ხვალ ამინისტიის შესახებ კანონს პარლამენტში განიხილავენ

ხვალ ამინისტიის შესახებ კანონს პარლამენტში განიხილავენ

ხვალ პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს განიხილავენ.

წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, სასჯელისგან თავისუფლდებიან პირობით მსჯავრდებული პირები სასჯელის ვადისა და დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად. სასჯელისგან თავისუფლდებიან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთაშეფარდებული მსჯავრდებულები. ამ მიმართულებით ამნისტია "სისხლის სამართლის კოდექსის" მხოლოდ 15-მდე მუხლით მსჯავრდებულ პირს არ შეეხება.

პროექტის მიხედვით, ასევე სასჯელისგან თავისუფლდებიან მიმდინარე წლის 6 ნოემბრამდე გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირები, ხოლო ამავე პერიოდამდე ჩადენილ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა, აგრეთვე გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულთა გამო აღძრული საქმეები ყველა საგამოძიებო ორგანოში შეწყდება. მათ არც სასამართლოები განიხილავენ.

პროექტის ერთ-ერთი მუხლის გათვალისწინებით, სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო წლებში დამკვიდრებული არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის გამო, ამნისტიის აქტის მიღების დღემდე დაპატიმრებულ ყველა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირს მოსახდელი (დარჩენილი) სასჯელის ვადა 1/3-ით უნდა შეუმცირდეს.


დანაშაულთა ერთობლიობის შემთხვევაში სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით სხვადასხვა მუხლებით შეფარდებული სასჯელის შემთხვევაში, ამნისტია თითოეული მუხლით დანიშნული სასჯელისათვის ცალ-ცალკე იმოქმედებს.


"ამნისტიის პროექტი" ნასამართლეობის მოხსნასაც ითვალისწინებს.


ბოლო წლებში სასამართლოების მიერ გამოტანილ განაჩენთა ნდობის დაბალი მაჩვენებლის ფონზე კი, "ამნისტიის პროექტის" ინიციატორებს ამნისტირებულ პირთათვის სასჯლისგან გათავისუფლების პარალელურად ნასამართლობის მოხსნაც მიზანშეწონილად მიაჩნიათ.

ამნისტია არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმა იქნა შეფარდებული. ასევე დამატებითი სასჯელი, რომელიც თავის დროზე ამნისტირებულ მსჯავრდებულებს შეეფარდათ, ძალაში რჩება და კანონის ამოქმედება მასზე არ გავრცელდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: