ირაკლი ღარიბაშვილმა დიდ დიღომში მდებარე "ლელო სარასენსის" სარაგბო ბაზა გახსნა

ირაკლი ღარიბაშვილმა დიდ დიღომში მდებარე "ლელო სარასენსის" სარაგბო ბაზა გახსნა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს დიდ დიღომში მდებარე "ლელო სარასენსის" სარაგბო ბაზა გახსნა.

 

"მინდა აღვნიშნო, რომ ეს ბაზა სრულად დაფინანსდა ბიძინა ივანიშვილის მიერ. მოგეხსენებათ, რომ ბატონმა ბიძინამ რაგბის განვითარების პროგრამა ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში უკვე აშენებულია 7 ბაზა. ეს არის მეშვიდე, რომელზეც დაახლოებით 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ჯამში ბატონი ბიძინას მიერ, 55 მილიონი ლარია უკვე დახარჯული.

 

ჩვენს ქვეყანას აქვს აბსოლუტურად თანაბარი ბაზები, ისეთი როგორიც ევრპაშიც კი არ არის, განცვიფრებულები არიან ჩვენი შოტლანდიელი მწვრთნელები და პარტნიორები. ისინი ნატრულობენ ასეთ ბაზებს თავიანთ ქვეყნებში. სწორედ ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მანდატი, არის ის, რომ ასეთი ბაზები აქვს ჩვენს რაგბს. შედეგად, ჩვენი რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა, ბატონი გია ნიჟარაძე და მისი გუნდი მოტივირებულია, რომ ჩვენმა მორაგბეებმა კიდევ მეტი გამარჯვება მოგვიტანონ და გვასახელონ. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო განსაკუთრებული წვლილი ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ქართუ ფონდის, რომელიც უნიკალურ საქმეს აკეთებს რაგბის განვითარების საქმეში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ბაზა რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფონდ "ქართუს" დაფინანსებით მოეწყო. მისი აშენებისთვის 5 მილიონ 640 ათასი ლარი დაიხარჯა. "ლელო სარასენსი" ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყო. ბაზაზე განთავსებულია 2 სათამაშო მოედანი. ბუნებრივსაფარიანი მოედანი 1 750 მაყურებელზეა გათვლილი, ხოლო მეორე, ხელოვნურსაფარიანი სტადიონი სპორტსმენების სავარჯოშოდაა მოწყობილი. კომპლექსი აღჭურვილია საკონფერენციო, სატრენაჟორო და მოსასვენებელი ოთახებით, VIP, PRESS და მატჩის კომისრის ლოჟებით, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის კაბინეტებით. "ლელო სარასენსის" ტერიტორია 2 ჰექტარს მოიცავს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: