გიგლა აგულაშვილი: „ სპეციალისტები ამას თავის დროზე პროგნოზირებდნენ, მაგრამ საკითხი იგნორირებული იყო “

გიგლა აგულაშვილი: „ სპეციალისტები ამას თავის დროზე პროგნოზირებდნენ, მაგრამ საკითხი იგნორირებული იყო “

სამწუხაროდ, შეცდომაში გაჯიუტება ძვირი დაგვიჯდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა სტიქიის მიზეზებზე საუბრისას განუცხადა. 

 

"აშკარაა, რომ წყლის ღვარცოფულმა მასამ ვერ გაიარა იმ არტახებში, მილებში, რომელიც კონსტრუირებულ იქნა ვაკე-საბურთალოს გზის პროექტის ფარგლებში. სპეციალისტები ამას თავის დროზე პროგნოზირებდნენ, მაგრამ საკითხი იგნორირებული იყო. სამწუხაროდ, ასეთი იგნორირება, მე ვიტყოდი, შეცდომაში გაჯიუტება, ძვირი დაგვიჯდა. დაგვიჯდა ადამიანების სიცოცხლედ და დაგვიჯდა ძვირი, მატერიალური თვალსაზრისით. ასეთი ნალექი ბევრჯერ ყოფილა და სხვა დროს კიდევ უფრო მეტი ნალექი იყო. გუშინ თბილისში, სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ინტენსივობის წვიმა იყო. ამან ბიძგი ოცამდე მეწყრულ პროცესს მისცა. ყველაზე დიდი მონაკვეთი, ეს იყო 1420-მეტრის სიმაღლის მთა, მასზე არსებული ტყე და თიხის მასა და როცა ის მოწყდა, ყველაფერი ქვემოთ ჩამოირიცხა. ჯერ მოხდა ჩაკეტვა, ჩაკეტვის შედეგად დაგუბებული წყლის გარღვევა. ეს მთლიანი მასა წამოვიდა, ახალდაბიდან თბილისამდე თავისუფლად გამოაღწია და როგორც კი ქალაქის ტერიტორიაზე შემოვიდა, იმ ადგილებში, სადაც პროექტის განხორციელების შემდეგ ახალი არხები, გვირაბები გაჩნდა, იქ სადაც მდინარე შევიწროვდა, ასეთი შედეგი მივიღეთ", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გიგლა აგულაშვილმა.

მინისტრის თქმით, მიღებული სამწუხარო გამოცდილების გათვალისწინებით, სპეციალისტებთან ერთად უნდა მოხდეს საკითხის შესწავლა, თუ როგორ შეიძლება განხორციელებული პროექტის გადაპროექტება და სამომავლოდ რისკებისგან თავის დაზღვევა. 

„ინტერპრესნიუსი“

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: