თინა ხიდაშელი: ხელისუფლება პასუხისმგებელია ყველაფერზე, კარგზეც და ცუდზეც!

თინა ხიდაშელი: ხელისუფლება პასუხისმგებელია ყველაფერზე, კარგზეც და ცუდზეც!

"როდესაც ქვეყანაში ხდება ამ დონის ანგარიშსწორება და კრიმინალი, ბუნებრივია, ხელისუფლების მიმართ დაისმება კითხვა, რატომ ვერ მოახერხა ამის პრევენცია. ნუთუ არ შეეძლო მას რამის გაკეთება, რომ უკვე მეორე ასეთი ხმაურიანი მკვლელობის წინაშე არ დამდგარიყო ქვეყანა. ხელისუფალი პასუხისმგებელია ყველაფერზე, კარგზეც და ცუდზეც", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, "რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი.

დეპუტატი იმ მოდელზეც საუბრობს, რომელსაც "რესპუბლიკური" პარტია ემხრობა და რაც მაჟორიტარული სისტემიდან მთლიანად პროპორციულზე გადასვლას გულისხმობს. ხიდაშელი ამბობს, რომ ეს პროცესი ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს.

- საარჩევნო სისტემის შესახებ "რესპუბლიკური" პარტიის პოზიცია ცნობილი ახლა არ გამხდარა. ჩვენ ეს პოზიცია გვაქვს მას შემდეგ, რაც პარტია არსებობს სახელისუფლებო თუ საკანონმდებლო სივრცეში.

"რესპუბლიკურ" პარტიას ეს ხედვა ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჰქონდა წარდგენილი. ეს არის ჩვენი ხედვა, მაგრამ ბუნებრივია, ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვიღებთ პარტნიორებთან ერთად. ჩვენს ხედვასა და პოზიციებს არ ვმალავთ და ვერც დავმალავთ, იმიტომ, რომ ეს დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ როგორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ამას ჩვენ ყველანი ერთად ვნახავთ.

-"ქართული ოცნების" პოზიცია თუ იცით, რომელიც ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებს?

- მათი პოზიცია ჩემთვისაც უცნობია, იმიტომ, რომ მე ამ კონსულტაციებში არ ვმონაწილეობ.

- თუ შეიძლება თქვენი პოზიცია კიდევ ერთხელ აუხსენით საზოგადოებას, რატომ ემხრობით ისეთ მოდელს, რომელიც მაჟორიტარულ სისტემას არ გულისხმობს?

-ძალიან მარტივი მიზეზის გამო. მიგვაჩნია, რომ ეს სისტემა, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული სისტემაა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაჟორიტარული სისტემა დემოკრატიული არ არის. მსოფლიოში ძალიან ბევრი სისტემაა დემოკრატიული, მათ შორის მაჟორიტარულიც. ამას მათ გასაგონად ვამბობ, ვინც მისი დემონიზაციით არის დაკავებული.

მაგალითად, ამერიკის სენატში (ამერიკაში პარლამენტი ორპალატიანია, ზედა პალატას წარმოადგენს სენატი, ხოლო ქვედას კონგრესი ავტ:) დეპუტატებს მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ, ისევე როგორც მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში, თუნდაც იგივე საფრანგეთში.

რასაც ჩვენ ვითხოვთ, ამ სისტემის ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ის იძლევა საშუალებას, საკანონმდებლო ორგანოში სრულად იყოს უზრუნველყოფილი წარმომადგენლობითობა, ანუ მოსახლეობის ინტერესების წარმომადგენლობითობას ამ სისტემის არსებობის პირობებში მივიღებთ.

ამ სისტემის არსებობის დროს გამორიცხულია ის სიმახინჯეები, რაც "ნაცმოძრაობას" წლების განმავლობაში ჰქონდა დანერგილი, ვგულისხმობ იმას, რომ ყველა მანდატი მიჰქონდა გამარჯვებულ პარტიას.

- "ოცნების" წარმომადგენელმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ უცებ ვერ ვიტყვით უარს არსებულ მოდელზე და ვერ გადავალთ ახალ სისტემაზე...

- ვეთანხმები ბატონ გიას. ამ თემაზე საუბარი აბსოლუტური კატეგორიებით არასწორია. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიჩვეულია, რომ რაიონს ჰყავს მაჟორიტარი. მივიდეს მასთან და თავის ყველა პრობლემაზე ელაპარაკოს. ახლა მიხვიდე და უთხრა საზოგადოებას, რომ მაჟორიტარი აღარ გეყოლება, ამას შესაძლოა, უარყოფითი შედეგი ჰქონდეს.

- ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ იმ მოდელზე, რომელსაც ითხოვთ?

-კი. მთავარია ჩვენ დავინახოთ, როგორი გვინდა იყოს ქვეყნის წარმომადგენლობით ორგანოში არჩევნები და შესაძლებელია ეტაპობრივი გეგმა. დაახლოებით ისეთი, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გავაკეთეთ. კოდექსის ერთი ნაწილი შარშან ჩატარებული არჩევნების დროს შევიდა ძალაში, მეორე ნაწილი კი 2017 წლის არჩევნების შემდეგ შევა ძალაში.

- ამ შემთხვევაში როგორ წარმოგიდგენიათ, რა ნაწილი უნდა ამოქმედდეს 2016 წლის არჩევნებზე და რა უკვე შემდეგ არჩევნებზე?

- თქვენ ძალიან ბევრს ითხოვთ ჩემგან. ახლა ვერ მოგიყვებით ამას, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს უნდა იყოს კონსულტაციებისა და კონსენსუსის შედეგი.

- საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. ამ შემთხვევაში რა პოზიცია აქვთ "რესპუბლიკელებს"?

- რესპუბლიკური პარტია თავისი არსით გულისხმობს იმას, რომ ის რომელიმე ერთ კაცზე აწყობილი სისტემის წინააღმდეგია. იქნება ეს მონარქია, თუ საპრეზიდენტო მმართველობა.

- პრეზიდენტი უნდა აირჩეს პირდაპირი არჩევნების გზით, როგორც ახლაა, თუ ირიბით?

- კლასიკურ საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტებს პირდაპირი არჩევნების წესით არ ირჩევენ. მგონი, ამ შემთხვევაშიც გასაგებია ჩვენი პოზიცია. ჩვენ კლასიკოსები ვართ და კლასიკურ საპარლამენტო მმართველობას ვუჭერთ მხარს.

- მოკლულია ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი, რასაც თქვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დაპირების - სამართლიანობის აღდგენის შეუსრულებლობას უკავშირებენ. ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ ვერ უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეების დაცვას. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

- ამ ამბების გამოძიებას სამართალდამცავების მხრიდან დიდი მოთმინებით ველოდები. იმედი მაქვს, რომ საქმის გახსნას დიდი ხანი არ დასჭირდება. ამ თემაზე რამე სახის სპეკულაციები გაუმართლებლად მიმაჩნია. ეს არის ძალიან მძიმე თემები, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან მტკივნეულ საკითხებს ეხება.

ხარძიანის მკვლელობა ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია, ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. იმედი მაქვს, რომ სამართალდამცავები მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში გასცემენ პასუხებს ყველა იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ჩვენ ყველანი ერთად აღმოვჩნდით.

 

- ძალიან ბევრი საქმე არ არის ბოლომდე მისული და უამრავი საქმე გამოსაძიებელია. ამ ფონზე ხედავთ თუ არა თქვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს?

-გამოძიებასთან დაკავშირებით სიტყვა დროული ძალიან პირობითად მეჩვენება. არავინ იცის, რა არის დროული და რა - არა, იმიტომ, რომ ჩვენ არ მიგვიწვდება ხელი იმ ქმედებებზე, რომელსაც სამართალდამცავები ახორციელებენ. ხელისუფლება როგორი ადეკვატური და ძლიერიც უნდა იყოს, პასუხისმგებლობა მაინც მასზე იქნება.

როდესაც ქვეყანაში ხდება ამ დონის ანგარიშსწორება და კრიმინალი, ბუნებრივია, ხელისუფლების მიმართ დაისმება კითხვა - რატომ ვერ მოახერხა ამის პრევენცია. ხომ არ შეეძლო მას რამის გაკეთება, რომ უკვე მეორე ასეთი ხმაურიანი მკვლელობის წინაშე არ დამდგარიყო ქვეყანა. ხელისუფალი პასუხისმგებელია ყველაფერზე, კარგზეც და ცუდზეც.

მეორე საკითხია, როგორ ეკიდება პასუხისმგებლობას ხელისუფლება, მისი ვალია დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მსგავსი რამე არ ხდებოდეს და აღარ განმეორდეს, თორემ კრიმინალი ყველა ქვეყანაში ხდება. ამ კითხვაზე პასუხს ხელისუფლება არჩევნებზე მიიღებს.

- ადასტურებთ თუ არა, რომ თქვენ ხართ წარდგენილი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ?

-ამას ვადასტურებ, ეს საჯაროა უკვე და ოფიციალური.

- კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო კავკასიისა და დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატთან დაკავშირებით. შეთანხმდნენ თუ არა "ოცნება" და "ფორუმი"?

- ამ კითხვაზე მე ვერ გიპასუხებთ, რამეთუ მე არ ვყოფილვარ კონსულტაციებში ჩართული.

- იყო თუ არა "რესპუბლიკური" პარტიის მოთხოვნა, რომ ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურა თქვენი პარტიის კვოტით უნდა ყოფილიყო წარდგენილი?

- ჩვენი მხრიდან ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა. ეს ჩემთვის ცოტა შეურაცხმყოფელია. გეთანხმებით, რომ არსებობს პოლიტიკური თამაში, მაგრამ ამასთანავე არსებობს რეალობა. მგონია, რომ უმრავლესობამ ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო. "რესპუბლიკურ" პარტიას კი დამატებითი კვოტები ნამდვილად არ სჭირდება პარლამენტში.

 

წყარო: http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=2&id_artc=24222

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: