რა ეშველება „გავეტოებულ“ საქართველოს?“

რა ეშველება „გავეტოებულ“ საქართველოს?“

პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ „ბანკების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე დადებული ვეტო ისევ დაძლია. ალბათ ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ეს ასეც მოხდებოდა.

 

მიუხედავად ამისა, „ვეტოობანას“ თამაში მაინც აქტუალური იყო საზოგადოებისთვის - ეტყობა, მას მუდმივად სანახაობა სჭირდება, თორემ, ძალიან კარგად იცის, რომ ვეტოს დაძლევა-არდაძლევით ქვეყანაში არსებითად არაფერი არ შეიცვლება - რაც არ უნდა კარგი კანონი გვქონდეს, ან  უკვე მიღებულ კანონებში არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე ვიზრუნოთ, რა აზრი აქვს, თუ კანონმა არ იკანონა?

 

საქართველოში კი კანონმორჩილება უცხო „ხილია“ და საჭიროების შემთხვევაში „ქოთანს“ რომელი მხრიდანაც სჭირდება, იმ მხრიდან აბამენ ყურს.

 

ის, რომ დღევანდელი საბანკო ვაკხანალიის გათვალისწინებით საბანკო ზედამხედველობის სამსახური ქადაგიძის მორჩილებაში არ უნდა იყოს, ცხადია, მაგრამ მარტო ქადაგიძე რომ არ არის ლარის კურსის კატასტროფულად გაუფასურების მიზეზი, ამაშიც მალე დავრწუმდებით. ლარის კურსის დავალვაციას გარდა ქადაგიძის ავანტიურიზმისა, სხვა შიდა ფაქტორებიც უწყობს ხელს და ეს „შიდა ფაქტორები“ ეკონომიკის არაგონივრულად მართვას, ან უფრო სწორი ვიქნები თუ ვიტყვი, უმართაობას უკავშირდება.

 

კი, ბატონო, გამოვიყვანეთ საზედამხედველო სამსახური ქადაგიძის დაქვემდებარებიდან, მალე ქადაგიძესაც გავისტუმრებთ, მაგრამ, არა მგონია ამან ჩვენს გასაცოდავებულ ლარს უშველოს, თუ ეკონომიკის აღორძინების (ეფექტიანად მართვის) სტრატეგიას და ტაქტიკას არ შევიმუშავებთ.

 

ახლა იმაზე უნდა ვიმტვრიოთ თავი, აქვს თუ არა ასეთი სტრატეგია-ტაქტიკის შემუშავების პოლიტიკური ნება ამ ხელისუფლებას?! ან, იქნებ, არა აქვთ საკმარისი რესურსი, ეფექტიანად მართონ სახელმწიფოს ეკონომიკა?

 

ერთადერთი, რაც ბოლოდროინდელი ხელისუფლებების უნაკლო ხელწერად შეიძლება ჩაითვალოს, დროის გაყვანის და ცრუ მოლოდინის (ცრუ დაპირებების) ტაქტიკაა, რომელმაც სრულად გააღატაკა და მასობრივი ნეკროზისკენ წაიყვანა საზოგადოება.

 

აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის მიერ წამოწყებულ „ვეტობანას“ თამაშს მხოლოდ მისი არსებობის შეხსენების ფუნქცია აქვს და გაგრძელდება მანამ, სანამ ეს თამაში ხალხს ყელში არ ამოუვა!

 

როცა ასეთი თამაში სისტემურ ხასიათს იღებს, მარტო მარგველაშვილი არ ტყუის. ჩვენ კი მედლის მეორე მხარე თითქმის ყოველთვის გვავიწყდება.

 

რა ეშველება „გავეტოებულ“ საქართველოს?!

 

ანდრია ლისაშვილი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: