ახალი მტკიცებულებები გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში-რა ინფორმაციას მალავს კომპანია „ალდაგი“?

ახალი მტკიცებულებები გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში-რა ინფორმაციას მალავს კომპანია „ალდაგი“?

რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც გურამ შარაძის მკვლელობის მოწმეებს ჩვენების მიცემას სთხოვს.

„ყველას მოგეხსენებათ, რომ ჩატარდა ფირის, რომელზეც მამაჩემის მკვლელობაა აღბეჭდილი, ექსპერტიზა. ჯერჯერობით, მკვლელის სიმაღლის დადგენა ვერ ხერხდება (რაც პირდაპირ სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" ნამუსზეა, რადგან ეს კომპანია არ იძლევა ინფორმაციას, თუ რა წარმომავლობის კამერა ეყენათ მკვლელობის მომენტში, მელიქიშვილის გამზირზე).

სამაგიეროდ, მოხდა ფირის ხარისხის გაუმჯობესება და დღეს, ხელთ გვაქვს ფირი, სადაც მოწმეთა სახეები კარგად ჩანს. გამოძიებისთვის მათი იდენტიფიცირება პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ადრე თუ გვიან, ამ მოწმეებს პროკურატურა მაინც მიაკითხავს და დაკითხავს. პროკურატურას რა უჭირს, დიდი ალბათობით, იგივე უნდა შეეძლოს არამზადა სააკაშვილის მკვლელების ბანდასაც, ოღონდ, დაკითხვის მაგივრად, შეიძლება, შუბლში ტყვია დააჭედონ და ეს ისე მოხდება, რომ კაციშვილი ვერ დაადგენს მიზეზს.

მივმართავ მამაჩემის მკვლელობის მოწმეებს, ოღონდ, ზეწოლად ნუ ჩამითვლით. ზეწოლა რომ მინდოდეს, ახლავე გამოვაქვეყნებდი ფოტოებს. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, თქვენით გამოდით და მოყევით (თავად დაგაკავშირებთ პროკურატურასთან, ვინაობის საჯაროდ გამხელის გარეშე), თუ რა ნახეთ თქვენი თვალით 2007 წლის 20 მაისს, მელიქიშვილის გამზირზე. ამით თქვენც დაისვენებთ და მკვლელობის გახსნაც გაადვილდება. რაც მთავარია, მოიხდით ვალს გურამ შარაძის წინაშე, რომელიც თქვენს უკეთეს მომავალს შეეწირა. გახსოვდეთ, რომ ყბადაღებული და უკვე გულისამრევი სიტყვა - სამართლიანობის აღდგენა, ყველა ჩვენთაგანიდან იწყება“-წერს რუსუდან შარაძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: