"ბორჯღალოსნები" "საკურებს" „მიხეილ მესხზე“ დახვდებიან

"ბორჯღალოსნები" "საკურებს" „მიხეილ მესხზე“ დახვდებიან

ხვალ  "მიხეილ მესხზე" საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იაპონიასთან ტესტ-მატჩს გამართავს. "ბორჯღალოსანთა" ახალზელანდიელმა თავკაცმა მილტონ ჰეიგმა  23-კაციანი შემადგენლობა და 15-კაციანი სასტარტო გუნდი დაასახელა.


საქართველოს ნაკრები ძლიერ მეტოქეს საბრძოლო შემადგენლობით ხვდება, თუმცა ტრავმათა გამო მაინც მოისაკლისებს რამდენიმე წამყვან მოთამაშეს - ვასილ კაკოვინს, ჯაბა ბრეგვაძეს, გიორგი ჩხაიძეს და დიმიტრი ბასილაიას.


გუნდში არიან და იაპონიასთან თამაშს სასტარტოში დაიწყებენ ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მელელოვე ირაკლი მაჩხანელი, საუკეთესო მექულე მერაბ კვირიკაშვილი და გუნდის ლიდერი მამუკა გორგოძე. ასევე სასტარტო შემადგენლობაშია 35 წლის კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე, რომელიც ნაკრებში 83-ე მატჩს გამართავს და ამ მხრივ, ის ეროვნული გუნდის რეკორდსმენია.


მართალია, იაპოანიასთან შეხვედრა "ამხანაგურის" სტატუსს ატარებს, რაც საერთაშორისო რაგბიში "ტესტ-მატჩად" იწოდება, მაგრამ ეს თამაში "ბორჯღალოსნებისთვის" მაინც ძალზე მნიშვნელოვანი და პრინციპულია.


იაპონია მსოფლიო რაგბიში მეორე ეშელონის ნაკრებთა რიგშია ისევე, როგორც საქართველო. "ბორჯღალოსნებს" "საკურებთან" ერთადერთხელ უთამაშიათ - 2006 წელს, როდესაც შეთხელებული შემადგენლობით ესტუმრნენ და ოსაკაში 7:32 წააგეს.


ამჟამად იაპონია ევროპაში ტურნეს მართავს. ერთი კვირის წინ ბუქარესტში 34:23 მოუგო საქართველოს პრინციპული მეტოქე "რუმინეთს" და ამ გამარჯვების შემდეგ მსოფლიო რეიტინგში მე-15 პოზიციაზე ჩაენაცვლა საქართველოს, ასე რომ, თუ "ბორჯღალოსნები" შაბათს მის დამარცხებას შეძლებენ, ამ პოზიციას დაიბრუნებენ.


იაპონია შვიდივე მსოფლიოს თასის მონაწილეა და მსოფლიო რაგბიში ყველასთვის ანგარიშსაწევ ძალად ითვლება. ეს გუნდი თამაშობს სწრაფად და გაშლილად, ხოლო მის სისუტედ ჩაითვლება მსუბუქი შერკინება. "ბორჯღალოსნები" შინ განსაკუთრებით კარგად თამაშობენ - თბილისში არ წაუგიათ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში.


დღეს  “ბორჯღალოსნებმა” “მიხეილ მესხზე” ბოლო ვარჯიში გამართეს.


შეხვედრა ხვალ 15:00 საათზე დაიწყება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: