანთი სკამების გადასარჩენად ამორალურ ქმედებებსაც არ ერიდებიან!

მარიამ რამინაშვილი: დღევანდელი ხელისუფლების იდეოლოგები თავიანთი სკამების გადასარჩენად ამორალურ ქმედებებსაც არ ერიდებიან!

“ივერიონს“  ესაუბრება საგანმანათლებლო ალიანსის თანათავმჯდომარე მარიამ რამინაშვილი.

 


-საქართველოს რამდენიმე რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უჩვენეს ფილმი “სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი“. თქვენი აზრით, ფილმში ასახული მოვლენების არასრულწლოვნებისთვის ჩვენება არის თუ არა ბარბაროსობა?


-საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, განურჩევლად მათი ასაკისა, პოლიტიკურ სიტუაციებში ნებისმიერი ფორმით გარევა - იქნება ეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი ჩართულობა- მიმაჩნია, რომ არის სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან ეს შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც ძალადობა არასრულწლოვანზე. სკოლა, როგორც აპოლიტიკური ორგანიზაცია, მსგავსი ქმედებებისგან უნდა იყოს აბსოლუტურად შორს ყველა იმ რეგულაციით, რითაც წესრიგდება მისი მუშაობის ცალკეული მიმართულებები.


მე ვნახე ეს ფილმი, ასევე, ის ფოტოკოლაჟი, რომელიც ფოიეში იყო გამოფენილი და აღშფოთებული ვარ, მისი ბავშვებისთვის ჩვენება გაცილებით დიდი დანაშაულია, ვიდრე იმ კადრებში ერთად აღებული დაუფარავი სცენები. ეს არის სისასტიკისკენ მიმართული ქმედება და ერთადერთი შედეგი შეიძლება მოჰყვეს - ყველას ერთად შემოგვიბრუნდეს ამ ბავშვებისგან სხვადასხვა ფორმით გამოვლენილ ძალადობაში.


-თქვენი აზრით, ვის უნდა დაბადებოდა ამგვარი ფილმის ბავშვებისათვის ჩვენების იდეა და რატომ არ შეუშალა ამას ხელი სკოლის დირექციამ, ადგილობრივმა განათლების რესურსცენტრმა თუ განათლების სამინისტრომ?


-ძალიან  ძნელია ასე ცალსახად ვინმეს დააბრალო, თუმცა  ერთი ნამდვილად შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა. შეიძლება ვიღაცისთვის არაპოპულარულიც კი იყოს ჩემი მოსაზრება, მაგრამ დარწმუნებით ვიტყვი, ყველაზე მეტად, ვისაც ამ აქტივობაში დანაშაული არ მიუძღვის, ეს ადგილობრივი რესურსცენტრი და სკოლის დირექციაა. მე მაქვს კონკრეტული მაგალითები სწორედ ამ რაიონებიდან,თუ  როგორ ჩაატარა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პირველი თუ მეორე სკოლის დირექტორების სერტიფიცირების პროცესი და მოგვიანებით გასაუბრებები  სკოლის დირექტორების წარსადგენად. არავისთვის უკითხავთ კანდიდატების შესაბამისობისა და თუ რეკომენდაციების შესახებ, გარდა ადგილობრივი თვითმართველობებისა, ყველა სკოლის დირექტორობის მსურველმა იცოდა, განსაკუთრებით ამ რაიონებში, თუ ,,მფარველად” და,, შუამავლად” სამინისტროსთან არ ეყოლებოდა ადგილობრივი თვითმართველობის ან რაიონული ქართული ოცნების რეკომენდატორი, არაფერი გამოუვიდოდა და ასეთის არმქონე ძალიან წარმატებული კადრები დარჩნენ კიდევაც სკოლის გარეთ, მაგალითად, ზუგდიდში, მე-2 საჯარო სკოლაში. ასე რომ, ვიდრე განათლების სამინისტრო არ შეარჩევს კადრებს მათი კომპეტენციისა და გამოცდილების მიხედვით და სკოლის ადმინისტრაციას არ ექნება განცდა, რომ მის ნებისმიერ სამართლიან და დასაბუთებულ, მაგრამ მმართველი პარტიისადმი არამაამებლურ გადაწყვეტილებას მისი სამინისტრო არ დაიცავს, ვიდრე სკოლებს არ გაუქრებათ განცდა, რომ ადგილობრივები და მმართველი პარტიის წარმომადგენლები წარადგენენ მათ სამინისტროს წინაშე, ასეთი ფაქტები ბევრი იქნება….


ჯერ თავად სამინისტრომ უნდა მოიპოვოს ისეთი ავტორიტეტი მთავრობაში, რომ მის დაქვემდებარებულ სტრუქტურებს, იმ შემთხვევაში, თუ დავუჯერებთ სანიკიძეს, რომ არაფერი იცოდა, მისი გვერდის ავლით დავალებები არავინ მისცეს. ისე, სამინისტროსთვის, მით უარესი, თუ არ იცოდა, ბევრად უარესი… ეს იმას ადასტურებს კიდევ ერთხელ, რომ მინისტრი ვერ მართავს და ვერ ფლობს განათლების სისტემაში მიმდინარე სიტუაციებს. ამ იდეის მშობლად, მე პირადად, “ქართული ოცნების“ გაუწონასწორებელი და ბოლო მოვლენებით დამფრთხალი იდეოლოგები მესახებიან, რომლებიც გადასარჩენად ამორალურ ქმედებებსაც არ ერიდებიან!


- როგორ ფიქრობთ, “ქართულ ოცნებას“ ისე გაუჭირდა, რომ სააკაშვილზე შურისძიების იარაღით ბავშვებს იყენებს?


-ასეთი მიდგომა არის ტოტალიტარული სახელმწიფოების მეთოდოლოგია, რომელიც მიმართულია საზოგადოებაში მტრის ხატის შექმნისა და აგრესიის გაღვივებისათვის.


ცნობილია, რომ, დღესდღეობითაც, კინოფილმების ჩვენება აქტიურად გამოიყენება  ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რათა საზოგადოებაში ცივილიზებული სამყაროს შესახებ მონსტრი შექმნან. ისტორიას ახსოვს, ფაშისტური მესამე რაიხი ასეთ მეთოდოლოგიას იყენებდა სწორედ ბავშვების მიმართ, რომელთაც აგრესიული იდეოლოგიით და მტრების მოდელების წარმოსახვით უწამლავდნენ ფსიქიკას (Hitlerjugendbewegung).


მე არ ვთვლი, რომ ეს აქტივობა ვიღაცის უგულისყურობის ან ზერელე დამოკიდებულების, ან თუნდაც მხოლოდ სააკაშვილზე შურისძიების გამო მიღებული გადაწყვეტილება იყოს. ჩვენ, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ანალიზით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მმართველი გუნდი გადარჩენისთვის ყველა ხერხს მიმართავს, მათ შორის  ამ მეთოდოლოგიასაც გამოიყენებს, ტოტალიტარიზმი შესაძლოა ესახებოდეთ საკუთარი მმართველობის გახანგრძლივების შესაძლებლობად.


- ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რა ემუქრებათ ბავშვებს, რომლებმაც უკვე ნახეს ფილმი?


-რაც შეეხება მოსწავლეებს, რომლებმაც ნახეს ეს კადრები, მიმაჩნია, რომ თითოეული მათგანისთვის სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა დაგეგმოს სწორად გააზრებული რეაბილიტაციის აქტივობა. რადგან  ეს, ერთი შეხედვით მხოლოდ პოლიტიკური აქტივობა, უფრო საშიში ქმედებაა, ვიდრე ის პოლიტიკურ ჭრილში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ამ ბავშვების ფსიქიკა დაზიანდა და იმის მიხედვით, თუ თითოეულის ინდივიდუალურ განსაკუთრებულობას გავითვალისწინებთ, შესაძლოა სხვადასხვა გამოვლინება მოჰყვეს, მათ შორის, ისეთი სახიფათო, როგორიცაა ქცევის კოპირება, ნერვული და ფსიქიური აშლილობა. ამიტომ განათლების სამინისტრომ აუცილებლად უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები, როგორმე შეძლოს ბავშვებში მომხდარი ფაქტით მიღებული ზიანის განეიტრალება.

                                ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: