პურის ხარისხის კვლევის საგანგაშო შედეგები

პურის ხარისხის კვლევის საგანგაშო შედეგები

სუპერმარკეტებისა და მაღაზიების დიდ ნაწილში პურის შენახვის ნორმები დაუდევრად ირღვევა. საქართველოში სარეალიზაციო პურის 60%-ს დართული აქვს არასწორი ეტიკეტი, ხოლო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მხრივ არსებულ დარღვევათა მასშტაბი 70%-ს აღწევს.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია "ეტიკის" კვლევა, რომელიც პურის ხარისხსა და წონას ასახავს, თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. ორგანიზაციის თავმჯდომარის ამირან შენგელიას ინფორმაციით, კვლევის შემდეგი ეტაპი პურის ნედლეულის შესწავლას დაეთმობა. მისივე თქმით, კვლევის შედეგიდან გამომდინარე, ყველაზე ცუდი მდგომარეობა დაფიქსირდა აჭარაში, რამაც შეიძლება კურორტის იმიჯზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

 

"მომხმარებლების მხრიდან ყველაზე მეტი კითხვა პურის ხარისხს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, დავიწყეთ კვლევა და 200-ზე მეტი ობიექტი შევამოწმეთ. სამეგრელოს გარდა, თითქმის მთელი საქართველო მოვიარეთ, თუმცა მომავალში ამ რეგიონსაც ჩავრთავთ. ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდა. სამწუხაროდ, პრობლემა ყველგან დაგვხვდა, მათ შორის, დიდ ქალაქებშიც, სადაც მომხმარებელს შეძენილი პურის ხარისხისა და წონის შესახებ ელემენტარული წარმოდგენაც არ აქვს. შეიძლება ითქვას, რომ წონის პრობლემა პურის ბაზარზე მასობრივია. ეტიკეტზე მითითებულ წონასა და რეალურს შორის სხვაობა ხშირად 20-100 გრამის ფარგლებშია, თუმცა ეს ინფორმაცია ყველა ეტიკეტზე არ არის. ფასი კი პურის წონას არ შეესაბამება. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მომხმარებლის უმეტესობამ არ იცის, რა წონის პურს ყიდულობს. ამასთან, შეუფუთავ პურს ეტიკეტი არ აქვს და პურთან დაკავშირებულ ინფორმაციას მყიდველი ვერც გამყიდველისგან იღებს. სავაჭრო ობიექტებში პურის წონითა და ხარისხით დაინტერესებულ ადამიანებს პასუხობენ, რომ ეს ქარხნების კომპეტენციაა, თუმცა სინამდვილეში ისინიც არიან ვალდებულნი, გასაყიდი პროდუქტის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას ფლობდნენ და მომხმარებელი შეცდომაში არ შეიყვანონ", - აცხადებს შენგელია და დასძენს, რომ მისთვის გაუგებარია ის პრინციპიც, რითაც სავაჭრო ობიექტები პურის ფასის განსაზღვრისას მოქმედებენ.

 

"დახლებზე წარმოდგენილი პურის უმეტესობას არ აწერია ვარგისიანობა, ეტიკეტზე მითითებულია, რომ შენახვის ვადა არის 73 საათი, მაგრამ გამოშვების თარიღი არ აქვს და მყიდველმა საიდან უნდა დაიწყოს ათვლა? ფასზე აღარაფერს ვლაპარაკობ, ერთი და იგივე დასახელების პური სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში განსხვავებულ ფასში იყიდება. თუმცა, ეს საბაზრო ეკონომიკის პრინიპია და ვერ შევეწინააღმდეგებით, უბრალოდ, გაუგებარია ფასის დადგენისას რა პრინციპით მოქმედებენ მაღაზიები. როგორც ჩვენმა კვლევამ აჩვენა, პურის შეფუთვის მხრივაც პრობლემაა. ე.წ. ცელოფნის პარკში შეფუთული პური 72 საათის განმავლობაშიც ვერ ძლებს, უხარისხოა, რაც შეიძლება ცხლად შეფუთვის ბრალიც იყოს.

 

ერთ-ერთი მთავარი ნიუანსი, რაც შემდგომში პურის გაფუჭებასაც იწვევს, არის პურის სწრაფი შეფუთვა, მხედველობაში მაქვს ის, რომ მწარმოებლები ხშირად პურის გაციებას არ ელოდებიან და ისე ფუთავენ პურს, ეს კი მოგვიანებით ამ პურის დაობებას იწვევს. სამწუხაროდ, არც ამ მხრივ არსებობს რამე რეგულაცია. მაღაზიებში პურის შენახვის პირობებიც დარღვეულია", - აცხადებს ამირან შენგელია.

 

კიდევ უარესი მდგომარეობაა თონეებსა და საცხობებში, სადაც უხეშად არის დარღვეული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და წონასთან დაკავშირებული პრობლემაც ბევრად მწვავეა.

 

"კვლევისას რამდენიმე ისეთ თონეს წავაწყდით, სადაც ელემენტარულად, არ აქვთ წყალი და ვედროებით ეზიდებიან საცხობებში. ასეთ დროს პურს შეიძლება დაემართოს "კარტოფილის" სახელწოდებით ცნობილი დაავადება, რომელიც უსიამოვნო სუნით ხასიათდება და ჯანმრთელობისთვის საშიშია. გამოცხობის შემდეგ თონეში პურს არავინ წონის, ამბობენ, რომ 500 გრ ცომი გამოიყენება თითო შოთი პურის გამოცხობაში, მაგრამ რეალური წონა 400 გრამიც არ არის. მთლიანობაში, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ეს არის კვლევის პირველი ეტაპი, სამომავლოდ პურის ნედლეულის შესწავლას დავიწყებთ. ცხადია, კვლევა შავი პურის ხარისხზეც გვექნება, რომელიც ჯერჯერობით ვერ მოხვდა მიმდინარე კვლევაში",- დასძენს შენგელია.

 

კვლევის ავტორების ინფორმაციით, პურის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ მონაცემებს სურსათის უვნებლობის სამსახურს გადასცემენ. მომხმარებელთა უფლებადამცველებს დიდი იმედი აქვთ, რომ შესაბამისი სტრუქტურა ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს და პურის ხარისხითაც დაინტერესდება. საქართველოს სტრატეგიული კვლევის ცენტრის წარმომადგენელი ლია თოდუა ამბობს, რომ ქვეყანაში პურის ცხობის ერთიანი სტანდარტი არ არსებობს, ხოლო ხარისხის ელემენტარული კონტროლი არ ხორციელდება.

 

"სტანდარტი იმისა, კომპანიამ რამდენი საფუარი, რამდენი ფქვილი და ა.შ. უნდა იხმაროს პურის გამოცხობის დროს, არ არსებობს, რაც შეეხება პურის ხარისხის კონტროლს, ის არავის ევალება, თუმცა შეიძლება იყვნენ კომპანიები, რომლებიც ამას ახორციელებდნენ. დღეისათვის ხარისხი არ რეგულირდება, რეგულირდება მხოლოდ პურის უვნებლობა, ხოლო ხარისხის შემოწმება ნებაყოფლობითია. პურის ხარისხის გარჩევა მთლიანად მომხმარებელზეა მინდობილი. მაგალითად, პურის ეტიკეტზე როდესაც გვაქვს მითითებული, რომ მასში გამოყენებულია ამდენი ხორბლისა და ამდენი ჭვავის ფქვილი, ეს უნდა იყოს ზუსტად დაცული. თუ საღებავია დამატებული, ესეც უნდა იყოს მითითებული, ანუ პურის წარმოებაში გამოყენებული ინგრედიენტები უნდა იყოს ზუსტად ასახული ეტიკეტზე, რის შემდეგაც მომხმარებელი უკვე თავად შეარჩევს, თუ რომელ პროდუქტს მიანიჭოს უპირატესობა", - აცხადებს ლია თოდუა.

 

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: