დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდება

დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები  იაპონიას დაუპირისპირდება

"ბორჯღალოსნები" თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იაპონიის ნაკრებს უმასპინძლებენ. 

 

საქართველოს ნაკრები ძლიერ მეტოქეს საბრძოლო შემადგენლობით ხვდება, თუმცა ტრავმათა გამო მაინც მოისაკლისებს რამდენიმე წამყვან მოთამაშეს - ვასილ კაკოვინს, ჯაბა ბრეგვაძეს, გიორგი ჩხაიძეს და დიმიტრი ბასილაიას. სასტარტო შემადგენლობაში არიან ნაკრების ყველაზე მეტი ლელოს ავტორი ირაკლი მაჩხანელი, ყველაზე შედეგიანი მოთამაშე და ყველაზე მეტი ქულის მომპოვებელი მერაბ კვირიკაშვილი და გუნდის ლიდერი მამუკა გორგოძე. ასევე სასტარტო შემადგენლობაშია 35 წლის კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე, რომელიც ნაკრების შემადგენლობაში დღეს 83-ე მატჩს გამართავს და ამ მხრივ ეროვნული გუნდის რეკორდსმენია. 

 

მართალია, იაპოანიასთან შეხვედრა "ამხანაგურის" სტატუსს ატარებს, რაც საერთაშორისო რაგბიში "ტესტ-მატჩად" იწოდება, მაგრამ ეს თამაში "ბორჯღალოსნებისთვის" მაინც ძალზე მნიშვნელოვანი და პრინციპულია.

 

შეგახსენებთ, რომ იაპონია მსოფლიო რაგბიში მეორე ეშელონის ნაკრებთა რიგშია ისევე, როგორც საქართველო. "ბორჯღალოსნებს" "საკურებთან" ერთადერთხელ უთამაშიათ - 2006 წელს, როდესაც შეთხელებული შემადგენლობით ესტუმრნენ და ოსაკაში 7:32 წააგეს.

 

შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: