არიან დღეს პოლიტიკური პატიმრები?!

არიან დღეს პოლიტიკური პატიმრები?!

ეს კითხვა რუსთაველზე მოსეირნეს „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტმა დამისვა.

- ვის გულისხმობთ პოლიტიკურ პატიმრებში და თქვენ როგორ გესმით პოლიტიკური პატიმარი? - კითხვაზე კითხვით მივუგე.

კოლეგა ჟურნალისტმა არც დააყოვნა, სხაპასხუპით ჩამომითვალა: მერაბიშვილი, ახალაია, უგულავა...

იარლიყებს არასდროს ვარიგებ და არც ამჯერად შემიძლია ვამტკიცო, არიან თუ არა სააკაშვილის კისერ-ხერხემალ-დუბინკები პოლიტპატიმრები, მაგრამ რადგან „რუსთავი-2“ საჩოთირო თემით დაინტერესდა, ეტყობა, ვიღაცას რაღაცაში სჭირდება მათი პოლიტპატიმრად შერაცხვა და მერე საერთაშორისო ასპარეზზე დღევანდელი ხელისუფლების არადემოკრატიულ მმართველად მოხსენიება.

მოდით, ვიდრე იმას გავარკვევდეთ, არიან თუ არა სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები პოლიტიკური პატიმრები, მანამდე დავაზუსტოთ, რას ნიშნავს პოლიტიკური პატიმარი და არის თუ არა არსებითი განსხვავება სისხლის სამართლის დამნაშავესა და არსებული პოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს შორის?

მე არ ვამტკიცებ, რომ მერაბიშვილი, უგულავა და ახალაია სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან (ეს საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივაა), მაგრამ გაუგებარია რატომ უნდა მივანიჭოთ მათ პოლიტპატიმრის სტატუსი?! და საერთოდ რამდენად სწორია, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ სააკაშვილის რეჟიმის მიერ სხვადასხვა „ბრალდებით“ დატუსაღებულ ორასზე მეტ თანამოქალაქეს პოლიტიკური პატიმრის იარლიყი მიაწება?

ჩვენში ყველაფერი დევალვირებულია და რა გასაკვირია, პოლიტპატიმრის სტატუსებსაც ასე „დუჟინებად“ ვარიგებთ, მაგრამ დღევანდელ ხელისუფლებას თავისი დანაპირები რომ შეესრულებინა და სააკაშვილის რეჟიმი დანაშაულებრივ პოლიტიკურ სისტემად ეღიარებინა, ახალაიას, მერაბიშვილის და უგულავას პოლიტპატიმრობაზე კითხვებიც არ დაისმებოდა. ამ ლოგიკით მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დათა ახალაია, სოსო თოფურიძე და მეგის ქარდავაც პოლიტდევნილები არიან, რაც სასაცილოა.

თუ პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები არა აქვს ზემოთხსენებული ყოფილი ჩინოვნიკების (ახალაია, მერაბიშვილი, უგულავა) დანაშაულის დასამტკიცებლად, რა თქმა უნდა, ისინი პოლიტიკურ ტუსაღებად ჩაითვლებიან.

ასეც რომ იყოს, ამ შემთხვევაში არა იმდენად პროკურატურის დაბალ კვალიფიკაციასთან გვექნება საქმე (როგორც ამას ხშირად ამბობენ), არამედ შორსგამიზნულ ავანტიურასთან, ანუ იმ სახიფათო თამაშთან, რომელსაც საზოგადოებისთვის თვალის ახვევა და არარსებით საკითხებზე ყურადღების გადატანა ჰქვია!

არ ვიცი, მავანი და მავანი რამდენად კარგად თამაშობს, მაგრამ ჩვენ უნიჭო მაყურებლებად რომ გვაქციეს, ცხადია.

ისე რას იტყვით, არიან უგულავა, მერაბიშვილი და ახალაია პოლიტპატიმრები?!

ანდრია ლისაშვილი.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: