თამარ სანიკიძე: სიცრუეა, თითქოს მე მოვხსენი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი

თამარ სანიკიძე: სიცრუეა, თითქოს მე მოვხსენი ხელნაწერთა  ეროვნული ცენტრის დირექტორი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებს გამოეხმაურა. 

"ცენტრის დირექტორთან ორი წელი ვიმუშავე ძალიან კონსტრუქციულად და კიდევ ერთხელ შენობასთან, დაფინანსების ზრდასთან და სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებით, ერთადერთი, რასაც ვიღებდი ხელნაწერთა ცენტრისგან, ეს იყო მადლობა. 2012 წლამდე ცენტრი მუშაობდა 275-ათას ლარიანი ბიუჯეტით, არ ჰქონდათ ელემენტარული საშუალება, რომ რამე გაეკეთებინათ და ჩვენ ეს გავაკეთეთ. დავიწყეთ გარკვეულ საქმეებში ჩახედვა. შეიცვალა ერთადერთი და ეს არის ის, რომ ამ ორგანიზაციაში აუდიტი შევიდა", - განაცხადა სანიკიძემ.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა აღნიშნა, 2012 წლამდე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ყურადღებას არ აქცევდნენ.

"საცავების მოწესრიგება დავიწყეთ. პროგრამების დაფინანსება დავიწყეთ. ასევე გავზარდეთ დაფინანსება. ყველანაირად ხელი შევუწყვეთ და ამის ინიციატორი პირველ რიგში მე ვიყავი, როდესაც ვთქვი, რომ არ შეიძლება, ცენტრი ფუნქციონირებდეს ასეთ პირობებში და ამას სჭირდება შესაბამისი შენობა და შესაბამისი ხელშეწყობა. ყოველივე ამ სამუშაოს მერე მე სხვა ახსნა-განმარტება არ მაქვს, გარდა იმისა, რომ მას უნდა თავისი პიროვნების წინ წამოწევა და გაიგივება ხელნაწერებთან. საბოლოო ჯამში, თქვენ გადახედეთ წინა პერიოდებს და ნახავთ, რომ ეს არ არის პირველი მცდელობა", - განაცხადა სანიკიძემ.

განათლების მინისტრის თქმით, სიცრუეა ის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი განათლების მინისტრმა თანამდებობიდან მოხსნა.

"ბევრჯერ განაცხადეს, რომ მე მოვხსენი ცენტრის დირექტორი პოზიციიდან, ეს არის ცრუ ინფორმაცია. მოვალეობის შემსრულებელი როდესაც ინიშნება და მას უფლებამოვალეობის ვადა ეწურება, რა უნდა გააკეთოს სამინისტრომ? მითუმეტეს, როდესაც კანონიც იმავე ვალდებულებებს წარმოშობს, რომ ან გამოაცხადოს კონკურსი და დანიშნოს დირექტორი კონკურსის წესით, ან მეორე შემთხვევა, როდესაც რეაგირება არ ექნება სამინისტროს და მოვალეობის შემსრულებელს ვადა ამოეწურება და ცენტრი დირექტორის გარეშე დარჩება", - განაცხადა სანიკიძემ.



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: