ბატონო ირაკლი - ჩვენ გვინდა თავისუფლება, ხელისუფლებას კი არ უნდა ეშინოდეს სიმართლის!

ბატონო ირაკლი - ჩვენ გვინდა თავისუფლება, ხელისუფლებას კი არ უნდა ეშინოდეს სიმართლის!

ტელეკომპანია "თრიალეთის" ღია წერილი პრემიერ-მინისტრს.

ბატონო პრემიერ მინისტრო,

გვინდა კითხვა დაგისვათ, რომ როდის იყავით გულრწფელი? მაშინ, როცა რეგიონის გუბერნატორებს მოუწოდეთ ხალხთან მეტი კომუნიკაციისკენ, თუ მაშინ, როდესაც თქვენი პრესკონფერენციის დროს, "თრიალეთის" ჟურნალისტის დასმულმა კითხვამ გაგაღიზიანათ? მან ხომ ზუსტად ის კითხვა დასვა, რომ ხალხი ამბობს, გუბერნატორი მათ არ ხვდებათ და არ იცნობენ მას. 

ბატონო პრემიერ მინისტრო, ჩვენს ტელევიზიაში ჟურნალისტებს კითხვებს არ უწერენ. კარგი იქნებოდა, მიკროფონი არ გამოგერთოთ და ბოლომდე მოგესმინათ მისთვის. კარგი იქნებოდა, დაინტერესებულიყავით, რომ იქნებ მართლაც არ არის ისე კარგად საქმე ჩვენს რეგიონში, როგორც თქვენ გგონიათ. იქნებ, მართლაც შეგესწავლათ საკითხი, თუ როგორ მუშაობს თქვენი გუბერნატორი და კმაყოფილია თუ არა რეგიონის მოსახლეობა. იქნებ შეგესწავლათ სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, სადაც უამრავი ბრალდებაა ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ.

თქვენ ხომ, ფაქტიურად დაავალეთ გუბერნატორს სასამართლოში უჩივლოს ჟურნალისტს? არ არის ეს მედიაზე ზეწოლა? 

თქვენ თქვით, რომ გუბერნატორმა, ან დაადასტუროს, რომ ფლობს ბიზნესებს, ან სასამართლოს მიმართოს. თქვენ, მართლა ფიქრობთ, რომ გუბერნატორი მართლა დაადასტურებს, თუ რამე ბიზნესს აკონტროლებს? ან გუბერნატორი ბიზნესებს თავის სახელზე გააფორმებს? თქვენ, ხომ ამით ხელი შეუწყეთ გადაფაროს, თუ მართლაც აქვს დაფარულად რამე ინტერესები?

თქვენ გინდათ, რომ ჟურნალისტმა არ გააშუქოს საპირისპირო ინფორმაცია? გინდათ, რომ გავჩუმდეთ და დავმალოთ ხალხის მოუგვარებელი პრობლემები?

თქვენ არ თვლით, რომ ჟურნალისტი, მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გეხმარებათ, რომ უფრო კარგად გაიგოთ თუ რა ხდება ჩვენს რეგიონში?

თუ თვლით, მაშინ, მოგვისმინეთ და დაავალეთ, შეისწავლონ ყველა საკითხი. 

მართლაც, გავიდა ჩვენს ეთერში სიუჟეტები, სადაც ადამიანები აცხადებენ, რომ გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსის მამამ, მათ წაართვა მიწის ნაკვეთი, სადაც, მათი განცხადებით, აპირებენ გახსნან შამპანურის ქარხანა. ისინი აცხადებენ, რომ ეჭვი აქვთ გუბერნატორის ინტერესებზე, რადგანაც მიწის ნაკვეთი გუბერნატორის უახლოესმა გარემოცვამ წაართვა, ხოლო როდესაც მიმართეს გუბერნატორს, მისგან ვერ მიიღეს მხარდაჭერა.

ჩვენთან მრავალჯერ გავიდა სიუჟეტი გორის სასათბურე მეურნეობის გაჩერების და უამრავი ადამიანის უმუშევრად დატოვების შესახებ, სადაც მოსახლეობის წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიები და ესპანელი ინვესტორები, აცხადებდნენ, რომ სათბურები ხელოვნურად იყო გაჩერებული და ამაში გუბერნატორის და მისი ახლობლის, გორის მერის ინტერესებს ასახელებდნენ.

მრავალი სიუჟეტი გასულა, სადაც მოსახლეობა აცხადებდა, რომ გუბერნატორი ხალხს არ ხვდება და შენობაშია ჩაკეტილი.

ყველა ეს სიუჟეტი, მხოლოდ მოსახლეობის ინტერესებით კეთდებოდა, ხოლო რაც შეეხება გუბერნატორის განცხადებას, რომ "თრიალეთმა" მას მიმართა წერილით, სადაც სარეკლამო ხელშეკრულებას სთავაზობდა, ეს იყო გამოწვეული, მათი მოთხოვნებიდან, რომ "თრიალეთს", როგორც ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიას, მათი პიარი უფასოდ უნდა ეკეთებინა. და რატომ აფრიალებს გუბერნატორი ამ წერილს? დანაშაულია სარეკლამო შეთავაზება? უფასოდ უნდა გაუკეთოს ტელეკომპანიამ რეკლამა?

ვაცხადებთ, რომ მიუხედავად ხელისუფლების მიერ გაკეთებული არაერთი განცხადებისა, რომ მედია გათავისუფლდა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ, რომ ჩვენი რეგიონის და ჩვენი ტელევიზიის მაგალითზე, ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ტელეკომპანია "თრიალეთი" რეგიონის ხელისუფლებისგან განიცდის ზეწოლას! 

შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, დანიშვნის დღიდან, გვებრძვის ზუსტად იმავე მეთოდებით, როგორც წინა ხელისუფლების გუბერნატორი გვებრძოდა! 

მაშინაც და ახლაც, ჩვენთვის ჩაკეტილია ხელისუფლების შენობის კარები, და ახლა უარესი. ის შენობა, სადაც არის გამგეობაც და გუბერნატორის მისაღებიც, დაკეტილია და დაცვა იცავს მთავარი შენობის კარებს და ამასთანავე, გუბერნატორის სართულის დერეფანი არის გადაკეტილი და ჩაკეტილია ელექტრო საკეტით. 

შემოღებულია ახალი წესი, რომ ჟურნალისტი, რომელიც რომელიმე სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრისთვის, ნახევარი დღის ქუჩაში ლოდინის შემდეგ აიღებს საშვს, თუ ინტერვიუს შემდეგ დასჭირდა, იქვე, სხვა თანამდებობის პირის მონახულება, მას დაცვა აიძულებს შენობა დატოვოს და ახალი საშვის აღებას კიდევ საათები უნდა ელოდოს.

ზეწოლის ფაქტებია ის, რომ ჩვენს ყოველ სიუჟეტს, რომელიც გუბერნატორისთვის არ არის მოსაწონი, მოსდევს ტელეკომპანიის სხვადასხვა ჟურნალისტებთან მისი შეხვედრა და ტელეკომპანიის ხელმძღვანელებთან შენიშვნებისა და გაფრთხილებების დაბარება! 

ზეწოლაა, როდესაც გუბერნატორი და რეგიონის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები თავს არიდებენ ტელეკომპანიის, ხალხისთვის საინტერესო შეკითხვებს, გარდა მათი პიარისა!

ზეწოლაა, როდესაც გუბერნიის და მერიის სამსახურების ხელმძღვანელები, სამუშაო საათებში თუ დასვენების დღეებში, აქტიურად ჩართულები არიან ინტერნეტის საიტებზე და საჯაროდ და ერთხმად, ტელეკომპანია "თრიალეთის" კრიტიკას, ქილიკებს და ლანძღვას უნდებიან! 

ამ ლანძღვაში ჩართულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის თანამშრომელიც, რის უამრავი ფაქტიც არსებობს!

ზეწოლაა, როდესაც ტელეკომპანია "თრიალეთი" (და არა მარტო "თრიალეთი") ობიექტურად გააშუქებს სხვადასხვა ორგანიზაციების და მოსახლეობის წარმომადგენლების მიერ დაყენებულ საკითხს გორის სასათბურე მეურნეობის მუშაობის ხელოვნურ გაჩერებაზე და ამ დროს "თრიალეთის" წინააღმდეგ გორის მერი აკეთებს საჯარო განცხადებას და ქარტიის საბჭოში საჩივრის შეტანით იმუქრება. და ამით, კიდევ ერთხელ საჯაროდ ახდენს სახელისუფლებო სამსახურების წაქეზებას ტელეკომპანიის წინააღმდეგ. 

გორის მერი, ტელეკომპანიის წინააღმდეგ საჩივრის შეტანით იმუქრება და არა მათ მიმართ, ვინც სიუჟეტში, მის წინააღმდეგ დაუფარავად აკეთებენ განცხადებებს.

ზეწოლაა ის, რომ გორის მერი, მისი და გუბერნატორის არ მოსაწონი სიუჟეტის გამო, საქვეყნოდ ბრალს გვდებს, თითქოს ტელეკომპანია "თრიალეთი" "ქართულ ოცნებას" ებრძვის! 

ბატონო პრემიერ მინისტრო,

ჩვენ ვერ შეგვაშინებს გუბერნატორის განცხადების სასამართლოში შეტანა! ჩვენ იქაც დავამტკიცებთ სიმართლეს და პროკურატურაშიც, და არა მარტო აქ ხსენებული ფაქტებით.

ჩვენ არ დავიხევთ უკან!

ჩვენ ვაცხადებთ, რომ აუცილებლად გავაგრძელებთ ისეთივე პრინციპით მუშაობას, როგორც აქამდე ვმუშაობდით. 

ჩვენ ყოველთვის გავაშუქებთ ხელისუფლების მიერ გაკეთებულ კარგ საქმეებს. მათ წარმატებას და კმაყოფილ მოსახლეობას, მაგრამ აუცილებლად გავაშუქებთ ისეთ სიუჟეტებსაც, როდესაც სხვადასხვა ორგანიზაციები ამხელენ გუბერნატორს ნათესავების მფარველობაში. ბიზნეს ინტერესებში. ბრალს დასდებენ უმოქმედებაში და უძრაობაში. გავაშუქებთ ყველა განცხადებას, რომ გუბერნატორი არ ხვდება ხალხს . და რომ, მოსახლეობას თვალით არ უნახავთ ზურაბ რუსიშვილი. 

ჩვენ ვაცხადებთ, რომ გუბერნატორი ვერანაირი ზეწოლით ვერ შეგვაჩერებს მისთვის არ მოსაწონი სიუჟეტების გაშვებაში, თუმცა აქვე ვაცხადებთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ იქნება არც ერთი სიუჟეტი არაობიექტური და მათ ყოველთვის ექნებათ თანაბრად პასუხის გაცემის საშუალება.

მოგმართავთ , მოახდინოთ საკითხის შესწავლა და მოახდინოთ რეაგირება, რომ ახალმა გუბერნატორმა შეაჩეროს ჩვენთან ბრძოლა და ზეწოლა. 

ჩვენ გვინდა, რომ რეგიონის ხელისუფლებას არ ეშინოდეს სიმართლის! 

ჩვენ გვინდა თავისუფლება! 

ჩვენა არ გვინდა, რომ ახალი ხელისუფლების დროსაც გრძელდებოდეს მედიაზე ზეწოლა, რადგანაც ჩვენთვის არა აქვს მნიშვნელობა, ზეწოლას მოახდენდა, ადრე არსოშვილი, თუ ახლა რუსიშვილი!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: