რატომ არ იჭერენ ირაკლი კაკაბაძეს?

რატომ არ იჭერენ ირაკლი კაკაბაძეს?

დაბეჯითებით ძნელია იმის თქმა, ვის თამაშს თამაშობს „თანასწორობის ფრონტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, საკმაოდ ოდიოზურ ფიგურად ცნობილი ირაკლი კაკაბაძე, მაგრამ მისი ბოლოდროინდელი „მანიფესტი“-მოწოდება სათანადო შეფასებას რომ საჭიროებს, ფაქტია.

კაკაბაძე თავისი „აჯანყების მანიფესტში“ მოგვიწოდებს, ბოლო მოვუღოთ „ჩერჩეტი ღარიბაშვილის და მისი მარიონეტების ხელისუფლების ბატონობას“. იგი არ მალავს, რომ გეგმავს „ღარიბაშვილის დამპალი მთავრობის“ დამხობას და იმ მიზეზებსაც ასახელებს, თუ რატომ უნდა მოვიქცეთ ასე.

კაკაბაძის ჩამონათვალში ბევრი რამ სამწუხარო რეალობაა და ამაზე კანონიერი პრეტენზიები საზოგადოებასაც უნდა გააჩნდეს, მაგრამ, არ მესმის, რა შუაშია ყველაფერ ამასთან ღარიბაშვილი და იქნება თუ არა მისი „ბანდიტური მთავრობის“ დამხობა ქვეყნისთვის გამოსავალი?!

ჯერ ერთი, ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციით იკრძალება და იგი სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება!

მეორეც, კაკაბაძე არ აკონკრეტებს, როგორ, რა საშუალებებით (შეიარაღებული აჯანყებით თუ გა-და-დე-ქი, გა-და-დე-ქის ძახილით) აპირებს ღარიბაშვილის მთავრობის დამხობას!

მესამეც, მთავრობა არჩევითი ორგანო არ არის, მას კონსტიტუციურად საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს და პარლამენტი ამტკიცებს. აქედან გამომდინარე, ღარიბაშვილის „დამპალი“ მთავრობის დამხობით დღევანდელი ხელისუფლება მაინც არ იცვლება - ღარიბაშვილის „ფესვებზე“ სხვა ღარიბაშილი ამოიზრდება!..

მაშინ, რა ამოძრავებს ირაკლი კაკაბაძეს? რატომ გაეჩხირა ყელში ისედაც განტევების ვაცად ქცეული ირაკლი ღარიბაშვილი?

რაც არ უნდა ვისაუბროთ კაკაბაძის ოდიოზურობაზე და მის ფსიქიკურ ანომალიებზე, წყალი არ გაუვა, რომ იგი ვიღაცის დავალებას ასრულებს - თუ ვინ შეიძლება იყოს ის ვიღაც, კატეგორიულად მტკიცება ძნელია.

მავანნი ფიქრობენ, რომ კაკაბაძის ინიციატივის მიღმა, ამ ბოლო ხანებში საკმაოდ აღზევებული „რესპუბლიკელები“ დგანან, რომლებიც ჯავრს იყრიან ღარიბაშვილის ადრინდელ უცენზურო (დამამცირებელ) გამონათქვამებზე. ბუნებრივია, ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება.

არის განსხვავებული ვერსიაც - საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ კაკაბაძე ბიძინა ივანიშვილს ახმოვანებს, რადგან მას უკვე გადაწყვეტილი აქვს ღარიბაშვილის მოშორება და ამის გაკეთებას სწორედ ხმაურიან ფონზე აპირებს!

უკვე საუბარია ღარიბაშვილის შემცვლელზეც - სავარაუდოდ მომავალი პრემიერი დღევანდელი ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი იქნება, რომელმაც „ქართუ ბანკში“ მუშაობის პერიოდში აშკარად დაუმტკიცა ივანიშვილს ერთგულება და მინისტრის პორტფელის ჩაბარების შემდეგაც ხმაურიანი განცხადებებით და ხისტი გამონათქვამებით გამოირჩევა.

ძნელი სათქმელია, როგორი პრემიერი იქნება ნოდარ ჯავახიშვილი და აღადგენს თუ არა იგი დღევანდელი მთავრობის შელახულ რეპუტაციას (არა მგონია, მარტო ქიზიყურმა „ინექციებმა“ უშველოს!), მაგრამ, თუ ხელისუფლებამ ირაკლი კაკაბაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყო, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი სწორედაც რომ ივანიშვილის რუპორია!

საბა საბახტარაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: