ირაკლი კაკაბაძე: „ვგეგმავთ ღარიბაშვილის დამპალი მთავრობის დამხობას“

ირაკლი კაკაბაძე: „ვგეგმავთ ღარიბაშვილის დამპალი მთავრობის დამხობას“

"თანასწორობის ფრონტის" ერთერთი დამფუძნებელი ირაკლი კაკაბაძე აჯანყების მანიფესტს აქვეყნებს და "ფეისბუქში წერს, რომ იწყება აჯანყება - "რომელიც ბოლოს მოუღებს ჩერჩეტი ღარიბაშვილის და მისი მარიონეტული ხელისუფლების ბატონობას"
"აჯანყების მანიფესტი
ვგეგმავთ ღარიბაშვილის დამპალი მთავრობის დამხობას. რადგანაც ამ მთავრობამ არც ერთი პირობა არ შეუსრულა ამომრჩეველს. რადგან ამ მთავრობამ არ დაგვანახა სამართალი. იმის მაგივრად რომ სამართალი მოეტანა, აქეთ დახოცეს ხალხი - უმოწყალოდ მოკლეს იური ვაზაგაშვილი, ბესო ხარძიანი, ეროსი კიწმარიშვილი, და სხვები. რადგანაც ამ მთავრობამ გააგრძელა წინა მთავრობის მიერ დაწყებული ხალხის ძარცვის პოლიტიკა. რადგან ეს მთავრობა ღარიბს ართმევს და მდიდარს აძლევს. რადგან ეს მთავრობა არ ასწავლის არაძალადობას სკოლებში და ამით ძალადობას ამკვიდრებს. რადგან ეს მთავრობა ნეოლიბერალი ბანდიტების მთავრობაა, რომლებიც უბრალო ადამიანის ძარცვაზე აგებენ თავის ძალაუფლებას. რადგან ამ მთავრობამ დაივიწყა ქართული მრავალჟამიერის ტრადიცია და მხოლოდ მდიდარი უმცირესობის მსახურია და ღატაკი უმრავლესობა ყვავ-ყორნებს მიუგდო საჯიჯგნად. რადგან ამ მთავრობის პირობებში ნაცისტური დანაშაულებები მთლიანად რეაბილიტირებული იქნა. რადგან ეს მთავრობა არ ზრუნავს ადამიანის შრომის უფლების დაცვაზე - რადგან ეს მთავრობა ადამიანის სოციალურ უფლებას არ მიიჩნევს ადამიანის უფლებად. რადგან რეგვენი ღარიბაშვილის მთავრობა არანაირად არ წარამოადგენს ქართველ ხალხს - არც გულით და არც სულით - და მითუმეტეს ჯიბეები გამოტენილი აქვს მხოლოდ პრემიებით დარიგებული ფულით - ჩვენ ეს მთავრობა უნდა გავისტუმროთ პოლიტიკურ საიქიოში. საქართველოში დრო მოვიდა პირდაპირი დემოკრატიის. დრო მოვიდა იმისა რომ ხალხმა ოირდაპირ მართოს - ეგრეთწოდებული ლიბერალური ინსტიტუტების გარეშე - რადგან ბოლო 23 წლის გამოცდილებამ გვაჩვენა -რომ მას მერე რაც ხალხის არჩეული ლიდერი ზვიად გამსახურდია დაამხო ქართულმა ვაი-ბურჟუაზიამ ქართველი ხალხი და საქართველოს მოსახლეობა ყველას დაავიწყდა. დღეს არის ერთეული მდიდარი ბანდიტების მმართველობა - ხალხის უმრავლესობა მონობაშია ან გარბის საქართველოდან. 1990 წლის აღწერით საქართველოში 5,5 მილიონი მოსახლე იყო - წლევანდელი აღწერის შედეგებით კი მხოლოდ 3,7 მილიონია დარჩენილი. ნეოლიბერალიზმმა მოაწყო ქართველი ერის და საქართველოს კანონიერი მოსახლეობის (მისი ყველა ეროვნული უმცირესობის) ფაქტობრივი გენოციდი. 2 მილიონამდე ადამიანის დაკარგვა ახალი პოლიტიკური სტრუქტურის პირობებში არის გენოციდის ტოლფასი. 1990 წლის მერე არ ჩატარებულა არცერთი არჩევნები, რომლებიც არ გაყალბდა 'ნეოლიბერალური ელიტის' მიერ - ქვეყანას მართავენ ეს ბანდიტები - ზოგს სად აქვს თავისი სასახლე წამოჭიმული და ზოგს სად. მათ ხალხი სულ ფეხზე ჰკიდიათ. ნაცისტური რეჟიმის არჩევნებით გადაგდების შემდეგ ჩვენ ამ ეგრეთწოდებულ 'ოცნებას' 2 წლის პერიოდი მივეცით რომ სიტუაცია მოეწესრიგებინა და ხალხისთვის სამართლიანობის და სოციალური დემოკრატიის გრძნობა დაებრუნებინათ. ეს არ მოხდა. უფრო მეტიც - ეს ეგრეთწოდებული 'ოცნება' ხალხს საშიშ სიზმრად ექცა - სადაც ის ყოველ დღე შიმშილით კვდება სიღატაკეში და სადაც მას დროდადრო კლავენ.
ამიტომ ერთადერთი გზა არის აჯანყება ამ მოღალატე კაციჭამიების წინააღმდეგ. ეს მდიდარი ბანდიტები ვერ და არ უშველიან ქართველ ხალხს. ხალხმა თვითონ უნდა აიღოს ხელისუფლება საკუთარ ხელში.
დღეიდან იწყება აჯანყება - რომელიც ბოლოს მოუღებს ჩერჩეტი ღარიბაშვილის და მისი მარიონეტული ხელისუფლების ბატონობას და ხალხს დაუბრუნებს საქართველოს. იმ ქვეყანას, რომელიც მას 1992 წლის შეიარაღებული აჯანყებით წაართვეს.
არ დაემორჩილოთ ჩერჩეტი ღარიბაშვილის ხელისუფლებას!
წამოვხტეთ და მაგიდაზე ავიდეთ ამ ძალადობის სისტემის წინააღმდეგ!
ხალხი თვითონ უნდა მართავდეს ქვეყანას და არა მდიდარი ბანდიტები!
არ დაემორჩილოთ ჩერჩეტი მარიონეტების ლოგიკას!
დადექით მონობის ლოგიკაზე მაღლა!
იყავით თავისუფალი!",-წერს ირაკლი კაკაბაძე

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: