ბესიკ ხარძიანი დათა ახალაია-გია უდესიანის ბინძურ ტანდემს შეეწირა?

ბესიკ ხარძიანი დათა ახალაია-გია უდესიანის ბინძურ ტანდემს შეეწირა?

მოკლული ბესიკ ხარძიანი კუს ტბის აქციების ერთ-ერთი მფლობელი იყო. წლების განმავლობაში სხვა ბიზნესსაც ფლობდა. ხარძიანი 2011 წლის თებერვალში ნარკოტიკების მოხმარებისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკვეს. მან ორი წელი გაატარა ციხეში. თუმცა ბრალდებას უარყოფდა. სასჯელაღსრულების დაწესბულების დატოვების შემდეგ მუდმივად აცხადებდა,  რომ უსაფუძვლოდ დააპატიმრეს და ორი წლის განმავლობაში არადამიანურ პირობებში უწევდა ყოფნა. აღნიშნულზე ხარძიანი ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს და აცხადებს, რომ გია უდესიანისა და დათა ახალაიას ტანდემს შეეწირა.

"2011 წლის 16 თებერვალს დამაკავეს გმირთა მოედანზე, ჩამიდეს ნარკოტიკული საშუალება, პირშიც ჩამაყარეს ნარკოტიკი და გლდანის ციხეში გამამწესეს. ჩემი სიცოცხლისა და თავისუფლების სანაცვლოდ, ჩემს ოჯახს წილის დათმობა აიძულეს (მინდობილობა ოჯახის წევრებზე მქონდა გაფორმებული). წინა ხელისუფლების მთავარი ზონდერი გია უდესიანი ჩემს დას 5-6-ჯერ შეხვდა, ჩემს ძმას კი სცემა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ციხეში ჩემზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედება. მოკლედ, იძულებით დამათმობინეს კომპლექს "კუს ტბის" აქციები. რა თქმა უნდა, მომატყუეს, არ გამათავისუფლეს და 2 წელი გავატარე პატიმრობაში. რომ არა ახალი ხელისუფლება, ალბათ, ცოცხალიც არ ვიქნებოდი. დათა ახალაია-გია უდესიანის ბინძურ ტანდემს შევეწირე და დღეს "კუს ტბის" აქციების 43% ბადრი ქურასბედიანისა და გია უდესიანის ხელშია. ეს ადამიანები ამოეფარნენ კომპანიას ოფშორში, რომელიც "უოლმილ სერვისის" სახელით არის დარეგისტრირებული. სანამ ეს ამბები მოხდებოდა, 5 მილიონი გადამახდევინეს, იმ პირობით, რომ "კუს ტბის" თაობაზე არ შემეხებოდნენ. ასევე, შემომთავაზეს პარლამენტარობა და მთხოვეს კენჭი მეყარა, რაზეც უარი ვუთხარი. ასევე, მთავაზობდნენ სხვისთვის წართმეულ ბიზნესებს, მაგ. "ჟინვალჰესი" უნდა წაერთმიათ ბიზნესმენ ჭიჭინაძისთვის და ჩემთვის გადმოეცათ, ამაზეც არ დავთანხმდი. მოკლედ, არ ვიყავი "მათიანი" და ამიტომაც დამსაჯეს. სხვათა შორის, "კუს ტბის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში უდესიანის თანამზრახველი იყო მხედრიონელი ირაკლი შიხიაშვილი - საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ვეტერანთა დეპარტამენტის ამჟამინდელი უფროსი. შიხიაშვილი ცდილობდა, "კუს ტბა" არაბებზე გაეყიდა, მაგრამ ვერ მოახერხა. 

საკრებულოს არჩევნების წინ შიხიაშვილი ცდილობდა, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მეხუთე ნომრად სააკაშვილის ხელისუფლების მთავარი ზონდერი გია უდესიანი ჩაესვა. თუმცა, კახა კალაძემ დროზე მიიღო ზომები და ეს ამბავი დაბლოკა...

უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში პროცესი მოვიგე, საქმის განხილვა სააპელაციომ დაიწყო. სანამ უზენაეს სასამართლოშიც არ მოვიგებ პროცესს, გამარჯვებაზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა, ისეთი პირი უჩანს, რომ ასეც იქნება. მაგრამ მე სხვა რამ მაინტერესებს: პროკურატურა ძალიან ნელი ტემპით - 2 წელია იძიებს ჩემს საქმეს. როგორც გავიგე, ჩემს საქმეს ბლოკავდნენ პროკურატურაში", - აცხადებდა ბესო ხარძიანი.

წყარო: "კვირისპალიტრა"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: